არჩევნები 2020

ინფიცირებულთა და იზოლაციაში მყოფ პირთა რეგისტრაციის ვადა დღეს, 26 ოქტომბერს სრულდება

ghn.ge

ინფიცირებულთა და იზოლაციაში მყოფ პირთა რეგისტრაციის ვადა დღეს, 26 ოქტომბერს სრულდება. ამის შესახებ ინფორმაციას ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს და მიმართავს თვითიზოლაციაში მყოფ ამომრჩევლებს, გადასატანი საარჩევნო ყუთით მომსახურებისთვის დარეკონ სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრში.

ცენტრალური საარჩევნო კომისია არ აკეთებს განმარტებას, რა ბედი ეწევა იმ ამომრჩევლის ხმას, რომელიც 26 ოქტომბრის შემდეგ დაინფიცირდება ან მოუწევს თვითიზოლაციაში გადასვლა. ოფიციალური მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირების ყოველდღიური რიცხვი 2000-ს აღწევს. კარანტინის რეჟიმში 3 769 ადამიანია, ხოლო თვითიზოლაციაში მყოფი კონტაქტების რიცხვი უცნობია.

"იმისათვის, რომ თვითიზოლაციაში მყოფმა პირებმა შეძლონ არჩევნებში მონაწილეობის მიღება და საკუთარი კონსტიტუციური უფლების რეალიზება, ცესკოში უკვე მესამე დღეა, გამართულად და სრული დატვირთვით მუშაობს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრი და 25 ოპერატორი დილის 10:00 სთ-დან 22:00 სთ-მდე აფიქსირებენ მოქალაქეების მოთხოვნებს.

შესაბამისი უწყების მიერ გადმოცემული მონაცემების მიხედვით, 25 ოქტომბრის მდგომარეობით, დაახლოებით, 9000-მდე პირია რეგისტრირებული ბაზაში, რომლებიც არიან საარჩევნო ასაკის მქონე და კენჭისყრის დღისთვის იქნებიან თვითიზოლაციაში. ამასთან, აღნიშნული მონაცემები 26 ოქტომბრის მდგომარეობით დამატებით განახლდება.

მოცემული დროისთვის გადასატანი საარჩევნო ყუთის მოთხოვნით ცესკოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრს მომართა 1500-ზე მეტმა ამომრჩეველმა და ამ წუთებშიც გრძელდება ზარების მიღება". – აცხადებს ცესკო.

საარჩევნო კომისია აღნიშნავს, რომ სპეციალური უბნებისა და მისამართების მიხედვით გადანაწილდებიან თვითიზოლაციაში მყოფი პირები, რომელთა მოთხოვნა შეესაბამება გადასატანი ყუთით მომსახურების კრიტერიუმებს. შემდგომში ცესკოს განკარგულებით დამტკიცდება ამომრჩეველთა სპეციალური სიები და რაოდენობის შესაბამისად დაიბეჭდება ბიულეტენები, რომლებიც კენჭისყრის დღემდე მიეწოდება საქართველოს მასშტაბით ყველა სპეციალურ უბანს.

"საარჩევნო ადმინისტრაცია შეახსენებს თვითიზოლაციაში მყოფ პირებს, რომ გადასატანი საარჩევნო ყუთის მოთხოვნის ვადა დღეს, 22:00 საათზე იწურება. შესაბამისად, კიდევ ერთხელ მივმართავთ მათ, დარეკონ ცესკოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრში ტელეფონის ნომერზე 2-51-00-51 (0) და დროულად მოითხოვონ გადასატანი საარჩევნო ყუთით მომსახურება". – აცხადებს ცესკო.

კომენტარები