MDF-ის კვლევა

MDF: 2019 წელს ტელევიზიებში ყველაზე მეტი, 997 616 ლარის ღირებულების საბიუჯეტო კონტრაქტი იმედთან დაიდო

იმედი
მედიის განვითარების ფონდმა (MDF) მედიის ფინანსური გამჭვირვალობის შესახებ 2019 წლის მონაცემებს ამსახველი კვლევა გამოაქვეყნა. ანგარიშის მიხედვით, 2019 წელს ტელევიზიებს შორის ყველაზე მეტი ღირებულების საბიუჯეტო კონტრაქტი – 997 616 ლარი იმედთან გაფორმდა, რეგიონულ მაუწყებლებს შორის კი, 2016-2018 წლების მსგავსად, ქვემო ქართლის ტელევიზიასთან (220 000ლარი), რაც ამ კომპანიის მთლიანი შემოსავლის 90 %-ს შეადგენს. რადიოებიდან ყველაზე დიდი ღირებულების საბიუჯეტო კონტრაქტი ჰოლდინგ ფორტუნასთან (46 856 ლარი) გაფორმდა;
ონლაინ მედიიდან ყველაზე დიდი წილი (349 275) პალიტრა მედია ჰოლდინგში შემავალ ონლაინ გამოცემებზე მოდის, ბეჭდვითი მედიიდან – გაზეთ რეზონანსზე (72 593), რეგიონულიდან კი – გაზეთ ბორჯომზე (25 000);
 
2019 წელს სატელევიზიო მაუწყებლების შემოსავალმა 139 მლნ ლარი შეადგინა, რაც 2018 წლის მონაცემებს 3 მლნ ლარით აღემატება. შემოსავლების ზრდა ბაზარზე ოპოზიციასთან დაკავშირებული ორი ახალი ტელეკომპანიის, მთავარი არხის და ფორმულას გაჩენამ და მფლობელების საწყისმა ინვესტიციამ განაპირობა.
 
კვლევაში აღნიშნულია, რომ სატელევიზიო ბაზრის ყველაზე დიდი წილი საზოგადოებრივ მაუწყებელზე (51 მლნ ლარი) მოდის, კერძო ტელევიზიებიდან კი – სახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკის ტელეკომპანია იმედსა (26.7 მლნ) და რუსთავი 2-ზე (23.1 მლნ). ამ უკანასკნელის მფლობელი სწორედ 2019 წლის ივლისში შეიცვალა.
 
თუ ბოლო წლების (2016-2019) დინამიკას შევხედავთ, ბაზარზე საზოგადოებრივი მაუწყებლის წილი იზრდება, ხოლო რუსთავი 2-ის შემოსავლები იკლებს, მცირედი კლება იკვეთება ტვ იმედის შემთხვევაშიც, ხოლო მცირე და ეტაპობრივ ზრდასთან ტვ პირველის შემთხვევაშია გვაქვს საქმე.
 
MDF-ის მიხედვით, ტვ ობიექტივის შემოსავლის მთავარი წყარო, წინა წლების მსგავსად, 2019 წელსაც შემოწირულობებია, რაც მთლიანი შემოსავლის 90.8%- ს შეადგენს. ტელეარხზე ხუთწლიანი დაკვირვება აჩვენებს, რომ ის სულ უფრო მეტად ხდება დამოკიდებული დოტაციაზე, ხოლო დაფინანსების წყაროები გამჭვირვალე არ არის. ბოლო წლებში ტელეკომპანიის მთლიანი შემოსავალი გაორმაგებულია (2015-2019). რეგიონული ტელევიზიების საერთო შემოსავალმა 2019 წელს 10 342 437 ლარი შეადგინა, რომლის ყველაზე დიდი წილი – 74,7% – აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელზე მოდის.
 
2019 წელს რადიოების შემოსავალმა 2018 წელთან შედარებით 0,5 მლნ ლარით იკლო. წინა წლების მსგავსად, ბაზარზე კვლავ რადიო ჰოლდინგი ფორტუნა დომინირებდა. რეგიონული რადიოებიდან კი ყველაზე დიდი წილი – 53.1% აჭარის საზოგადოებრივ რადიოზე მოდის.
 
2019 წელს საბიუჯეტო ორგანიზაციებმა სარეკლამო და საინფორმაციო მომსახურების მიზნით მედიასაშუალებებთან 6 581 303 ლარის ღირებულების მომსახურების კონტრაქტი გააფორმეს, რომლის 31% ნაციონალური და შერეული დაფარვის ტელევიზიებზე მოდის; 27.7 % – ონლაინ მედიაზე; 16.1 % - სოციალურ მედიაზე; 12.2% – რეგიონულ ტელევიზიებზე, 6.4 % – ბეჭდურ მედიაზე, 4.2 % – შერეულ კონტრაქტებზე, 2.4 % კი რადიოებზე გადანაწილდა.
 
ანგარიშის მიხედვით, სოციალურ მედიაში ყველაზე მეტი ღირებულების რეკლამა საქართველოს ეროვნული ტურიზმის ადმინისტრაციამ (397 500 ლარი) განათავსა, რომელსაც მოსდევს თბილისის მერიის საზოგადოებასთან კომუნიკაციის განვითარების სააგენტო (170 000 ლარი).
 
მედიის განვითარების ფონდის მიერ გამოქვეყნებული ანგარიში 2019 წელს ფინანსური გამჭვირვალობის შესახებ, ერთი მხრივ, სამაუწყებლო მედიის მიერ კანონმდებლობის საფუძველზე დეკლარირებულ შემოსავლებს შეეხება, მეორე მხრივ, ინფორმაციისა და რეკლამის გავრცელების მიზნით მედიაში საბიუჯეტო სახსრების განაწილების პრაქტიკას. ასევე, სოციალურ მედიაში საბიუჯეტო თანხების ხარჯვას, მათ შორის კონტრაქტებს, რომლითაც ცალკეულ მედიებს სხვადასხვა ფეისბუკ ჯგუფებსა და გვერდებზე მასალების განთავსება ევალებათ.

კომენტარები