ყაჩაღობა ზუგდიდში

ლატიპოვი: რუსეთთან ერთად ყველაფერს ვიზამთ, რომ დამნაშავე აფხაზეთში ვერ შემოვიდეს

apsnypress

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მძარცველი, რომელიც გუშინ, 21 ოქტომბერს ზუგდიდის ბანკში შეიჭრა და მძევლები აიყვანა, შესაძლოა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე გადასვლას გეგმავდეს. 

როგორც დე ფაქტო უშიშროების სამსახურის სასაზღვრო დანაყოფის უფროსი, რუსტამ ლატიპოვი აფხაზურ მედიას ეუბნება, მას არ აქვს ინფორმაცია, რომ მძარცველი აფხაზეთისკენ მოემართება. მისივე თქმით, ისინი ყველაფერს გააკეთებენ, რუსეთთან ერთად, რომ დამნაშავე აფხაზეთის ტერიტორიაზე ვერ მოხვდეს.  

"ენგურის გამშვები პუნქტი, 19:00-დან 07:00 საათამდე ჩაკეტილია, ამ დროის განმავლობაში იქ ვერავინ შევა.

ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რუსეთთან ერთად, რომ დამნაშავე ჩვენს ტერიტორიაზე ვერ შემოვიდეს". - ამბობს ლატიპოვი.

21 ოქტომბერს, დაახლოებით, დღის 2 საათზე, ზუგდიდში შეიარაღებული პირი საქართველოს ბანკში შეიჭრა და მძევლები აიყვანა. აყვანიდან ცოტა ხანში თავდამსხმელმა მათი ნაწილი გაათავისუფლა, ისინი შენობიდან ამწით გამოიყვანეს.

თავდამსხმელი $500 000-სა და ვერტმფრენს ან მძევლებთან ერთად მანქანით გასვლას ითხოვდა.

მოგვიანებით, ადგილზე მყოფი მძევლებიც გათავისუფლდნენ. თავდამსხმელმა საქართველოს ბანკის მიმდებარე ტერიტორია სამ მძევალთან ერთად დატოვა - მათ შორის იყო შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, ავთანდილ გალდვა.

შემდეგ კი შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ გალდავა და სხვა მძევლები გათავისუფლდნენ, თავდამსხმელის დასაკავებლად კი ღონისძიებები გრძელდება.

R2-ის ინფორმაციით, თავდამსხმელმა ყველა მძევალი გამოუშვა და გაიქცა.

რას ჰყვება მძევალი, რომელიც დღის განმავლობაში თავდამსხმელის დავალებით მედიას უკავშირდებოდა - წაიკითხეთ აქ.

კომენტარები