აშშ

კენედი-ნიქსონიდან ბაიდენი-ტრამპამდე – საპრეზიდენტო დებატების ისტორია და როლი აშშ-ში

აშშ

კენედი-ნიქსონიდან ბაიდენი-ტრამპამდე – საპრეზიდენტო დებატების ისტორია და როლი აშშ-ში

მასალა მომზადებულია ტაბულასა და აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის უცხოური პრესის ცენტრის თანამშრომლობის ფარგლებში.

პირველი, რაც აშშ-ს საპრეზიდენტო დებატების შესახებ უნდა ვიცოდეთ, ის არის, რომ დებატები პოლიტიკური ტრადიციის ნაწილია და არა სამართლებრივი პროცედურა. კანდიდატებს თავისუფლად შეუძლიათ დებატებზე უარის თქმა – მაგალითად, ჯიმი კარტერი თითქმის ბოლო დღემდე უარს ამბობდა, ედებატა რონალდ რეიგანთან. მან დებატებზე დათანხმება არჩევნებამდე 9 დღით ადრე გადაწყვიტა. 

საპრეზიდენტო დებატები საარჩევნო კამპანიის ტრადიციული ნაწილია 1976 წლის შემდეგ, თუმცა, პირველი სატელევიზიო დებატები ბევრად ადრე, 1960 წელს რიჩარდ ნიქსონსა და ჯონ კენედის შორის შედგა. რესპუბლიკელი რიჩარდ ნიქსონი სატელევიზიო დებატებში პირწმინდად დამარცხდა ახალგაზრდა და ქარიზმატულ დემოკრატ კანდიდატთან. ამას რამდენიმე მიზეზი ჰქონდა, მათ შორის, ერთერთი ის იყო, რომ კენედი გაცილებით ფოტოგენური იყო, ხოლო ნიქსონი კი არ იყო მიჩვეული სატელევიზიო ფორმატს. აღსანიშნავი ფაქტია, რომ იმ ადამიანების დიდი ნაწილი, რომლებიც დებატებს რადიოს საშუალებით უსმენდნენ, დარწმუნებულები იყვნენ, რომ დებატები რიჩარდ ნიქსონმა მოიგო.

შემდგომში ორი ვადით არჩეულ პრეზიდენტ ნიქსონს მიაჩნდა, რომ მას 1960 წლის არჩევნები სატელევიზიო პერფორმანსმა და იმან წააგებინა, რომ მაყურებელმა ის და კენედი გვერდიგვერდ იხილა. სწორედ ამ მიზეზით, რიჩარდ ნიქსონმა უარი თქვა საპრეზიდენტო სატელევიზიო დებატებში მონაწილეობაზე 1968 და 1972 წლების საპრეზიდენტო კამპანიების დროს. ფაქტია, რომ ორივე ამ არჩევნებში ნიქსონმა დემოკრატი კანდიდატი ზედიზედ ორჯერ დაამარცხა. 

კენედი-ნიქსონის დებატებიდან 16 წლის შემდეგ, 1976 წელს საპრეზიდენტო დებატები ეკრანებზე დაბრუნდა. ჯერალდ ფორდსა და ჯიმი კარტერს შორის დებატები სამჯერ გაიმართა, რომელთაგან ერთი საშინაო პოლიტიკას ეხებოდა, მეორე საგარეო პოლიტიკას, ხოლო მესამე კი ნებისმიერ საკითხს.

საპრეზიდენტო დებატებში ამ 16-წლიანი პაუზის დროს დებატები იმართებოდა პარტიებს შიგნით, პრაიმერისის დროს. ბოლო წლების განმავლობაში პრაიმერისის დებატებს პარტიები სულ უფრო და უფრო ხშირად ატარებენ. 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის კანდიდატის შერჩევის პროცესში დემოკრატიულმა პარტიამ ჯამში 12 საპრეზიდენტო დებატები გამართა, მათგან 6 გასულ წელს და ექვსიც 2020 წლის პირველი ოთხი თვის განმავლობაში. ეს მცირედით უსწრებს 2016 წლის პრაიმერისის დროს გამართული დებატების რაოდენობას. ყველაზე მეტი პრაიმერისის დებატები კი 2008 წელს გაიმართა. დემოკრატიულმა პარტიამ 26 შიდა დებატები გამართა, ხოლო რესპუბლიკურმა პარტიამ კი – 21. 

