რუსეთი

106-ე დღეა, რუსეთის ქალაქ ხაბაროვსკში საპროტესტო აქცია იმართება [VIDEO]

0 კომენტარი

24 ოქტომბერს რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში, ქალაქ ხაბაროვსკში კიდევ ერთხელ გაიმართა დაკავებული გუბერნატორის, სერგეი ფურგალის მხარდამჭერი მთავრობის საწინააღმდეგო აქცია.

"საუკეთესო ცვლილება - პუტინის გადადგომა!"; "მოსკოვო, დააბრუნე ფურგალი! კორუფცია საკმარისია" - ამ და სხვა სლოგანებს გაიძახდნენ მსვლელობის მონაწილეები. ზოგ მომიტინგეს, ბელარუსის აქციების მხარდაჭერის ნიშნად, ბელარუსის ისტორიული დროშა ეკავა ხელში.

ნავალნის ხაბაროვსკის ოფისის გვერდი ავრცელებს მომიტინგის და პუტინისტური ნაციონალურ-განმათავისუფლებელი მოძრაობის წევრის დიალოგის ვიდეოს, სადაც აქციის მონაწილე მას ეკითხება "რას იზამთ, როდესაც პუტინი მოკვდება?", ის კი პასუხობს - "ის არ მოკვდება!".

შეგახსენებთ, რომ დაკავებული გუბერნატორი, სერგეი ფურგალი ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის ლიდერია, რომელმაც გუბერნატორის არჩევნებში მმართველი ძალის, "ერთიანი რუსეთის" კანდიდატი დაამარცხა. მას ბრალად ედება 2004-05 წლებში ბიზნესმენების მკვლელობების ორგანიზება. აქციის მონაწილეებს მიაჩნიათ, რომ მის წინააღმდეგ საქმე პოლიტიკური მოტივებით აღიძრა.

გასულ კვირებში გამართული აქციების შემდეგ ფურგალის ადვოკატმა მომიტინგეებს მოუწოდა, რომ მისი მხარდამჭერი აქციები აღარ გამართონ. როგორც ადვოკატმა მედიას უთხრა, გუბერნატორი ხალხის მხარდაჭერას აფასებს, მაგრამ არალეგალურ შეკრებებს არ ემხრობა.

ივლისის ბოლოს პუტინმა გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლად დაასახელა მიხაილ დეგტიარიოვი, მაგრამ მომიტინგეებს მის მიერ წამოყენებული კანდიდატურა არ მოსწონთ, რადგან მას რეგიონთან კავშირი არა აქვს და მის გადადგომას მოითხოვენ.

30 ივლისს დეგტიარიოვი ირწმუნებოდა, რომ ხაბაროვსკის აქციებზე პროვოკატორები საქართველოდან არიან.

ცენტრ Levada-ს გამოკითხვით, რუსების 45% ქვეყნის შორეულ აღმოსავლეთში, ხაბაროვსკის აქციების მონაწილეებს პოზიტიურად უყურებს, 17% - ნეგატიურად, 26%-ის შეხედულება ნეიტრალურია, ხოლო11%-ს კითხვაზე პასუხის გაცემა უჭირს.

ცენტრის მიერ ჩატარებულმა კიდევ ერთმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ გამოკითხულთა მხოლოდ 23% ასახელებს პუტინს პოლიტიკოსად, რომელსაც ენდობიან.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ყაჩაღობა ვარკეთილში - საბითუმო მაღაზიაზე თავდასხმისთვის ორი პირი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები