ახალი კორონავირუსი საფრანგეთში

საფრანგეთში კომენდანტის საათი კიდევ 38 ოლქში გამოცხადდება

euronews.com

საფრანგეთში კორონავირუსის გავრცელების შეჩერების მიზნით დამატებით 38 ოლქში კომენდანტის საათი გამოცხადდება.რეგულაციების გამკაცრების შესახებ განცხადება გააკეთა საფრანგეთის პრემიერმინისტრმა, ჟან კასტექსმა.

კომენდანტის საათი ძალაში შევა პარასკევს, 23 ოქტომბერს, და ყოველდღიურად საღამოს 9 საათიდან დილის 6 საათამდე გაგრძელდება. კომენდანტის საათი ძალაში 6 კვირის განმავლობაში იქნება. აქამდე კომენდანტის საათი აქტიური მხოლოდ პარიზსა და კიდევ 8 დიდ ქალაქში იყო, თუმცა შეზღუდვები ახლა უკვე 46 მილიონ ადამიანს შეეხება.

ბოლო კვირებში ევროპაში ინფიცირების შემთხვევებმა საგრძნობლად იმატა.

პრემიერმინისტრის თქმით, მომავალ კვირებში საფრანგეთს სიძნელეები ელოდება და გარდაცვალების შემთხვევების რაოდენობაც გაიზრდება.

"თუ პანდემიის შეჩერებას ვერ შევძლებთ, უკიდურესი მდგომარეობის წინაშე აღმოვჩნდებით და კიდევ უფრო მეტად მოგვიწევს შეზღუდვების გამკაცრება." - თქვა ჟან კასტექსმა.

კომენდანტის საათი რესტორნების მეპატრონეების უკმაყოფილებას იწვევს, რომელებმაც გაზაფხულზე ორთვიანი კარანტინის პერიოდში უკვე ძალიან იზარალეს. თუმცა პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის თქმით, შეზღუდვები საავადმყოფოებისა და ჯანდაცვის სისტემის გადატვირთვის თავიდან აცილებისთვის არის აუცილებელი.

ბოლო 6 დღის მანძილზე COVID-19-ის 20 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მთლიანობაში საფრანგეთში კორონავირუსის 999 043 შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 34 210 ადამიანი.

კომენტარები