პოლონეთი

პოლონეთის სასამართლომ ფიზიკური ნაკლის მქონე ნაყოფის აბორტი არაკონსტიტუციურად ცნო

Reuters

პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ ფიზიკური ნაკლის ან ჯანმრთელობის სხვა პრობლემის მქონე ნაყოფის შემთხვევაში აბორტი არაკონსტიტუციურია. ამ გადაწყვეტილებით, მსგავსი მიზეზით აბორტი აიკრძალება და ლეგალური იქნება მხოლოდ გაუპატიურების, ინცესტის ან დედის სიცოცხლისათვის საფრთხის არსებობის შემთხვევაში.

"კანონის ეს პირობა დაუბადებელი ბავშვის სიცოცხლის კუთხით ევგენიკურ პრაქტიკას აკანონებს და ნაყოფის სიცოცხლეს დამოკიდებულს ხდის მის ჯანმრთელობაზე, რაც კონსტიტუციასთან შეუთავსებელია". - ნათქვამია გადაწყვეტილებაში.

სასამართლოს საკითხის განხილვა გასული წლის დეკემბერში მემარჯვენე კანონმდებელთა ჯგუფმა სთხოვა.

გადაწყვეტილება გააპროტესტეს ქალთა უფლებების დამცველმა ჯგუფებმა და ოპოზიციურმა პარტიებმა.

"პანდემიის დროს ფსევდოტრიბუნალის მიერ აბორტის თემის განხილვა ცინიკოსობაა. ეს პოლიტიკური ბოროტებაა". - თქვა პოლონეთის ყოფილმა პრემიერმინისტრმა, ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა.

საკონსტიტუციო სასამართლოში მოსამართლეთა უმეტესობა მმართველი პარტიის მიერ არის დანიშნული, რომელიც ცდილობს, აბორტზე აკრძალვები გაამკაცროს.

მიმდინარე წელს პარლამენტში წარდგენილი იყო კანონპროექტი, რომელიც ფიზიკური ნაკლის ან ჯანმრთელობის სხვა პრობლემის მქონე ნაყოფის შემთხვევაში აბორტის გაკეთებას კრძალავს და ითვალისწინებს სასჯელს სკოლებში სექსუალური განათლების მიცემისთვის.

 პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ თქვა, რომ ზემოაღნიშნულ შემთხვევაში აბორტის გაკეთება "შშმ ბავშვების მკვლელობაა" და ის კანონს ხელს მოაწერდა, თუ პარლამენტი დაამტკიცებდა.

ვარშავის ქუჩებში ქალებმა ინიციატივა გააპროტესტეს. ახალი კორონავირუსის პრევენციის მიზნით შემოღებული წესების გათვალისწინებით, ქალები საკუთარი ავტომობილებიდან და ველოსიპედებიდან მართავდნენ აქციას.

ასეთივე კანონპროექტი საკანონმდებლო ორგანოში რამდენიმე წლის წინაც დარეგისტრირდა, რასაც მასობრივი პროტესტი მოჰყვა. პროტესტის შემდეგ ავტორებმა კანონპროექტი გაიწვიეს.

პოლონეთში ექიმების დიდ ნაწილს ხელი მოწერილი აქვს ე.წ სინდისის კლაუზულაზე, რის გამოც, აბორტის გაკეთება კანონით დაშვებულ შემთხვევებშიც კი, თითქმის შეუძლებელია.

კომენტარები