სპეცოპერაცია ზუგდიდში

შს მინისტრი ყაჩაღისთვის მიცემულ 500 000 დოლარზე: ბიუჯეტიდან არაა, საქართველოს ბანკმა გადაიხადა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცოა

შს მინისტრის ვახტანგ გომელაურის თქმით, ნახევარი მილიონი დოლარი, რომელიც ზუგდიდში, საქართველოს ბანკზე თავდამსხმელს მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ გადაუხადეს, ბიუჯეტის თანხა არ არის. მინისტრმა თავდაპირველად იკითხა - ამას რა მნიშვნელობა აქვს, ხოლო შემდეგ აღნიშნა - "ასე ძალიან გაინტერესებთ? ბიუჯეტიდან ნამდვილად არ არის".

დამატებით კითხვებზე ვახტანგ გომელაურმა თქვა, რომ ყაჩაღისთვის მიცემული თანხა საქართველოს ბანკს ეკუთვნის.

"ეს ყველგან ასე ხდება, მსოფლოში ასე ხდება, ბანკში როცა შედიან და იყვანენ მძევლებს... ხო, ნუ რავიცი ახლა, ყველამ იცის და რაღა... TBC ბანკი ხომ არ გატეხილა, საქართველოს ბანკში იყვნენ შესულები" - ამბობს მინისტრი.

ვახტანგ გომელაურის თქმითვე, "უმნიშვნელოვანესია ადამიანის სიცოცხლე, არავითარი თანხა არ არსებობს ადამიანის სიცოცხლის საფასურად, ეს იქნება 10 მლნ 100 მლნ, დიდი მნიშვნელობა არ აქვს". 

"დასამალი არ არის, კი ბატონო, ჰო, შესრულდა [თავდამსხმელის მოთხოვნა], რა მნიშვნელობა აქვს, რამდენი წაიღო. თანხა ძალიან ბევრჯერ დასახელდა, იყო ნახევარ მილიონ დოლარზე საუბარი" - აღნიშნა შს მინისტრმა.

შეიარაღებული პირი საქართველოს ბანკის ფილიალში გუშინ, 21 ოქტომბერს, დღისით შეიჭრა. მან ბანკის თანამშრომლები და ადგილზე მყოფი მოქალაქეები მძევლებად აიყვანა.

მოგვიანებით ერთ-ერთი მძევალი, ირაკლი კვარაცხელია, დამნაშავის დავალებით, მედიას დაუკავშირდა. კვარაცხელიამ თქვა, რომ ოთახში, რომელშიც ყაჩაღთან ერთად იმყოფებოდა, 19 მძევალი იყო. კვარაცხელია ასევე ყვებოდა, რომ თავდამსხმელი იყო "კბილებამდე შეიარაღებული" - მას ავტომატი, პისტოლეტი და ყუმბარა ჰქონდა, რომელსაც დამცველი მოხსნა და მუდმივად ხელში ეჭირა.

ყაჩაღი ითხოვდა, რომ სამართალდამცავებს მისთვის $500 000 გადაეცათ, ასევე, უზრუნველეყოთ მისი გადაადგილება ვერტმფრენით ან მანქანით, მძევლებთან ერთად.

დაახლოებით, 22:00 საათზე, თავდამსხმელმა საქართველოს ბანკის მიმდებარე ტერიტორია დატოვა სამ მძევალთან ერთად - მათ შორის ერთ-ერთი იყო შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, ავთანდილ გალდავა. სხვა მძევლები გათავისუფლდნენ.

აქედან რამდენიმე საათის შემდეგ, თავდამსხმელმა მასთან ერთად მყოფი სამი მძევალი გაათავისუფლა, თვითონ კი გაიქცა, .

რა ვიცით სპეცოპერაციაზე - წაიკითხეთ აქ.

კომენტარები