სპეცოპერაცია ზუგდიდში

გახარია ზუგდიდზე: შსს-ს უმთავრესი ამოცანაა, დანაშაულის ჩამდენი უმოკლეს ვადაში დააკავოს

საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი გახარია გუშინ, 21 ოქტომბერს, ზუგდიდში საქართველოს ბანკის ფილიალზე თავდასხმასა და მძევლების აყვანას ეხმაურება. 

გახარია ამბობს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ დამნაშავე უმოკლეს ვადაში უნდა დააკავოს, რათა "არ მოხდეს მსგავსი დანაშაულის ჩამდენების მხრიდან უდანაშაულობის და დანაშაულის დაუსჯელობის შეგრძნების გაჩენა."

"გუშინ ზუგდიდში შექმნილი ურთულესი ვითარება მსხვერპლის გარეშე დასრულდა. ეს პირველი რიგის ამოცანა იყო მხოლოდ და რა თქმა უნდა, მიღწეული შედეგი, რომ მოქალაქეების, მძევლების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრება, ეს მხოლოდ პირველი რიგის ამოცანაა. 

რა თქმა უნდა, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ შსს-ს და სამართალდამცავ სისტემას სრულად აქვს უმთავრესი ამოცანა, დღეს ეს უმძიმესი დანაშუალის ჩამდენი პირი სასწრაფოდ, უმოკლეს ვადაში იყოს დაკავებული. ეს არის ძირითადი ამოცანა, რომელზეც ოპერატიული სამძებრო მოქმედებები მიმდინარეობს და, რა თქმა უნდა, შსს-მ უნდა შეასრულოს. 

ყველა კანონიერი ინსტრუმენტი, უფლება და შესაძლებლობა, რომელიც მათ აქვთ, ამ მიზნის მისაღწევად უნდა იყოს გამოყენებული, იმისთვის, რომ არ მოხდეს მსგავსი დანაშაულის ჩამდენების მხრიდან უდანაშაულობის და დანაშაულის დაუსჯელობის შეგრძნების გაჩენა. ეს არის ძირითადი ამოცანა, რომელზეც შსს დღეს მუშაობს და უნდა გააგრძელოს მუშაობა საბოლოო შედეგის მიღწევამდე". - თქვა გიორგი გახარიამ.  

შეიარაღებული პირი საქართველოს ბანკის ფილიალში გუშინ, 21 ოქტომბერს, დღისით შეიჭრა. მან ბანკის თანამშრომლები და ადგილზე მყოფი მოქალაქეები მძევლებად აიყვანა.  

მოგვიანებით ერთ-ერთი მძევალი, ირაკლი კვარაცხელია, დამნაშავის დავალებით, მედიას დაუკავშირდა. კვარაცხელიამ თქვა, რომ ოთახში, რომელშიც დამნაშავესთან ერთად იმყოფებოდა, 19 მძევალი იყო. კვარაცხელია ასევე ყვებოდა, რომ თავდამსხმელი იყო "კბილებამდე შეიარაღებული" - მას ავტომატი, პისტოლეტი და ყუმბარა ჰქონდა, რომელსაც დამცველი მოხსნა და მუდმივად ხელში ეჭირა.  

ყაჩაღი მოითხოვდა, რომ სამართალდამცავებს მისთვის $500 000 გადაეცათ, ასევე, უზრუნველყოფილიყო მისი გადაადგილება ვერტმფრენით ან მანქანით, მძევლებთან ერთად. 

დაახლოებით, 22:00 საათზე, თავდამსხმელმა საქართველოს ბანკის მიმდებარე ტერიტორია დატოვა სამ მძევალთან ერთად - მათ შორის ერთ-ერთი იყო შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, ავთანდილ გალდავა. სხვა მძევლები გათავისუფლდნენ.  

ბოლო ინფორმაციით, თავდამსხმელმა მასთან ერთად მყოფი სამი მძევალი  გაათავისუფლა, თვითონ კიგაიქცა. 

რა ვიცით სპეცოპერაციაზე - წაიკითხეთ აქ.

კომენტარები