ახალი კორონავირუსი საქართველოში

ჩხენკელი: სამედიცინო მიმართულების უფროსკურსელები საჭიროებისას ჩაერთვებიან COVID-ის მართვაში

საქართველოს მთავრობა

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის თქმით, სამედიცინო მიმართულების უფროსკურსელები გადამზადდებიან, რათა შეიქმნას სამედიცინო პერსონალის რეზერვი და საჭიროებისას ისინი ვირუსის მართვის პროცესში ჩაერთვებიან. მინისტრმა ამის შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ისაუბრა.

"სამედიცინო მიმართულების უფროსკურსელები გადამზადდებიან, გაივლიან სწრაფ კურსს იმისთვის, რომ შეიქმნას სამედიცინო პერსონალის რეზერვი და საჭიროების შემთხვევაში ისინი ჩაერთვებიან COVID-ის სამედიცინო მენეჯმენტში და დაეხმარებიან ჩვენს ჩვენს ექიმებს". – თქვა მიხეილ ჩხენკელმა.

26 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 872 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გარდაიცვალა კიდევ 14 და გამოჯანმრთელდა 603 ადამიანი. 

ქვეყანაში სულ COVID-19-ით ინფიცირების 30 303 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 11 370 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 215 კი გარდაიცვალა. სულ ინფიცირების 18 718 აქტიური შემთხვევაა.

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდაც. ასევე, აჭარაში, თბილისში, მცხეთასა და იმერეთში რესტორნები და გასართობი დაწესებულებები მხოლოდ 22:00-მდე მუშაობენ.

კომენტარები