აშშ-ს უზენაესი სასამართლო

აშშ-ს სენატის იურიდიულმა კომიტეტმა უზენაეს სასამართლოში ემი კონი ბარეტს მხარი დაუჭირა

0 კომენტარი
ემი კონი ბარეტი

აშშ-ს სენატის იურიდიულმა კომიტეტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლის პოსტზე ემი კონი ბარეტის ნომინაციას კენჭი უყარა და 12 ხმით 0-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა. კენჭისყრას ბოიკოტი გამოუცხადა კომიტეტის ათმა დემოკრატმა სენატორმა. მათ პროტესტის ნიშნად ცარიელ სკამებზე ხელმისაწვდომი ჯანდაცვის კანონზე დამოკიდებული პირების ფოტოები განათავსეს და ამით ყურადღება გაამახვილეს იმ ფაქტზე, რომ ბარაკ ობამას პრეზიდენტობის დროს მიღებულ ამ კანონს უახლოეს მომავალში უზენაესი სასამართლო განიხილავს.

კომიტეტის თავმჯდომარემ, რესპუბლიკელმა ლინდსი გრემმა თქვა, რომ, დემოკრატების წინააღმდეგობის მიუხედავად, ნომინაციას კენჭისყრისთვის სენატს გადასცემენ. სენატის სრული შემადგენლობა ბარეტის კანდიდატურას კენჭს 26 ოქტომბერს უყრის.

იურიდიული კომიტეტის მოსმენებზე ემი კონი ბარეტმა სენატორების კითხვებს უპასუხა, თუმცა თავი აარიდა პირდაპირ პასუხს ისეთ თემებზე, როგორებიცაა აბორტის აკრძალვა, ხელმისაწვდომი ჯანდაცვის კანონი, მიგრაცია, დასაქმებულთა უფლებები და გარემოსდაცვითი რეგულაციები. მან კომიტეტს განუცხადა, რომ იმ საქმეებიდან გამომდინარე იმსჯელებს, რაც მას გადაეცემა განსახილველად, ხოლო საკუთარი რელიგიური რწმენა ამაში ხელს არ შეუშლის.

უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ დამტკიცების შემთხვევაში ბარეტი რუთ ბეიდერ გინსბურგს ჩაანაცვლებს, რომელიც გასულ თვეს გარდაიცვალა. მოსალოდნელია, რომ ბარეტის კანდიდატურა სენატში, სადაც უმრავლესობას რესპუბლიკური პარტია ფლობს, საკმარის ხმებს მოიპოვებს. შედეგად, უზენაესი სასამართლოს 9 წევრიდან 6 კონსერვატორი იქნება.

აღსანიშნავია, რომ 2016 წლის არჩევნებამდე პრეზიდენტ ბარაკ ობამას სენატმა უზენაესი სასამართლოს ვაკანტური ადგილის შევსებაზე უარი უთხრა. არჩევნებამდე 2 თვით ადრე პრეზიდენტ ტრამპის მიერ კანდიდატის წამოყენებამ დემოკრატიულ პარტიაში აღშფოთება გამოიწვია და ზოგიერთმა წარმომადგენელმა თქვა, რომ უზენაეს სასამართლოში ადგილების დამატებას განიხილავდნენ. ამ საკითხზე პირდაპირი პასუხის გაცემას თავს არიდებენ დემოკრატული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი ჯო ბაიდენი და ვიცეპრეზიდენტობის კანდიდატი კამალა ჰარისი.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: პატიმრობის მისჯის შემდეგ მსჯავრდებული ტყეში გაიქცა, 58 წლის კაცი უკვე დავაკავეთ

კომენტარები