აშშ-ჩინეთი

აშშ-ს უსაფრთხოების მრჩევლის მოადგილე ჩინეთზე: საკონცენტრაციო ბანაკებს გამართლება არ აქვს

NYT

თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთოხების მრჩევლის მოადგილემ, მეთ პოტინგერმა დაგმო ჩინეთის ქმედებები უიღური მუსლიმებისა და სხვა ეთნიკური უმცირესობებისადმი და განაცხადა, რომ ქვეყანას, რომლის საზღვრებს შიგნით საკონცენტრაციო ბანაკებია, გამართლება არ აქვს. 

"ჩინურ ფილოსოფიაში, რელიგიაში, მორალურ კანონებში ვერ ვნახე დამაჯერებელი გამართლება საკონცენტრაციო ბანაკებისთვის, რომელიც შენ საზღვრებს შიგნით გაქვს". - განაცხადა მან მანდარინზე ბრიტანეთში დაფუძნებულ ანალიტიკურ ინსტიტუტთან ონლაინ მიმართვაში.

პოტინგერმა ჩინელ ხალხს მოუწოდა, რომ ჩინეთის მთავრობის პოლიტიკაში უიღურებისა და სხვა რელიგიური უმცირესობების მიმართ სიმართლე ეძიათ. 

მან თქვა, რომ ჩინელებმა თავიანთ თავს უნდა ჰკითხონ, ჟურნალმა The Economist-მა რატომ უწოდა სინძიანგში ჩინეთის ქმედებებს "კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაული". 

პოტინგერმა აღნიშნა, რომ საერთაშორისო მასშტაბით იზრდება კონსენსუსი პეკინის მიმართ მტკიცე პოზიციის დაჭერაზე. 

აშშ სინძიანგში ჩინეთის მთავრობის ქმედებებს უიღურებისა და სხვა ეთნიკური უმცირესობისადმი გმობს. აშშ-ს პეკინის ქმედებები ჯერ არ დაუხასიათებია, როგორც გენოციდი ან კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაული. მსგავს გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, მნიშვნელოვანი სამართლებრივი შედეგები მოჰყვება და ეს ჩინეთისადმი მეტად მკაცრ საპასუხო ნაბიჯების გადადგმას მოითხოვს.

პოტინგერმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ჩინეთის მმართველმა, სი ძინფინგმა, განაცხადა, რომ ჩინეთი არასდროს დაუშვებს, რომ მის სუვერენიტეტს, უსაფრთხოებას და განვითარების ინტერესებს ძირი გამოუთხარონ - სი ძინფინგი სიტყვით გამოვიდა ჩრდილოეთ კორეის დასახმარებლად და აშშ-ს ლიდერობით გაეროსა და სამხრეთ კორეის ძალების წინააღმდეგ, კორეის ნახევარკუნძულზე 2 მილიონი ჩინელი ჯარისკაცის განლაგების 70-ე წლისთავზე - "მძიმე ბრძოლების შემდეგ კბილებამდე შეიარაღებულმა ჩინურმა და კორეულმა ჯარებმა დაამარცხეს თავიანთი მოწინააღმდეგეები, გაანადგურეს მითი აშშ-ს სამხედრო უძლეველობის შესახებ და აიძულეს დამპყრობლები, ხელი მოეწერათ ზავისთვის 1953 წლის 27 ივლისს".

18 ოქტომბერს აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა, რობერტ ო'ბრაიენმა განაცხადა, რომ ის, რასაც ჩინეთი, სინძიანგში ეთნიკური უმცირესობების წინააღმდეგ სჩადის, გენოციდთან ახლოსაა.

ო'ბრაიენმა აშშ-ში გამოგზავნილი მრავალი ადამიანის თმის პროდუქტის მაგალითიც მოიხმო, რაც სინძინაგიდან იყო - "ჩინელები უიღურ ქალებს თმას პარსავენ, თმისგან პროდუქტს აკეთებენ და ამას აშშ-ში გზავნიან".

