სპეცოპერაცია ზუგდიდში

"ჩემი შვილების ცოდვას ნუ დაიდებ" – როგორ გადასცემს გალდავა თანხას ბანკზე თავდამსხმელს

Facebook-ზე გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს, თუ როგორ გადასცემს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ავთანდილ გალდავა ფულს ზუგდიდში, საქართველოს ბანკში შეჭრილ ყაჩაღს. 

"ჩემი შვილების ცოდვას ნუ დაიდებ, გთხოვ". - ეუბნება გალდავა ყაჩაღს, რაზეც ის პასუხობს, რომ, თუ ისინი არაფერს მოიმოქმედებენ, თავადაც არაფრის გაკეთებას აპირებას. 

ვიდეოში ისმის ისიც, რომ გალდავა მძევლად მხოლოდ თავის წაყვანას სთავაზობს, თუმცა თავდამსხმელი ამაზე პასუხობს, რომ "სისულელეა".

შეიარაღებული პირი საქართველოს ბანკის ფილიალში 21 ოქტომბერს, დღისით შეიჭრა. მან ბანკის თანამშრომლები და ადგილზე მყოფი მოქალაქეები მძევლებად აიყვანა.

მოგვიანებით ერთ-ერთი მძევალი, ირაკლი კვარაცხელია, დამნაშავის დავალებით, მედიას დაუკავშირდა. კვარაცხელიამ თქვა, რომ ოთახში, რომელშიც ყაჩაღთან ერთად იმყოფებოდა, 19 მძევალი იყო. კვარაცხელია ასევე ყვებოდა, რომ თავდამსხმელი იყო "კბილებამდე შეიარაღებული" - მას ავტომატი, პისტოლეტი და ყუმბარა ჰქონდა, რომელსაც დამცველი მოხსნა და მუდმივად ხელში ეჭირა.

ყაჩაღი მოითხოვდა, რომ სამართალდამცავებს მისთვის $500 000 გადაეცათ, ასევე, უზრუნველეყოთ მისი გადაადგილება ვერტმფრენით ან მანქანით, მძევლებთან ერთად.

დაახლოებით, 22:00 საათზე, თავდამსხმელმა საქართველოს ბანკის მიმდებარე ტერიტორია დატოვა სამ მძევალთან ერთად - მათ შორის ერთ-ერთი იყო შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, ავთანდილ გალდავა. სხვა მძევლები გათავისუფლდნენ.

ბოლო ინფორმაციით, თავდამსხმელმა მასთან ერთად მყოფი სამი მძევალი გაათავისუფლა, თვითონ კი გაიქცა. 

მედიასთან საუბრისას შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა თქვა, რომ ყაჩაღის მიერ მოთხოვნილი თანხა საქართველოს ბანკმა გადაიხადა და "არავითარი თანხა არაა სიცოცხლის საფასური".

კომენტარები