დებატები მთავარი საკითხი იყო 1980 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს. თავდაპირველად დებატები დაგეგმილი იყო სამ კანდიდატს – რონალდ რეიგანს, პრეზიდენტ კარტერსა და კონგრესმენ ჯონ ბ. ანდერსონს შორის. თუმცა, კარტერი უარს ამბობდა ანდერსონთან, ხოლო რეიგანი კი მის გარეშე დებატებზე. შესაბამისად, პირველი დებატები მხოლოდ რეიგანსა და ანდერსონს შორის გაიმართა, მეორე კი გაუქმდა. მესამე დებატების დროს რეიგანი დათანხმდა კარტერის მოთხოვნას და დებატები მხოლოდ მათ შორის გაიმართა. როგორც ყოფილი მსახიობი, რონალდ რეიგანი მიჩვეული იყო კამერასთან მუშაობას და მან დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა არამხოლოდ დებატებში, არამედ შემდგომ არჩევნებშიც. მოგვიანებით, 1983 წელს ცნობილი გახდა, რომ რეიგანის კამპანიის მწარმოებლებმა წინასწარ მოიპოვეს პრეზიდენტ ჯიმი კარტერის დებატებისთვის მომზადების პერიოდის ჩანაწერები. ეს რეიგანის ადმინისტრაციისთვის დიდი სკანდალი იყო, თუმცა, ბოლომდე არ გახდა ცნობილი, ჩანაწერები შეიცავდა, თუ არა მნიშვნელოვან ინფორმაციას. 

1984 წელს კი ყოფილმა ვიცეპრეზიდენტმა, უოლტერ მონდეილმა პრეზიდენტ რონალდ რეიგანთან პირველი დებატები მოიგო, რითიც მან თავისი კამპანიისთვის საჭირო დონაციების შეგროვება შეძლო. მეორე დებატებისას კი რეიგანმა გამარჯვება სათავისოდ შემოიტრიალა. შესაძლოა, გამარჯვებასთან ამას საერთო არაფერი ჰქონდეს, თუმცა, სწორედ იმ დებატების დროს თქვა პრეზიდენტმა თავისი ერთერთი ყველაზე ცნობილი ხუმრობა:

"მე ასაკს არ ვაქცევ ამ კამპანიის თემად. პოლიტიკური მიზნებისთვის არ გამოვიყენებ ჩემი ოპონენტის სიჭაბუკესა და გამოუცდელობას". 

რონალდ რეიგანი მეორე ვადით არჩევის დროს 73 წლის იყო და იმ დროისთვის ის უკვე იყო აშშ-ს ყველაზე ხანდაზმული პრეზიდენტი. 

ზემოთ ჩამოთვლილების გარდა, ამ წლების განმავლობაში არაერთი დასამახსოვრებელი დებატები გამართულა, რომელთაგან შეგვიძლია, გავიხსენოთ ჯო ბაიდენის ისტორიული ვიცე-პრეზიდენტის დებატები, რომელმაც დებატების ყურებადობის რეკორდი მოხსნა, ისევე, როგორც გასული, 2016 წლის არჩევნების საპრეზიდენტო დებატებმა ჰილარი კლინტონსა და დონალდ ტრამპს შორის, რომელმაც მაყურებლების რეკორდული რაოდენობა დააგროვა – მათ პირველ დებატებს პირდაპირ ეთერში 81 მილიონი ამერიკელი უყურებდა. 

დებატების როლი აშშ-ს არჩევნებში

რა როლი აქვს სატელევიზიო დებატებს აშშ-ს არჩევნებში, ამაზე ბევრი მოსაზრება არსებობს. მაგალითად, შესაძლებელია დებატები განვიხილოთ კანდიდატებისთვის პოტენციური ხმების მოპოვების ერთერთ გზადაც, მაგრამ ერთი რამ ცხადია – ამერიკაში მიიჩნევენ, რომ საპრეზიდენტო დებატები ეს არის მსახურება, კერძოდ, მსახურება ხალხის ინტერესებისადმი. 

