სპეცოპერაცია ზუგდიდში

ბოკერია: მძევლის დემონიზება გაუგონარია, ეს მხოლოდ ივანიშვილის რეჟიმმა შეიძლება იკადროს

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი და ფოთში, ხობსა და სენაკში მაჟორიტარობის კანდიდატი, გიგა ბოკერია, სამთავრობო მედიის მიერ თავდამსხმელის მიერ აყვანილი მძევლის დისკრედიტაციის კამპანიასა და მის პოლიტიკურ კუთვნილებაზე აქცენტირებას გამოეხმაურა.

ბოკერიამ ასევე ისაუბრა პუტინისტი გიორგი გაბედავას შესახებაც, რომელმაც ზუგდიდში ევროპული საქართველოს ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატის, გიგი უგულავასა და პარტიის აქტივისტების წინააღმდეგ დემარშის მოწყობა სცადა.

"ძალიან სამარცხვინოა ის, რაც ჩვენ ვიხილეთ ივანიშვილის პროპაგანდისტულ ორგანოებში, ის სიგნალი, რაც ივანიშვილის პროპაგანდამ დაიწყო მისივე დავალებით, სხვა დასკვნის საფუძველი მე არ მაქვს - მძევლების დემონიზება, ეს გაუგონარი ამბავია.

ახლა ზუგდიდში მოხდა ინციდენტი ამ ხელისუფლების მიერ დაქირავებული ეს პროპუტინური მოძალადე ჯგუფები რომ არიან, თუ არ ვცდები, გაბედავა მივარდა იქ, ამ გზავნილით, რომ მძევლის მიერ არის თურმე პროვოცირებული ეს ყველაფერი, წინა ხელისუფლებაზე საუბრობს, პოლიტიკურ კუთვნილებაზე ამ მძევლის. ეს გაუგონარი ამბავია - მძევლის პოლიტიკურ კუთვნილებაზე დემონიზების კამპანია, ეს მარტო ივანიშვილის რეჟიმმა და მისმა დაქირავებულმა, ამ სამარცხვინო პროპუტინურმა ჯგუფებმა, აი, ამ გაბედავამ შეიძლება იკადრონ". – თქვა მან.

ბოკერიას თქმით, ბუნებრივია, რომ ასეთი კრიზისის დროს დისკუსია ქვეყანაში არსებულ კრიმინოგენურ მდგომარებაზე ჩნდება. მან დაამატა, რომ ივანიშვილის პირობებში ეს მდგომარეობა ყოველდღიურად უფრო მძიმდება, მისი ხელისუფლებაში დარჩენილი პირობებში კი კატასტროფა გველოდება.

"და ასეთ დროს, როდესაც მძევლის წინააღმდეგ პროპაგანდას იწყებ, რომ გადაფარონ რაღაც პრობლემა, ეს კიდევ ერთხელ იმსახურებს პოლიტიკური განაჩენს ამ რეჟიმისას და ივანიშვილისას, რომ ესენი უნდა წავიდნენ, მოცილდნენ ხელისუფლებას და ჩვენ უნდა წავიდეთ წინ". – თქვა მან.

დღეს, 21 ოქტომბერს, დაახლოებით, 14:00 საათზე, ზუგდიდში შეიარაღებული პირი საქართველოს ბანკში შეიჭრა და მძევლები აიყვანა. ადამიანების აყვანიდან ცოტა ხანში თავდამსხმელმა მათი ნაწილი გაათავისუფლა - ისინი შენობიდან ამწით გამოიყვანეს. შენობაში დარჩენილი ერთ-ერთი მძევლის ინფორმაციით, ოთახში ადამიანების ნაწილის გათავისუფლების შემდეგ 19 მძევალი დარჩა. მან ტელეკომპანია მთავართან ისაუბრა და თქვა, რომ გამტაცებელი კბილებამდეა შეიარაღებული და 500 000 დოლარს ითხოვს.

უკანასკნელი ერთი საათის განმავლობაში თავდამსხმელმა გაათავისუფლა კიდევ 3 მძევალი. შინაგან საქმეთა სამინისტრო არ ასახელებს, რამდენი მძევალია დარჩენილი საქართველოს ბანკში.

კომენტარები