სპეცოპერაცა ზუგდიდში

რას ჰყვება მძევალი, რომელიც ყაჩაღმა თან გაიყოლა

ლაშა შენგელია, რომელიც, რუსთავი 2-ის ინფორმაციით, ერთ-ერთია იმ მძევალთაგან, რომლებიც გუშინ, 21 ოქტომბერს ზუგდიდში ყაჩაღმა თან გაიყოლა, მომხდარის დეტალებს იხსენებს. 

შენგელია ამბობს, რომ თავდამსხმელმა მარშრუტი რამდენჯერმე შეცვალა, სამხარეო პოლიციის უფროსი, ავთანდილ გალდავა კი მას არწმუნებდა, რომ სამართალდამცავები არ მიჰყვებოდნენ.

"მე სადაც გეტყვით, იქ წადით, თუ არა, გავხსნი ხელყუმბარასო. ხელში ეჭირა და იცვლიდა - ხელიდან ხელში გადაჰქონდა ეს ხელყუმბარა. თვითონაც კონკრეტულად არ იცოდა, სად წასულიყო. ერთხელ გვითხრა, წადით წალენჯიხისკენო, წავედით, მერე იქით გადავუხვიეთ - მერე აქეთ. აკვირდებოდა, ვინმე მოსდევდა თუ არა უკან ამას. 

ბატონი ავთო გალდავა ჰპირდებოდა, ყველანაირად ეცადა, რომ დაერწმუნებინა ეს კაცი, რომ არ მოსდევდა არავინ. 

ბოლოს ჩავიდა ეს კაცი. დაიბარა, მიბრძანდით მანქანით, მე აქ ვიქნები, ერთხელ გამოიხედავთ, ან რამე და გესვრითო, დაგვემუქრა." - ამბობს ის რუსთავი 2-ისთვის მიცემულ ინტერვიუში. 

ლაშა შენგელია იხსენებს, რომ თავდამსხმელმა მათ ჰკითხა, თუ ვინ მიდიოდა მასთან ერთად, რადგან ავთანდილ გალდავას გარდა კიდევ 3 მძევალი უნდა ყოფილიყო. 

"ჩვენ თვითონ გამოვხატეთ სურვილი, გამომდინარე იქედან, რომ ყველა ქალი იყო. შეგვბოჭა და ასე ჩაგვსვა მანქანაში. საჭესთან ერთ-ერთი მძევალი იჯდა. მე თვითონ გვერდით დამიჯდა. ერთი მძევალი გვერდით მეჯდა, გვარად ბუკია, მის გვერდით იჯდა ბატონი ავთო.

სიგარეტის მოწევის ნებას გვრთავდა. გარეთ, კარებთან ვდგებოდით, ვეწეოდით. რომ ვკითხე, სიგარეტს არ ეწევი-მეთქი? კი, ვეწევი, მაგრამ აქ არ შემიძლიაო. ყველანაირად იცავდა ზომებს, რომ რამე კვალი არ დაეტოვებინა." - ამბობს ის. 

შეიარაღებული პირი საქართველოს ბანკის ფილიალში გუშინ, 21 ოქტომბერს, დღისით შეიჭრა. მან ბანკის თანამშრომლები და ადგილზე მყოფი მოქალაქეები მძევლებად აიყვანა.

მოგვიანებით ერთ-ერთი მძევალი, ირაკლი კვარაცხელია, დამნაშავის დავალებით, მედიას დაუკავშირდა. კვარაცხელიამ თქვა, რომ ოთახში, რომელშიც ყაჩაღთან ერთად იმყოფებოდა, 19 მძევალი იყო. კვარაცხელია ასევე ყვებოდა, რომ თავდამსხმელი იყო "კბილებამდე შეიარაღებული" - მას ავტომატი, პისტოლეტი და ყუმბარა ჰქონდა, რომელსაც დამცველი მოხსნა და მუდმივად ხელში ეჭირა.

ყაჩაღი ითხოვდა, რომ სამართალდამცავებს მისთვის $500 000 გადაეცათ, ასევე, უზრუნველეყოთ მისი გადაადგილება ვერტმფრენით ან მანქანით, მძევლებთან ერთად.

დაახლოებით, 22:00 საათზე, თავდამსხმელმა საქართველოს ბანკის მიმდებარე ტერიტორია დატოვა სამ მძევალთან ერთად - მათ შორის ერთ-ერთი იყო შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, ავთანდილ გალდავა. სხვა მძევლები გათავისუფლდნენ.

ბოლო ინფორმაციით, თავდამსხმელმა მასთან ერთად მყოფი სამი მძევალი გაათავისუფლა, თვითონ კი გაიქცა. 

მედიასთან საუბრისას შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა თქვა, რომ ყაჩაღის მიერ მოთხოვნილი თანხა საქართველოს ბანკმა გადაიხადა და "არავითარი თანხა არაა სიცოცხლის საფასური".

კომენტარები