აშშ-ჩინეთი

აშშ-მ დამატებით 6 ჩინური მედია პროპაგანდისტად გამოაცხადა

მაიკ პომპეო
Mark Rightmire, Orange County Register/SCNG

აშშ-მ დამატებით ექვსი ჩინური მედია საგარეო მისიად, პროპაგანდისტად გამოაცხადა. აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს თქმით, ამ ნაბიჯით აშშ კომუნისტურ პროპაგანდას ეწინააღმდეგება. 

აღნიშნული პროპაგანდისტული მედიებია - Yicai Global, Jiefang Daily, the Xinmin Evening News, Social Sciences in China Press, the Beijing Review, the Economic Daily. ჯამში, აშშ-მ წელს 15 ჩინურ სახელმწიფო მედიას მიანიჭა საგარეო მისიების სტატუსი. 

აშშ არანაირ აკრძალვას ან შეზღუდვებს არ უწესებს აშშ-ში ამ მედიებს. პომპეოს თქმით, მათ, უბრალოდ, სურთ, რომ ამერიკელებს აცნობონ ჩინური კომუნისტური პარტიის პროპაგანდის და თავისუფალი მედიის განსხვავების შესახებ. 

პომპეოს თქმით, 23 ოქტომბერს აშშ ევროკავშირთან ერთად ჩინეთზე დიალოგს დაიწყებს და 25 ოქტომბერს ის ინდოეთში, შრი-ლანკაში, მალდივის კუნძულებებზე და ინდონეზიაში ტურნეს დაიწყებს. ის ელის, რომ შეხვედრები მოიცავს დისკუსიებს თუ "როგორ უნდა იმუშაონ თავისუფალმა ქვეყნებმა ერთად, რათა ჩინეთის კომუნისტური პარტიის საფრთხე თავიდან აირიდონ". შეგახსებენთ, რომ ინდოეთი Quad-ის წევრია. ჩინეთისგან მომავალი მზარდ საფრთხესთან ერთად ბოლო დროს სულ უფრო მეტს ლაპარაკობენ შორეულ აღმსავლეთში აშშ-ს ლიდერობით სამომავლოდ NATO-ს მსგავსი ალიანსის შექმნაზე.

ჩინურ პროპაგანდისტულ მედიებს რომ დავუბრუნდეთ, შეგახსენებთ, რომ 2 მარტს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ქვეყანაში ჩინეთის მთავარ სახელმწიფო მედიასააგენტოებში მომუშავე ჩინელი პერსონალის რაოდენობაზე ზედა ზღვარი დააწესა.

ამ ქმედებების პასუხად ჩინეთმა სამი ამერიკული გამოცემის The New York Times-ის, Wall Street Journal-ის და Washington Post-ის ჟურნალისტებს პრესის აკრედიტაცია ჩამოართვა.

ამერიკელი ჟურნალისტების ნაწილს აკრედიტაციის ვადა 2020 წელს გასდით. ჩინეთში განაცხადეს, რომ ჟურნალისტებს აკრედიტაციებს აღარ გაუგრძელებენ. მიზეზად დაასახელეს აშშ-ს მიერ ჩინური მედიისათვის დაწესებული შეზღუდვები.

ჩინეთის მთავრობამ გამოაცხადა, რომ ხსენებულმა სამმა გამოცემამ, ასევე Time-მა და ამერიკის ხმამ წერილობითი ფორმით უნდა წარმოადგინონ ინფორმაცია ჩინეთში მათი თანამშრომლების, ფინანსების, ოპერაციებისა და საკუთრების შესახებ.

ჩინეთი 2019 წლის მედიათავისუფლების ინდექსით 180 ქვეყნიდან 177-ე ადგილს არის და უსწრებს მხოლოდ ერიტრეას, ჩრდილოეთ კორეასა და თურქმენეთს.

გასული წლის სექტემბერში ჩინეთში გამოაცხადეს, რომ ჩინეთში პრესბარათის ასაღებად პრეზიდენტისადმი ერთგულების ტესტის ჩაბარება იქნება საჭირო.

კომენტარები