ზოგადად, ამერიკაში წინასაარჩევნო პერიოდები გრძელია, თავისი პრაიმერისებითა და 2-წელიწადნახევრიანი კამპანიებით, თუმცა, სატელევიზიო დებატები ერთადერთი დროა, როდესაც კანდიდატები გვერდიგვერდ დგანან და ეს ძალიან დიდი შესაძლებლობაა ამომრჩევლისთვის, რათა შეძლონ მათი შედარება. დებატები მნიშვნელოვანია იმ მხრივ, რომ აქ ორივე კანდიდატი თანაბარ მდგომარეობაშია, სადაც მათ თანაბარი რაოდენობით დრო აქვთ გამოყოფილი და განსხვავებით წინასწარ დაწერილი ტექსტებისა, თუ რეკლამებისა, დებატები ამომრჩევლისთვის ინფორმაციის მიღების უფრო სარწმუნო წყაროდ მიიჩნევა. კანდიდატებს თან არ აქვთ ჩანაწერები, ტელესუფლიორი და არ ჰყავთ გვერდით დამხმარეები. არც ის იციან, რა შეკითხვებს უმზადებთ მათ მოდერატორი. დებატების დროს ამომრჩეველი ხედავს, როგორ პასუხობენ კანდიდატები ჟურნალისტსა და ერთმანეთს, როდესაც ისინი წნეხის ქვეშ არიან. მარტივად რომ ვთქვათ, დებატების დროს ყველაზე უკეთ ჩანს კანდიდატების ხასიათი და სწორედ ამდენად არის ის ამომრჩევლისთვის მნიშვნელოვანი. 

გარდა იმ ადამიანებისა, რომლებიც უშუალოდ 90 წუთის განმავლობაში უყურებენ დებატებს, ის გაცილებით მეტ ამომრჩეველზე ახდენს გავლენას, რადგან ის, რაც ხდება დებატების დროს, მედიის მთავარი თემაა მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში და მისგან იქმნება დღის წესრიგიც. დღესდღეობით დებატები, სხვადასხვა მიმითა, თუ გიფით, პოპულარული ხდება სოციალურ მედიასა, თუ სხვა გასართობ პლატფორმებზეც. შესაბამისად, საერთო ჯამში, ამ დებატების გავლენა განუზომლად დიდია. მაგალითისთვის შეგვიძლია მოვიყვანოთ წლევანდელი ვიცეპრეზიდენტების დებატებიდან კადრი, როგორ აჯდება ბუზი მაიკ პენსს თავზე. ამ კადრმა სრულად მოიცვა გასართობი მედია-პლატფორმები. 

1960 წლის დებატებს ძალიან ბევრმა ადამიანმა უყურა. აშშ-ს ზრდასრული მოსახლეობის, დაახლოებით, 80%-მა ნახა ან მოისმინა კენედი-ნიქსონის დებატებიდან ერთი მაინც. 90-იანი წლების შუა რიცხვებში დებატებისადმი ინტერესი შედარებით განელდა, თუმცა, 4 წლის წინ კლინტონი-ტრამპის დებატების ყურებადობამ რეკორდი მოხსნა. 

მთავარი კითხვა არის, როგორ ითარგმნება საპრეზიდენტო დებატების როლი რიცხვებში? რამდენად დიდ გავლენას ახდენს ამომრჩევლის გადაწყვეტილებაზე? ცვლის თუ არა ამომრჩეველი საკუთარ გადაწყვეტილებას დებატების ყურების შემდეგ?

ცხადია, მაყურებლების დიდი ნაწილი სწორედ იმიტომ უყურებს დებატებს, რომ უკვე არჩეული კანდიდატის პერფორმანსის ცქერით დატკბეს. სხვადასხვა კვლევის მიხედვით, დებატების მაყურებლების 90-95%-ს უკვე გადაწყვეტილი აქვს, ვის მისცემს ხმას და, როგორც წესი, დებატების ყურება მათ გადაწყვეტილებას ვერ ცვლის. 

მაგრამ დებატების სანახავად მისული გადაუწყვეტელი ამომრჩევლის, დაახლოებით, 5%-დან, ნახევარზე მეტი (3-4%) დებატების ყურების შემდეგ არჩევანს რომელიმე კანდიდატის სასარგებლოდ აკეთებს. და ერთი რამ, რაც დადასტურებულად ვიცით, ის არის, რომ საპრეზიდენტო დებატების სანახავად მისული ამომრჩეველი, დიდი ალბათობით, არჩევნებზეც წავა. 

შესაბამისად, კითხვაზე, რამდენად ახდენს დებატები არჩევნების შედეგებზე გავლენას, მოკლე პასუხია – გააჩნია. კერძოდ, გააჩნია მერყევი და გადაუწყვეტელი ამომრჩევლის რაოდენობასა და იმას, რამდენად ახლოს არის კანდიდატების წინასაარჩევნო შედეგები.

