სპეცოპერაცია ზუგდიდში

ხიდაშელი ყაჩაღზე: ერთმა კალაშნიკოვიანმა კაცმა აჯობა მთელ სახელმწიფო სისტემას

ტაბულა

"ყველაზე ცუდი და მდაბიო რეჟისურის ფილმებშიც კი ვერ წარმომიდგენია." - ასე ეხმაურება თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი ზუგდიდში საქართველოს ბანკზე თავდამსხმელის გაქცევას.

"უამრავი პრეტენზია მაქვს გუშინდელი ოპერაციის მიმდინარეობასთან. დაწყებული კომუნიკაციის ნულოვანი მდგომარეობიდან, დასრულებული იმით, რომ მართლა ამ ერთმა კალაშნიკოვიანმა კაცმა აჯობა მთელ სახელმწიფო სისტემას. როგორ დაეკარგათ? ეს, უბრალოდ, წარმოუდგენელია. ყველაზე უფრო ცუდი და მდაბიო რეჟისურის ფილმებშიც კი ვერ წარმომიდგენია, ასეთი რამ მოხდეს. ამაზე აუცილებლად მოუწევს პასუხის გაცემა საქართველოს ხელისუფლებას. 

კიდევ ერთხელ ვამბობ, მათ ჯერ კიდევ აქვთ რამდენიმედღიანი შანსი დარჩენილი. ეს დრო დიდი არ არის იმისათვის, რომ დაამტკიცონ, რომ უნარი აქვთ, გაუმკლავდნენ კრიზისულ მდგომარეობებს. წარმოიდგინეთ იქ რამდენიმე ტერორისტი რომ შევარდნილიყო და მართლა ტერაქტი განხორციელებულიყო. ამისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, რას იზამს ხელისუფლება, რომ ქვეყანაში არ გაჩნდეს უსუსურობის განცდა." - ამბობს ხიდაშელი პალიტრანიუსთან ინტერვიუში. 

შეიარაღებული პირი საქართველოს ბანკის ფილიალში გუშინ, 21 ოქტომბერს, დღისით შეიჭრა. მან ბანკის თანამშრომლები და ადგილზე მყოფი მოქალაქეები მძევლებად აიყვანა.

მოგვიანებით ერთ-ერთი მძევალი, ირაკლი კვარაცხელია, დამნაშავის დავალებით, მედიას დაუკავშირდა. კვარაცხელიამ თქვა, რომ ოთახში, რომელშიც ყაჩაღთან ერთად იმყოფებოდა, 19 მძევალი იყო. კვარაცხელია ასევე ყვებოდა, რომ თავდამსხმელი იყო "კბილებამდე შეიარაღებული" - მას ავტომატი, პისტოლეტი და ყუმბარა ჰქონდა, რომელსაც დამცველი მოხსნა და მუდმივად ხელში ეჭირა.

ყაჩაღი ითხოვდა, რომ სამართალდამცავებს მისთვის $500 000 გადაეცათ, ასევე, უზრუნველეყოთ მისი გადაადგილება ვერტმფრენით ან მანქანით, მძევლებთან ერთად.

დაახლოებით, 22:00 საათზე, თავდამსხმელმა საქართველოს ბანკის მიმდებარე ტერიტორია დატოვა სამ მძევალთან ერთად - მათ შორის ერთ-ერთი იყო შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, ავთანდილ გალდავა. სხვა მძევლები გათავისუფლდნენ.

ბოლო ინფორმაციით, თავდამსხმელმა მასთან ერთად მყოფი სამი მძევალი გაათავისუფლა, თვითონ კი გაიქცა. 

მედიასთან საუბრისას შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა თქვა, რომ ყაჩაღის მიერ მოთხოვნილი თანხა საქართველოს ბანკმა გადაიხადა და "არავითარი თანხა არაა სიცოცხლის საფასური".

კომენტარები