ლიბანი

ლიბანში ჰარირი პრემიერმინისტრის თანამდებობაზე კვალავ დანიშნეს

საად ჰარირი
Reuters

ლიბანის პრეზიდენტმა, მიშელ აუონმა, პრემიერმინისტრად სუნიტი მუსლიმი პოლიტიკოსი, საად ალ-ჰარირი დანიშნა, რათა მან ახალი მთავრობა ჩამოაყალიბოს. 

ჰარირიმ პარლამენტარების უმრავლესობის მხარდაჭერაც მოიპოვა აუონთან კონსულტაციების გავლის შემდეგ. პარლამენტში უმრავლესობა ირანის მიერ მხარდაჭერილ ჰეზბოლას და მის პოლიტიკურ მოკავშირეებს, მათ შორის, აუონის მიერ დაფუძნებულ პარტიას და შიიტურ ამალს აქვს.

ჰარარის ბოლო კოალიციური მთავრობა თითქმის ერთი წლის წინ გადააგდეს, რადგან ლიბანელი მომიტინგეები მმართველ ელიტაზე იყვნენ განრისხებულები. 

ჰარარის მხარი დაუჭირა შიიტურმა ამალის პარტიამ, ვალიდ ჯუმბალატის პარტიამ და სხვა პატარა გაერთიანებებმა. ჰეზბოლამ განაცხადა, რომ არავის წარდგენას აპირებდა, თუმცა თქვა რომ მიმდინარე პროცესს ხელს შეუწყობდა. 

აუონის სიძემ, რომელიც ქრისტიანული ბლოკის, თავისუფალი პატრიოტული მოძრაობის ლიდერია, თქვა, რომ ჰარირის მხარს არ უჭერდა. 

მეორე ქრისტიანულმა პარტიამაც და ჰეზბოლას ძლიერმა ოპონენტმა, ლიბანურმა ძალებმა, ასევე უარი განაცხადეს ჰარირის მხარდაჭერაზე. 

"ეს პოლიტიკური კლასი, რომელმაც ხალხი მძევლებად აიყვანა, ისწავლის, რომ ასე ვერ გააგრძელებენ? ისინი ახლა გამოცდის წინაშე დგანან". - განაცხადა პარლამენტარმა გორგეს ადვანმა

საფრანგეთი მთელი ამ დროის განმავლობაში ქვეყნის ლიდერებს დაჟინებით მოუწოდებ, რომ ქვეყანა ღრმა კრიზისიდან ერთად ამოიყვანონ.

გასული წლის ოქტომბერში პრემიერმინისტრის თანამდებობიდან საად ჰარირი რამდენიმე თვიანი მასშტაბული აქციების შემდეგ გადადგა. მოსახლეობა კორუფციას და ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ მდგომარეობას აპროტესტებდა.  

დაახლოებით ერთთვიანი მცდელობის შემდეგ, ლიბანში ჩამოეყალიბებინათ მიუკერძოებელი მთავრობა, ლიბანის პრემიერმინისტრის პოსტზე დანიშნულმა მუსტაფა ადიბმა სექტემბერში განაცხადა, რომ მთავრობის ფორმირების დავალებას აღარ შეასრულებს.

10 აგვისტოს ლიბანის მთავრობა სრული შემადგენლობით გადადგა. ყოფილი პრემიერმინისტრის, ჰასაბ დიაბის თქმით, ბეირუთში მომხდარი მძლავრი აფეთქება და ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციები საყოველთაო კორუფციის შედეგი იყო.

განცხადება მთავრობის გადადგომის შესახებ ჰასან დიაბმა მინისტრთა კაბინეტის შეხვედრის შემდეგ გააკეთა. როგორც შეხვედრაზე გაირკვა, მინისტრთა უმეტესობას გადადგომა სურდა.

ლიბანის პრეზიდენტმა მიშელ აუნმა თქვა, რომ მისი გადადგომა შეუძლებელია.

4 აგვისტოს ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში მომხდარი მძლავრი აფეთქება ბევრი ლიბანელისთვის ბოლო წვეთი იყო ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში. ქვეყანა უკვე თვეებია კრიზისში, ეკონომიკური კოლაფსის პირას იმყოფება. კორუფცია და არაეფექტიანი მთავრობა ქვეყანაში დიდ პრობლემას წარმოადგენს.

აფეთქების შემდეგ ბეირუთში ანტისამთავრობო პროტესტი დაიწყო. მოსახლეობა მთავრობას დაუდევრობასა და არაეფექტიან მმართველობაში ადანაშაულებდა.

ბეირუთის პორტის საწყობში 2 750 ტონა ამონიუმის ნიტრატი აფეთქდა. ამონიუმის ნიტრატი ადვილად აალებადი, ფეთქებადი ნივთიერებაა. პორტის საწყობში ის უსაფრთხოების წესების დაცვის გარეშე 2013 წლიდან ინახებოდა.

მძლავრ აფეთქებას შეეწირა 200-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე, დაშავდა 6000-ზე მეტი ადამიანი. 300 000 ადამიანი საცხოვრებელი ადგილის გარეშე დარჩა. აფეთქებით მიყენებული ეკონომიკური ზარალი 10-15 მილიარდ დოლარს შეადგენს.

აფეთქების გამოძიება დაწყებულია. ლიბანის პრეზიდენტმა მიშელ აუნმა დაიფიცა, რომ გამოძიება გამჭვირვალე იქნება და ყველა პასუხისმგებელი პირი დაისჯება.

კომენტარები