როგორია დებატების სტრუქტურა და ვინ ადგენს წესებს

დებატებს აშშ-ში საპრეზიდენტო დებატების კომისია მართავს, რომელიც არაკომერციული, არაპარტიული ორგანიზაციაა. კომისია თავდაპირველად საკუთარ თავს ორპარტიულს უწოდებდა, თუმცა, მოგვიანებით მათ განაცხადეს, რომ არაპარტიულები არიან და მთავარი პარტიებიდან არცერთს უჭერენ მხარს. ტრადიციულად, აშშ-ს საპრეზიდენტო დებატებში მხოლოდ ორი მთავარი პარტია მონაწილეობს, გარდა 1992 წლის გამონაკლისისა, როდესაც დებატებში მონაწილეობა მიიღო დამოუკიდებელმა კანდიდატმა, როს პერომ. სწორედ კომისია იღებს ყველა გადაწყვეტილებას დებატების ჩატარებასთან დაკავშირებით და მათ შორის იმას, თუ ვინ გაუძღვება მას. 

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, დებატები კანდიდატებისთვის სავალდებულო არ არის. დებატების კომისია გამოდის შეთავაზებით იმ იმედით, რომ კანდიდატები დებატებს დათანხმდებიან. ხშირად გამომწვევი მოქმედი პრეზიდენტია ხოლმე, თუმცა ყოფილა გამონაკლისი შემთხვევებიც. როგორც წესი, საპრეზიდენტო დებატები ორი ან სამი სერიისგან შედგება. გასულ არჩევნებზე სამი საპრეზიდენტო და ერთი ვიცეპრეზიდენტობის კანდიდატების დებატები გაიმართა. 

ვიცეპრეზიდენტობის კანდიდატების პირველი დებატები 1976 წელს შედგა, 1980 წელს დებატები არ ყოფილა, 1984 წელს კი დებატები ისტორიულად დაბრუნდა – მასში მონაწილეობდა ჯერალდინ ფერარო, პირველი ქალი ვიცეპრეზიდენტობის კანდიდატი მთავარი პარტიიდან. 

როგორც წესი, დებატების დროს კანდიდატები თავიანთი ტრიბუნების უკან დგანან ან საკონფერენციო მაგიდასთან სხედან, სადაც მეორე მხარეს მოდერატორია. დებატების დროს არ არის ხოლმე გამხსნელი განცხადებები, თუმცა, კანდიდატებს აქვთ დასკვნითი სიტყვის თქმის საშუალება. 

მონეტის აგდებით წყდება ის, თუ რომელი გასცემს პასუხს პირველ შეკითხვას და ვინ იტყვის თავის დასკვნით სიტყვას პირველი. შეკითხვის დასმის შემდეგ კანდიდატს 2 წუთი აქვს პასუხის გასაცემად, რის შემდეგაც ოპონენტს მისი არგუმენტის გასაბათილებლად 1 წუთი ეძლევა. მოდერატორს აქვს დისკრეცია, თითოეულ კანდიდატს პასუხისთვის დაუმატოს 30 წამი. 

დებატებში გამარჯვებულს სხვადასხვა კვლევისა და გამოკითხვის საშუალებით ხალხი ირჩევს და სრულიად შესაძლებელია, რომ დებატებში გამარჯვებული კანდიდატი არჩევნებში დამარცხდეს. მაგალითად, 2016 წლის არჩევნების სამივე დებატები, ხალხის აზრით, ჰილარი კლინტონმა მოიგო, რაც არჩევნებზე მის გამარჯვებაში არ გადართგმნილა.

20 ოქტომბერს დებატების კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, კანდიდატებს ხმა გაუთიშოს მაშინ, როდესაც შეკითხვას პასუხს მისი ოპონენტი სცემს. ეს გადაწყვეტილება კომისიამ მას შემდეგ მიიღო, რაც ტრამპსა და ბაიდენს შორის გამართული პირველი დებატების დროს, აშშ-ს მოქმედმა პრეზიდენტმა ოპონენტს პასუხის გაცემა 70-ზე მეტჯერ შეაწყვეტინა. 

წლების განმავლობაში როგორც კომისიის, ისე თავად მოდერატორების დამოუკიდებლობის შესახებ არაერთი დისკუსია გამართულა. დებატების კომისიის ამ ბოლო გადაწყვეტილებამ და ტრამპსა და ბაიდენს შორის ჩატარებულმა პირველმა დებატებმა, როგორც მემარცხენე, ისე მემარჯვენე ამერიკულ მედიაში დისკუსია ისევ განაახლა.

რამდენად დამოუკიდებელია კომისია? საჭირო არის თუ არა მისი არსებობა დებატების ჩასატარებლად? არსებობს, თუ არა უკეთესი საშუალება და როგორ უნდა შეირჩნენ მოდერატორები? – ეს ის ძირითადი კითხვებია, რომლებსაც წლევანდელი საპრეზიდენტო არჩევნების პირველი დებატების შემდეგ სულ უფრო ხშირად სვამენ მედიაში. 

