კორონავირუსი საქართველოში

კორონავირუსით ინფიცირებულებიდან 427-ის მდგომარეობა მძიმეა, 97 სუნთქვის აპარატზე იმყოფება

კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებიდან 427-ის მდგომარეობა მძიმეა, მათ შორის, 232  თბილისში მკურნალობს, 77 – აჭარაში.  ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 97 პაციენტი იმყოფება, მათ შორის, თბილისში – 54, აჭარაში – 20. 

ამის შესახებ  საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.  

დღეს, 24 ოქტომბერს, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 941 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც კიდევ ერთი რეკორდული მაჩვენებელია. გარდაიცვალა კიდევ 10 და გამოჯანმრთელდა 412 ადამიანი. 

ინფიცირების 1 941 ახალი შემთხვევიდან, 1 034 თბილისში გამოვლინდა, 320 – აჭარაში, იმერეთში – 258, ქვემო ქართლში – 107, შიდა ქართლში – 68, გურიაში – 12, სამეგრელოსა და ზემო სვანეთში – 49, კახეთში – 37, მცხეთა-მთიანეთში – 36, სამცხე-ჯავახეთში – 18,  რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 2. 

სულ, ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირების 26 503 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 10 163 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 193 კი გარდაიცვალა. 

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდაც. ასევე, აჭარაში, თბილისში, მცხეთასა და იმერეთში რესტორნები და გასართობი დაწესებულებები მხოლოდ 22:00-მდე მუშაობენ.

კომენტარები