ყაჩაღობა ზუგდიდში

ვოლსკი: არ გამოვრიცხავ, რომ პოლიტიკურად შეფუთული ბანდიტობები ხდება

ტაბულა

დიდუბე-ჩუღურეთში ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გია ვოლსკი არ გამორიცხავს, რომ "პოლიტიკურად შეფუთული ბანდიტობები, თუ ტერორისტული აქტები ხდება". დეპუტატის განმარტებით, ამით ის არაფერს ამტკიცებს.  

"არც იმას გამოვრიცხავ, რომ ეს გარკვეული რაღაც პოლიტიკურად შეფუთული ბანდიტობები თუ ტერორისტული აქტები ხდება, არ გამოვრიცხავ, არ ნიშნავს, რომ ვამტკიცებ, რომ ეს ასე ხდება". – თქვა გია ვოლსკიმ. 

დეპუტატის შეფასებით, იმ შემთხვევაში, თუ მძევლები დაზიანდებოდნენ, "ეს დიდ დივიდენდს იმ პოლიტიკურ პარტიას მოუტანდა, ვინც სვამს კითხვას, რამდენად სწორად იმოქმედა პოლიციამ". გია ვოლსკის მიაჩნია, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური "მოწოდების სიმაღლეზე იყო". 

"კრიმინალს არ ვურჩევდი, გააქტიურდეს, რადგან ძალიან მკაცრი იქნება სასჯელიც და რეაგირებაც. თქვენთვის ეფექტური ოპერაცია ის არის, როცა ადამიანი დაიღუპება, მხიარულება და ჟივილ-ხივილი ატყდებოდა გარკვეულ მედიებში. ეს არ მოხდა და, რა თქმა უნდა, ხელისუფლების მიმართ კითხვები აგრესიული იქნება.

თქვენს დროს ბანდიტიზმი იყო გაჯეჯილებული, ჩვენს დროს ასე არ არის. წინა მმართველობისას ბანდიტიზმი თავად ხელისუფლებამ ჩაანაცვლა, ყაჩაღობის ფაქტები, რამდენიც გინდა, იმდენი იყო. 2005 წლიდან 2012 წლამდე სამჯერ მეტი, ვიდრე 2013 წლიდან 2019 წლამდე. ეს არის ფაქტი და ამ სტატისტიკას ვერსად წაუხვალთ". – თქვა გია ვოლსკიმ. მის ამ კომენტარს საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს. 

ბოლო ინფორმაციით, თავდამსხმელი, რომელიც ზუგდიდში საქართველოს ბანკის ფილიალში შეიჭრა, გაიქცა, მასთან ერთად მყოფი სამი მძევალი კი გაათავისუფლა. ყაჩაღს თან აქვს ფული, რომელიც მას სამართალდამცველებმა გადასცეს, თუმცა, შსს ამ დრომდე არ ამხელს, საიდან მოიტანს ეს ფული. 

კომენტარები