კორონავირუსი საქართველოში

კვირას NCDC-მა კორონავირუსზე მხოლოდ 5692 PCR ტესტი ჩაატარა, აქედან 1872 დადებითია

გასულ 24 საათში დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა კორონავირუსზე მხოლოდ 5 692 PCR ტესტი ჩაატარა, აქედან თითქმის 33% - 1872 პასუხი დადებითი აღმოჩნდა.

24 ოქტომბერს ქვეყანაში 8 619 PCR ტესტი ჩატარდა და მისი 22% (1928 პასუხი) აღმოჩნდა დადებითი.

საყურადღებოა, რომ ბოლო 24 საათში წინა დღესთან შედარებით რაოდენობრივად ინფიცირების 56-ით ნაკლები შემთხვევა გამოვლინდა, თუმცა, 2 927-ით ნაკლები PCR ტესტი ჩატარდა.

26 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში სულ COVID-19-ით ინფიცირების 30 303 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 11 370 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 215 კი გარდაიცვალა. ქვეყანაში სულ ინფიცირების 18 718 აქტიური შემთხვევაა. აქედან 2/3-ზე მეტი ბინაზე ან Covid-სასტუმროებში მკურნალობს.

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდაც. ასევე, აჭარაში, თბილისში, მცხეთასა და იმერეთში რესტორნები და გასართობი დაწესებულებები მხოლოდ 22:00-მდე მუშაობენ.

კომენტარები