თბილისი

მიკროავტობუსების მძღოლები ხელფასს ახალი წესით აიღებენ, გადახდა მხოლოდ უნაღდოდ მოხდება

დღეს, 23 ოქტომბერს, თბილისის მერიამ ავტობუსების ახალი ქსელის პრეზენტაცია ჩაატარა. პრეზენტაციაზე თბილისის მერიამ წარმოადგინა, ახალი ავტობუსები და ასევე, რამდენიმე თვის წინ შეძენილი 300 ახალი მიკროავტობუსი. 

როგორც პრეზენტაციიდან გახდა ცნობილი, იცვლება მიკროავტობუსების მძღოლების სახელფასო სისტემა და იგი გეგმურის ნაცვლად ფიქსირებული იქნება. როგორც დედაქალაქის ვიცემერმა, ირაკლი ხმალაძემ თქვა, მიკროავტობუსების სახელფესო სისტემა არაეფექტიანი იყო და განაპირობებდა მოცდის დროის ზრდას და მგზავრების ჭარბ რაოდენობას. 

"დღეს მოქმედებს სახელფასო სისტემა, რომელშიც მძღოლის ხელფასი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა რაოდენობის მგზავრებს გადაიყვანს, შესაბამისად ხდება გრაფიკიდან გადაცდომა, თავიდან [მარშრუტის დასაწყისში] მძღოლები ნელა ატარებენ, რათა რაც შეიძლება მეტი მგზავრი ჩაისვან და, შესაბამისად, მგზავრების რაოდენობა ყოველთვის არის გადაჭარბებული." 

ხმალაძის თქმით, ახალ სისტემაში ანაზღაურება ფიქსირებული იქნება. "მიკროავტობუსებში, რომლებიც ახალი სისტემით იმოძრავებენ, ხელფასს მივცემთ ფიქსირებულად, ხოლო გრაფიკიდან გადაცდომას და მგზავრების რაოდენობას გავაკონტროლებთ, GPS და მგზავრების მთვლელი სისტემების მეშვეობით", - თქვა ხმალაძემ. 

მნიშვნელოვანია ისიც, რომ, როგორც ახალ ავტობუსებში, ასევე, მიკროავტობუსებში, ანგარიშსწორება მხოლოდ უნაღდო წესით მოხდება. 

პრეზენტაციაზე, ასევე, ლაპარაკი იყო თბილისის განახლებულ სატრანსპორტო პოლიტიკაზე. ხმალაძის თქმით, ამჟამად დედაქალაქის ავტოპარკში 550 ახალი ავტობუსია, ხოლო მომავალი წლის პირველ კვარტალში 130 ერთეული 12-მეტრიანი ავტობუსი დაემატება. 

ამავე პერიოდში იგეგმება დამატებით 18-მეტრიანი 200 ერთეული ავტობუსის დამატებაც. როგორც მერიაში ამბობენ, დღევანდელ სატრანსპორტო ქსელში მოცდის საშუალო დრო 28 წუთია [7 წუთიდან 110 წუთამდე], ხოლო ახალი სისტემით მოცდის საშუალო დრო 7 წუთამდე შემცირდება [3 წუთიდან 15 წუთამდე].

ხმალაძის თქმით ამ ცვლილების ფონზე, ერთ საათში საშუალოდ გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა 2,5-ჯერ გაიზრდება, ახლანდელი 27 000-დან 67 800 ადამიანამდე. 

როგორც პრეზენტაციაზე ითქვა, ქალაქის მასშტაბით ახალი მარშრუტები უკვე ხვალიდან, 24 ოქტომბრიდან ამოქმედდება და ისინი, ე.წ. სწრაფი სატრანსპორტო დერეფნის ფარგლებში იმოძრავებენ.

თბილისის მერიამ ახალი მიკროავტობუსები მიმდინარე წლის 17 აგვისტოს კომპანია ჯი თი მოტორსისგან შეიძინა. მიკროავტობუსების შესაძენად მერიამ ტენდერი თავდაპირველად გაზაფხულზე გამოაცხადა, თუმცა  იგიპანდემიის გამო გადაიდო. 

ტენდერის ჯამურმა ღირებულებამ 30 მილიონი ლარი შეადგინა, შესყიდვის პროცესში შესაძლო კორუფციულ გარიგებებზე გამოთქვა ეჭვი რამდენიმე კერძო კომპანიამ, რომლებიც ტენდერში მონაწილეობდნენ. მათი ნაწილი ამბობდა, რომ ტენდერის პირობები მხოლოდ ერთ კომპანიაზე, ჯი თი გრუპზე იყო მორგებული. 

კომენტარები