ვენესუელა

მადურო: ერთნაირსქესიანი წყვილებისთვის სამოქალაქო კავშირის საკითხი პარლამენტმა განიხილოს

ნიკოლას მადურო

ვენესუელის პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ თქვა, რომ პაპის განცხადება ერთნაირსქესიანი წყვილებისათვის სამოქალაქო კავშირის დაკანონების შესახებ ქვეყნის ეროვნულმა ასამბლეამ უნდა განიხილოს.

რომის პაპმა ფრანცისკემ თქვა, რომ ერთნაირსქესიანები სამოქალაქო კავშირის კანონებით დაცულნი უნდა იყვნენ.

"მე მყავს მეგობრები და ნაცნობები, რომლებიც ძალიან გაახარა პაპის ნათქვამა. ამ საკითხს, ლგბტ ქორწინების საკითხს, შემდეგ ეროვნულ ასამბლეას დავუტოვებ". - თქვა მადურომ.

ვენესუელაში საპარლამენტო არჩევნები 6 დეკემბერს არის დანიშნული, თუმცა მას საერთაშორისო დამკვირვებლები არ დააკვირდებიან. ამჟამად ქვეყნის პარლამენტს ოპოზიცია აკონტროლებს. ისინი არჩევნებს ბოიკოტს უცხადებენ და გაყალბებაზე საუბრობენ.

გასულ თვეს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ოთხ პირს ვენესუელის საარჩევნო პროცესში ჩარევისა და დემოკრატიული პროცესებისთვის ძირის გამოთხრისთვის სანქციები დაუწესა. მათ ადანაშაულებენ ნიკოლას მადუროს მთავრობის დახმარებაში, იმისათვის, რომ დეკემბერში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები არ გაიმართოს.

დეკემბრის საპარლამენტო არჩევნების წინ მადუროს რეჟიმმა განაცხადა, რომ 100-ზე მეტი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი შეიწყალეს, მათ შორის, 20-ზე მეტი კანონმდებელი, რომლებსაც ბრალად ედებოდათ მონაწილეობა ნიკოლას მადუროს წინააღმდეგ შეთქმულებაში.

შეგახსენებთ, რომ ვენესუელის ოპოზიციის ლიდერმა ხუან გუაიდომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ თქვა, რომ შედეგები გაყალბებული იყო და ხელახალი არჩევნების დანიშვნამდე გარდამავალი პრეზიდენტის პოსტი მას, როგორც ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს, უნდა დაეკავებინა.

50-ზე მეტმა ქვეყანამ, მათ შორის აშშ-მ, ბრაზილიამ, კანადამ, არგენტინამ, კოლუმბიამ, საქართველომ, საფრანგეთმა, ესპანეთმა, გერმანიამ, ბრიტანეთმა, პორტუგალიამ, შვედეთმა, დანიამ, ავსტრიამ, ჰოლანდიამ და, ასევე, ევროპარლამენტმა ის ვენესუელის გარდამავალ პრეზიდენტად ცნეს. ნიკოლას მადუროს რეჟიმს კი მხარს რუსეთი, ჩინეთი, თურქეთი, სირია და კუბა უჭერენ.

მადუროს რეჟიმის მმართველობისას შექმნილი ჰუმანიტარული კრიზისისა და ინფლაციის გამო ქვეყანა 3 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა. ქვეყანაში მძიმე ეკონომიკური კრიზისია. განიცდიან საწვავის დეფიციტს, რის გამოც ნავთობით მდიდარ ქვეყანას უწევს საწვავის მიღება სხვა ქვეყნებისგან, მათ შორის ირანისგან. .

კომენტარები