COVID 19

აშშ-ში FDA-მ ახალი კორონავირუსის სამკურნალოდ რემდესივირი დაამტკიცა

აშშ-ის საკვებისა და წამლის ადმინისტრაციამ ახალი კორონავირუსის სამკურნალოდ ფარმაცევტული კომპანია გილეადის შემუშავებული ანტივირუსული მედიკამენტი, რემდესივირი დაამტკიცა. რემდესივირი პირველი წამალია, რომელიც Covid-19-ის სამკურნალოდ დამტკიცდა. 

"რემდესივირი განკუთვნილია ზრდასრულებისთვის და 12 წელზე უფროსი პაციენტებისთვის, რომლებსაც ჰოსპიტალიზაცია ესაჭიროებათ"- წერია ადმინისტრაციის განცხადებაში. 

რემდესივირის ეფექტიანობა, საუკეთესო შემთხვევაში, შეზღუდულია, თუმცა უკეთესი ალტერნატივა ხელმისაწვდომი არ არის. ამ თვის დასაწყისში, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გლობალურმა კვლევამ აჩვენა, რომ რემდესევირი არ ამცირებს სიკვდილიანობას, თუმცა აშშ-ში ჩატარებულმა ახალმა კვლევამ დაადგინა, რომ წამლის გადასხმამ შეამცირა გამოჯანმრთელების ხანგრძლივობა პაციენტების მესამედში. 

რემდესივირი ვირუსულ რეპლიკაციას ზღუდავს. გილეადმა ის პირველად ებოლას სამკურნალოდ შეიმუშავა. გასულ წლებში კვლევებმა აჩვენა, რომ ის ასევე ხელს უშლის SARS-ის და MERS-ის გამრავლებას. სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს მეცნიერებმა მისი გამოყენება ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ. 

გასული თვეების განმავლობაში რემდესივირი COVID-19 ის მქონე პაციენტების მკურნალობიდ სტანდარტის ნაწილი იყო. მკურნალობის სარგებელი შეზღუდულია. წამლის კლინიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ ის, შესაძლოა, დაეხმაროს ზოგიერთ პაციენტს სწრაფად გამოჯანმრთელებაში, მაგრამ მას არ შეუძლია სიკვდილიანობის შემცირება. კლინიკური გამოცდების უმეტესობაში რემდესივირს ყველაზე მძიმე პაციენტებს აძლევდნენ, რომლებისთვისაც მას დიდი სარგებელი არ მოუტანია - რადგან ის აყოვნებს ვირუსის რეპლიკაციას, ის, შესაძლოა, უფრო ეფექტიანი იყოს დაავადების ადრეულ სტადიაზე, სანამ ვირუსი მთელ ორგანიზმში გავრცელდება. 

ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის, თენგიზ ცერცვაძის 12 ოქტომბრის განცხადების თანახმად, რემდესივირს საქართველო ამ თვის ბოლოს მიიღებს. 

"ეს პრეპარატი ჯერჯერობით ფუფუნებაა, მხოლოდ აშშ-ს აქვს ავადმყოფებისთვის და კიდევ რამდენიმე ქვეყანა შეძენის პროცესშია ან ცალკეული პარტიები იყიდეს. შემუშავებულია უკვე მექანიზმი, რომელიც იოლი არ იყო, რადგან მთელი მსოფლიო რიგშია, გარდა ამისა, არის ათასი ბიუროკრატიული პროცედურა. აქ გამოინახა მექანიზმი და 10-14 დღეში მოგვაწვდიან. 25-30 ოქტომბრიდან კი, საქართველოს მოქალაქეების, მძიმე და კრიტიკულად ინფიცირებული პაციენტების მკურნალობისას, ყველაფერ იმას, რაც აქამდე გვქონდა, დაემატება დღეისთვის N1 საშუალება რემდესივირი, ხოლო ცოტა უფრო შორეულ მომავალში ხელმისაწვდომი გახდება მონოკლონური ანტისხეულებიც, რომლის კვლევაში მონაწილეობას საქართველო პირადად ენტონი ფაუჩის რეკომენდაციით იღებს. მოკლედ რომ ვთქვათ, საქართველოში რიგითი მოქალაქე უზრუნველყოფილი იქნება ტრამპის სტანდარტით". – თქვა ცერცვაძემ.

კომენტარები