კომისიისადმი ერთერთი მთავარი კრიტიკა იმას ეხება, რომ კომისიის წევრებს არავინ ირჩევს და პოლიტიკით ყველაზე მეტად დაინტერესებული ამერიკელების დიდი ნაწილიც კი ვერ ცნობს მათ. ეს მაშინ, როდესაც კომისია დებატებთან დაკავშირებით ყველაზე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს იღებს. 

კრიტიკოსების მოსაზრებით, 2020 წლის საპრეზიდენტო დებატების ორგანიზებისას კომისია მიკერძოებული იყო დემოკრატიული პარტიის კანდიდატის მიმართ, მაშინ, როდესაც დამოუკიდებელი ორგანიზაციის არსებობის მთავარი მიზანი სწორედ ისაა, რომ ის მიუკერძოებელი და ზეპარტიული იყოს. 

ციფრული ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად კი სულ უფრო და უფრო მეტად აქტუალური ხდება შეკითხვა, ხომ არ არის დებატების არსებული სტილი მოძველებული და ხომ არ საჭიროებს ის ახალ სუნთქვას. 

ამ საკითხს გასული კვირას National Review-ს ჟურნალისტი, ჯიმ ჯერათი გამოეხმაურა თავისი სტატიით "რატომ ჰყავს ამერიკას საპრეზიდენტო დებატების კომისია?". სტატიაში ავტორი კომისიის მუშაობას აკრიტიკებს და ფორმატის განახლების საჭიროებაზე საუბრობს.

"დებატების შეკითხვები, როგორც წესი, წინასწარ განსაზღვრადი და ზოგადია, პასუხები კი წინასწარ არის ხოლმე გამოცდილი ფოკუს-ჯგუფებზე. მოდერატორები იშვიათად მიყვებიან ან აწვებიან კანდიდატებს მეტი დეტალისთვის.  არავინ იმარჯვებს კალკულატორს იმისათვის, რომ მოყვანილი რიცხვები გადაამოწმოს. საპრეზიდენტო დებატების კომისია აგრძელებს ასეთი დებატების გამართვას იმიტომ, რომ კანდიდატების დიდ ნაწილს სწორედ ასე უნდათ - უსაფრთხოდ, წინასწარ განჭვრეტადად, სულ ოდნავ რომ ეხებიან ჩახლართული პრობლემებისა და კომპლექსიური თემების ზედაპირს". 

იმაზე, თუ მაშინ, როგორი უნდა იყოს დებატები და ვინ უნდა აორგანიზებდეს მას, ბევრი კამათი შეიძლება, მაგრამ ფაქტია, რომ არსებული მოდელი და მისი ორგანიზატორი კომისია უკვე წლებია ორივე პოლიტიკური ფლანგიდან იღებს კრიტიკას. 

აშშ-ს საპრეზიდენტო დებატებმა ევროპის ქვეყნებზეც მოახდინა გავლენა. თუმცა, ადგილობრივი საპარლამენტო რეჟიმების კონტექსტში, ცხადია, დებატების ფორმატი გარდაიქმნა. საპარლამენტო რეჟიმების სპეციფიკის გათვალისწინებით, დებატებში უფრო მეტი პოლიტიკური პარტია მონაწილეობს და საკითხები შედარებით მეტად არის კონცენტრირებული საჯარო პოლიტიკაზე, ვიდრე ლიდერებს შორის შეჯიბრზე. 

მარგარეტ ტეტჩერს ეკუთვნის კრიტიკა ამერიკული სტილის დებატების წინააღმდეგ იმ არგუმენტით, რომ "ჩვენ არ ვირჩევთ პრეზიდენტს, ჩვენ ვირჩევთ მთავრობას. ამით მას სურდა ყურადღება გაემახვილებინა იმაზე, რომ საპარლამენტო დემოკრატიებში უფრო მეტი ყურადღება ეთმობა პარტიულ პლატფორმას, ვიდრე ლიდერების პერსონას. შესაბამისად, ევროპულ საპარლამენტო დემოკრატიებში, მათ შორის, დიდ ბრიტანეთშიც, დებატები არ ტარდება ამერიკული კომისიის მსგავსი ორგანიზაციის მიერ და, ძირითადად, მაუწყებლებსა და პარტიებს შორის კომუნიკაციების საფუძველზე ორგანიზდება.

კომენტარები