სპეცოპერაცია ზუგდიდში

ლელოს კანდიდატი: ტერორისტმა, ზუგდიდიდან წაღებული ფულით, სოფლებში წისქვილი გახსნას

0 კომენტარი

პარტია ლელოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წალენჯიხაში, ჩხოროწყუში, მარტვილსა და აბაშაში, თამარ ბელქანია, ყაჩაღს, რომელიც 21 ოქტომბერს ზუგდიდში, საქართველოს ბანკში შეიჭრა და მძევლები აიყვანა, მოუწოდებს, პოლიციას ჩაბარდეს და წაღებული ფულით სამეგრელოში წისქვილები გახსნას. 

ამის შესახებ ის Facebook-ზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ლაპარაკობს. 

„მივმართავ ტერორისტს, იმ ადამიანს, რომელმაც გუშინწინ ზუგდიდიდან ნახევარი მილიონი დოლარი წაიღო – ტერორიზმი დასაგმობია, თუმცა მას აქვს ერთადერთი გამოსავალი, ჩაბარდეს და იმ ფულით, რომელიც ჩვენგან წაიღო, წალენჯიხაში, ჩხოროწყუში, მარტვილში, აბაშაში, ყველა სოფელში წისქვილები გახსნას". - ამბობს თამარ ბელქანია. 

შეიარაღებული პირი საქართველოს ბანკის ფილიალში 21 ოქტომბერს, დღისით შეიჭრა. მან ბანკის თანამშრომლები და ადგილზე მყოფი მოქალაქეები მძევლებად აიყვანა.

მოგვიანებით ერთ-ერთი მძევალი, ირაკლი კვარაცხელია, დამნაშავის დავალებით, მედიას დაუკავშირდა. კვარაცხელიამ თქვა, რომ ოთახში, რომელშიც ყაჩაღთან ერთად იმყოფებოდა, 19 მძევალი იყო. კვარაცხელია ასევე ყვებოდა, რომ თავდამსხმელი იყო "კბილებამდე შეიარაღებული" - მას ავტომატი, პისტოლეტი და ყუმბარა ჰქონდა, რომელსაც დამცველი მოხსნა და მუდმივად ხელში ეჭირა.

ყაჩაღი მოითხოვდა, რომ სამართალდამცავებს მისთვის $500 000 გადაეცათ, ასევე, უზრუნველეყოთ მისი გადაადგილება ვერტმფრენით ან მანქანით, მძევლებთან ერთად.

დაახლოებით, 22:00 საათზე, თავდამსხმელმა საქართველოს ბანკის მიმდებარე ტერიტორია დატოვა სამ მძევალთან ერთად - მათ შორის ერთ-ერთი იყო შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, ავთანდილ გალდავა. სხვა მძევლები გათავისუფლდნენ.

აქედან რამდენიმე საათის შემდეგ, თავდამსხმელმა მასთან ერთად მყოფი სამი მძევალი გაათავისუფლა, თვითონ კი გაიქცა.

რა ვიცით სპეცოპერაციაზე - წაიკითხეთ აქ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

წინასაარჩევნო ქუბების ნაკრები [VIDEO]

კომენტარები