სპეცოპერაცია ზუგდიდში

კვარაცხელია ყაჩაღზე: როცა მოისმინა, რა ხდებოდა ტელევიზორში, მითხრა, აუ, დაგერხა ამათ ხელშიო

0 კომენტარი
ფოტო: ტაბულა

ზუგდიდში საქართველოს ბანკზე თავდასხმისას აყვანილი ერთ-ერთი მძევალი, ირაკლი კვარაცხელია ტაბულასთან საუბარში ყვება, თუ რა რეაქცია ჰქონდათ მას და ყაჩაღს, როდესაც სამთავრობო მედიის მიერ მისი დისკრედიტაციის მცდელობას ადევნებდნენ თვალს.

"ადამიანი ავტომატს გიმიზნებს და შენი ქვეყნის ხელისუფლება გაცხადებს ამ ადამიანის თანამონაწილედ. პირველი აზრი, რაც ამასთან დაკავშირებით გამიჩნდა, ის იყო, რომ ისინი მშვიდობიანად ამ ამბის მოგვარებას არ აპირებდნენ და წინასაარჩევნოდ ისე უნდოდათ გამოძრომა ამ სიტუაციიდან, რომ ზარალი საწინააღმდეგო ფლანგს მიეღო. 

მძარცველმა რომ მოისმინა ის, რაც ხდებოდა ტელევიზორში, ჩამეკითხა, მართლა მერიაში მუშაობდი ნაცების დროსო? კი-მეთქი და აუ, შენ მაგრად დაგერხა ამათ ხელშიო." ყვება კვარაცხელია. 

საქართველოს ბანკზე თავდასხმისას სამთავრობო მედია მძევლის, ირაკლი კვარაცხელიას დისკრედიტაციას ცდილობდა. მედიამ აქცენტი მძევლის ვინაობაზე და მის პოლიტიკურ სიმპათიებზე გადაიტანა. იმის შესახებ, რომ მძევლად მყოფი კვარაცხელია ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერია, ინფორმაცია თავდაპირველად პუტინისტური ორგანიზაცია ქართული მარშის წევრმა, გიორგი გაბედავამ გაავრცელა. სწორედ მასზე დაყრდნობით დაიწყო, ტვ იმედმა მძევლის დემონიზება.  

მედიას აქტიურად აკრიტიკებდნენ მმართველ პარტიაშიც - "ოცნების" აღმსრულებელი მდივანი, ირაკლი კობახიძე მედიებს "გლავკანალსა" და "პერვი კანალს" უწოდებდა.   

ქართული ოცნების საპარლამენტო ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ კი თქვა, რომ 1%-ს და 10%-ს იმასაც უშვებს, "რომ კვარაცხელიას ბანკში ყოფნა დამთხვევა იყოს."  

შეიარაღებული პირი საქართველოს ბანკის ფილიალში გუშინ, 21 ოქტომბერს, დღისით შეიჭრა. მან ბანკის თანამშრომლები და ადგილზე მყოფი მოქალაქეები მძევლად აიყვანა.  

მოგვიანებით ერთ-ერთი მძევალი, ირაკლი კვარაცხელია, დამნაშავის დავალებით, მედიას დაუკავშირდა. კვარაცხელიამ თქვა, რომ ოთახში, რომელშიც დამნაშავესთან ერთად იმყოფებოდა, 19 მძევალი იყო. კვარაცხელია ასევე ყვებოდა, რომ თავდამსხმელი იყო "კბილებამდე შეიარაღებული" - მას ავტომატი, პისტოლეტი და ყუმბარა ჰქონდა, რომელსაც დამცველი მოხსნა და მუდმივად ხელში ეჭირა.  

ყაჩაღი მოითხოვდა, რომ სამართალდამცავებს მისთვის 500 000 დოლარი გადაეცათ, ასევე, უზრუნველყოფილიყო მისი გადაადგილება ვერტმფრენით ან მანქანით, მძევლებთან ერთად. 

დაახლოებით, 22:00 საათზე, თავდამსხმელმა საქართველოს ბანკის მიმდებარე ტერიტორია დატოვა სამ მძევალთან ერთად - მათ შორის ერთ-ერთი იყო შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, ავთანდილ გალდავა. სხვა მძევლები გათავისუფლდნენ.  

ბოლო ინფორმაციით, თავდამსხმელმა  მასთან ერთად მყოფი სამი მძევალი კი გაათავისუფლა, თვითონ კი გაიქცა. მედიასთან საუბრისას შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა თქვა, რომ ყაჩაღის მიერ მოთხოვნილი თანხა საქართველოს ბანკმა გადაიხადა და "არავითარი თანხა არ არის სიცოცხლის საფასური". 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

წინასაარჩევნო ქუბების ნაკრები [VIDEO]

კომენტარები