ყაჩაღობა

შსს: დავაკავეთ ყაჩაღები, რომლებიც სოფელ კლდეისში უცხოელ ოჯახს თავს დაესხნენ

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შსს-ის ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 23 ოქტომბერს სოფელ კლდეისში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი გახსნეს, როდესაც ყაჩაღები უცხოელ ოჯახს თავს დაესხნენ.

შსს-მ ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით 2 პირი დააკავა, დანაშაული 8-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ბედიანის ხეობის მიმდებარედ, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ კლდეისში მცხოვრები ცოლ-ქმრის, ჩინეთის მოქალაქის - პ.ქ.-ისა და ავსტრალიის მოქალაქის - ჯ.ფ.-ის სახლში მოტყუებით, უკანონოდ შეაღწიეს. ლ.ი.-მ და ი.კ.-მ ცოლ-ქმარს და მათ ორ შვილს ხელ-ფეხი შეუკრეს, რის შემდეგაც ცეცხლსასროლი და ცივი იარაღით სიცოცხლის მოსპობის მუქარით, უკანონოდ დაეუფლნენ სახლში არსებულ 16100 ლარს, ლეპტოპს, მობილურ ტელეფონებს და შემთხვევის ადგილიდან ჯ.ფ.-ის კუთვნილი ავტომობილით მიიმალნენ". –წერია შსს-ს განცხადებაში. 

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს.

კომენტარები