2018 წელს ჩინეთმა კანონმდებლობა შეცვალა, რაც რეგიონულ მთავრობას ოფიციალურად აძლევს საშუალებას, გამოიყენოს "საგანამანათლებლო და საწვრთნელი ცენტრები" "ექსტრემისტული გავლენების" ქვეშ მყოფ პირთა გამოსასწორებლად. ჩინეთის ოფიციალური პირები საერთაშორისო საზოგადოების კრიტიკას უარყოფენ და ამბობენ, რომ ეს მხოლოდ გამოსასწორებელი ცენტრებია კრიმინალებისათვის. ადამიანები, რომლებმაც ამ ცენტრებს თავი დააღწიეს, ყვებიან, რომ მათ ისლამის უარყოფას და კომუნისტური პარტიისათვის ერთგულების პირობის დადებას აიძულებდნენ და მათ პოლიტიკურ ინდოქტრინაციას ეწეოდნენ. ისინი არაადამიანური მოპყრობის შემთხვევებზე ყვებიან. მათი თქმით, დაკავებულთა მცირეწლოვან შვილებს მშობლებს აშორებენ და ბავშვთა სახლებში გადაჰყავთ.

ჩინეთის მთავრობა უიღურებს პოპულაციის გაკონტროლების მიზნით აიძულებს გამოიყენონ სხვადასხვა კონტრაცეპტივები. სამთავრობო სტატისტიკაზე, სახელმწფიო დოკუმენტებსა და ინტერვიუებზე დაყრდნობით AP-მ გამოძიება ჩაატარა. უკანასკნელი ოთხი წლის მანძილზე ჩინეთის მთავრობა სინძიანის პროვინციაში უიღურების წინააღმდეგ აქტიურ კამპანიას ატარებს, რომელსაც ზოგიერთი მკვლევარი „დემოგრაფიულ გენოციდსაც“ კი უწოდებს.

გასულ წელს გავრცელდა დოკუმენტები, რომლებშიც აღწერილია ჩინეთის სინძიანის პროვინციაში ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების დაკავების ბანაკებში არსებული სიტუაცია. დოკუმენტები მოიპოვა საგამოძიებო ჟურნალისტიკის საერთაშორისო კონსორციუმმა. იქ აღწერილია, როგორ ხდება დაკავება, ინდოქტრინაცია და დასჯა ბანაკებში. მილიონამდე ადამიანი სასამართლო პროცესის გარეშეა დაკავებული.

დოკუმენტებიდან ასევე ჩანს, რომ 2017 წელს მხოლოდ ერთ კვირაში 15 000 ადამიანი დააკავეს და ბანაკებში გადაიყვანეს. გარდა ამისა, 1.8 ადამიანი დაკვირვების ქვეშ მხოლოდ იმის გამო მოათავსეს, რომ ტელეფონებში მონაცემთა გაზიარების აპლიკაცია Zapya ჰქონდათ. ამის შემდეგ მთავრობამ 40 000-ზე მეტი ადამიანის შესახებ გამოძიება მოითხოვა, რათა მათ მიმართ არსებული ეჭვები გაქარწყლებულიყო. წინააღმდეგ შემთხვევაში, არსებობდა ბრძანება, რომ ისინი ბანაკებში გადაეყვანათ. გაიცა იმ უიღურების დაკავების ბრძანება, რომლებსაც სხვა ქვეყნის მოქალაქეობა ჰქონდათ. მონიტორინგი დაუწესეს საზღვარგარეთ მცხოვრებ უიღურებსაც, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ჩინეთის ამ საქმიანობაში მათი საელჩოებიც არიან ჩართული.

მანამდე New York Times-მა მოიპოვა დოკუმენტები, რომლებიც პრეზიდენტ სი ძინპინს რეგიონში მიმდინარე რეპრესიებთან აკავშირებს. დოკუმენტებში ჩანს, როგორ ხდება სინძიანში რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების მასობრივი დაკავება და მათი ახლობლების დაშინება.

აღსანიშნავია, რომ 9 ივლისს ვაშინგტონმა ჩინეთის პოლიტბიუროს წევრს, სინძიანგის უიღურების ავტონომიური რეგიონის კომუნისტური პარტიის მდივანს, ჩენ ცუანკუოს და სხვა მაღალი რანგის ჩინოვნიკებს სინძიანგში ადამიანის უფლებების დარღვევის გამო სანქციები დაუწესა. ტრამპის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ ჩენი უმაღლესი რანგის ჩინელი მაღალჩინოსანია, რომელსაც კი აქამდე აშშ-ს სანქციები შეხებია.

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო სინძიანგში არსებულ ვითარებას ადამიანის უფლებების დარღვევის გამო "საუკუნის ლაქას" უწოდებს.

კომენტარები