ყაჩაღობა ზუგდიდში

შსს: საქ. ბანკში შეჭრილი ყაჩაღი ბადრი ესებუაა, ის დაკავებული არ არის

0 კომენტარი
ფოტო: მთავარი არხი

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, რომ ყაჩაღი, რომელიც 22 ოქტომბერს ზუგდიდში საქართველოს ბანკში შეიარაღებული შეიჭრა და მძევლები აიყვანა, ბადრი ესებუაა. შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა არ იციან, სად იმყოფება ბადრი ესებუა. 

"ოპერატიული და სამძებრო ღონისძიებების შედეგად, თავდასხმაში მონაწილე იდენტიფიცირებული პირია 1988 წელს დაბადებული ბადრი ესებუა. მისი ადგილსამყოფელის დადგენისა და დაკავების მიზნით, პოლიცია სპეციალურ ოპერატიული, საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებებს აქტიურად განაგრძობს". – თქვა შს მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ ბორცვაძემ. 

როგორც ბორცვაძემ მედიასთან საუბარში განმარტა, დამნაშავე იმავე ღამესვე იყო იდენტიფიცირებული. ვლადიმერ ბორცვაძემ უარყო გავრცელებული ცნობა, რომ დაკავებული ბადრი ესებუა სამართალდამცველებს გაექცათ. 

გუშინ, 25 ოქტომბერს შსს-მ გაავრცელა ცნობა, რომ ყაჩაღი უკვე იდენტიფიცირებული იყო და მედიას მოუწოდა, არ გაევრცელებინათ მისი ვინაობა. მთავარმა არხმა იმავე დღესვე გაავრცელა ცნობა იმის შესახებ, რომ ყაჩაღი ბადრი ესებუა იყო, რომელიც მათივე ცნობით, მოქმედი სამხედროა. 

შსს-ს განცხადებამდე ცოტა ხნით ადრე მის სახლში ჩხრეკა ჩატარდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 323-ე, 236-ე და 329-ე მუხლებით გრძელდება, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. 

შეიარაღებული ტერორისტი საქართველოს ბანკის ფილიალში 21 ოქტომბერს, დღისით შეიჭრა. მან ბანკის თანამშრომლები და ადგილზე მყოფი მოქალაქეები მძევლებად აიყვანა.

მოგვიანებით ერთერთი მძევალი, ირაკლი კვარაცხელია, დამნაშავის დავალებით, მედიას დაუკავშირდა. კვარაცხელიამ თქვა, რომ ოთახში, რომელშიც თავდამსხმელთან ერთად იმყოფებოდა, 19 მძევალი იყო. კვარაცხელია ასევე ყვებოდა, რომ თავდამსხმელი იყო "კბილებამდე შეიარაღებული" - მას ავტომატი, პისტოლეტი და ყუმბარა ჰქონდა, რომელსაც დამცველი მოხსნა და მუდმივად ხელში ეჭირა.

თავდამსხმელი მოითხოვდა, რომ სამართალდამცავებს მისთვის $500 000 გადაეცათ, ასევე, უზრუნველეყოთ მისი გადაადგილება ვერტმფრენით ან მანქანით, მძევლებთან ერთად.

დაახლოებით, 22:00 საათზე, თავდამსხმელმა საქართველოს ბანკის მიმდებარე ტერიტორია დატოვა სამ მძევალთან ერთად – მათ შორის ერთერთი იყო შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, ავთანდილ გალდავა. სხვა მძევლები გათავისუფლდნენ.

აქედან რამდენიმე საათის შემდეგ, თავდამსხმელმა მასთან ერთად მყოფი სამი მძევალი გაათავისუფლა, თვითონ კი გაიქცა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დედა-შვილი მოქალაქეებს დევნილის სტატუსს ჰპირდებოდა და ფულს ართმევდა

კომენტარები