ბელარუსი

მინსკში დემონსტრანტების წინააღმდეგ ხმოვანი ყუმბარები და რეზინის ტყვიები გამოიყენეს

ТАСС / Scanpix / LETA

25 ოქტომბერს მინსკში "სახალხო ულტიმატუმის" საპროტესტო აქცია გაიმართა. წინასწარი შეფასებით, მარშში 100 000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. ბოლო პერიოდში ეს ყველაზე მასშტაბური აქცია იყო ბელარუსში.

აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სამართალდამცველებმა ხმოვანი ყუმბარები და რეზინის ტყვიები გამოიყენეს.

"საგანგებო ზომები იყო გამოყენებული აგრესიულად განწყობილი მომიტინგეების შესაკავებლად და პოლიციის თანამშრომლებზე თავდასხმის თავიდან ასარიდებლად". – თქვა შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა, ოლგა ჩემოდანოვამ.

გავრცელდა ინფორმაცია რამდენიმე დაზარალებულის შესახებ. გამოცემა Новая газета-მ თავის Telegram-არხზე გამოაქვეყნა რეზინის ტყვიით მუცელში დაჭრილი კაცის სურათი. ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტროს დაშავებულთა ზუსტი რაოდენობის შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით ქვეყნის მასშტაბით აქციებზე 523 ადამიანი დააკავეს. აქედან დედაქალაქ მინსკი პოლიციამ 160 დემონსტრანტი დააკავა.

აქციის გამო მინსკში მობილიზებულია უშიშროების ძალები. ქალაქის ცენტრში მათ მეტალის ბარიერები აღმართეს. დაიხურა მეტროს სადგურების ნაწილი, შეიზღუდა წვდომა მობილურ ინტერნეტზე.

ოპოზიციურმა ლიდერმა სვეტლანა ტიხანოვსკაიამ ქვეყანაში 26 ოქტომბრიდან საყოველთაო გაფიცვის დაწყება გამოაცხადა. თავის განცხადებაში ტიხანოვსკაიამ აღნიშნა, რომ ძალადობა ერთადერთია, რაც რეჟიმს შეუძლია.

"26 ოქტომბერს დაიწყება საყოველთაო გაფიცვა. ბელარუსები გადადგამენ ამ ნაბიჯს, იმიტომ, რომ მათი სიტყვა კანონია. კანონი, რომელსაც ცდილობენ, წაგვართვან, მაგრამ რომელსაც აუცილებლად დავიბრუნებთ. ამაში დაგვეხმარება ჩვენი მთავარი მშვიდობიანი იარაღი - სოლიდარობა". – თქვა სვეტლანა ტიხანოვსკაიამ თავის Telegram-არხზე გავრცელებულ განცხადებაში.

ბელარუსის ოპოზიციის ლიდერმა სვეტლანა ტიხანოვსკაიამ სამშაბათს, 13 ოქტომბერს, ალექსანდრ ლუკაშენკოს ულტიმატუმი წაუყენა. ულტიმატუმის თანახმად, თუ 25 ოქტომბრამდე ალექსანდრ ლუკაშენკო არ გადადგება, არ შეწყდება დემონსტრანტებზე ძალადობა და არ გაათავისუფლებენ ყველა პოლიტპატიმარს, 26 ოქტომბრიდან ქვეყანაში მასობრივი გაფიცვა დაიწყება. ტიხანოვსკაიას თქმით, ეს სახალხო ულტიმატუმია.

საპროტესტო აქციები ბელარუსში ორი თვეა, გრძელდება. დემონსტრაციები 9 აგვისტოს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო, მოსახლეობა არჩევნების შედეგებს აპროტესტებს. არჩევნების შედეგების თანახმად ალექსანდრ ლუკაშენკო ბელარუსის პრეზიდენტი მეექვსე ვადით გახდა. მან ხმების 80%-ზე მეტი მოაგროვა. ბელარუსის ცეესკოს მონაცემების თანახმად სვეტლანა ტიხანოვსკაიამ ხმების 10% დააგროვა. ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ ცნობს და ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვს. აქციების დაწყების შემდეგ ქვეყანაში 12 000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.

კომენტარები