მთვარე

NASA-ს აღმოჩენა: მთვარე უფრო მეტ წყალს შეიცავს, ვიდრე აქამდე მიიჩნეოდა

ახალმა დაკვირვებებმა გამოავლინა, რომ მთვარეზე წყალი უფრო გავრცელებული და ხელმისაწვდომია, ვიდრე აქამდე მიიჩნეოდა. ეს განსაკუთრებით კარგი ამბავია NASA-სთვის, რადგან დაეხმარება მომავლის ასტრონავტებს იცხოვრონ და იმუშაონ მთვარის ზედაპირზე. 

ერთ კვლევაში მეცნიერებმა აღმოაჩინეს წყალი პირდაპირ მთვარის ზედაპირის იმ ნაწილზე, სადაც მზე ანათებს, ხოლო მეორე კვლევა ამტკიცებს, რომ ყინული "დატყვევებულია" მცირე ზომის კრატერებში. ეს აღმოჩენები ნიშნავს, რომ წყალი მთვარის ზედაპირზე გაცილებით უფრო დიდი ოდენობითაა, ვიდრე ითვლებოდა. ორივე კვლევა დღეს ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა.

ეს არაა პირველი შემთხვევა, როდესაც მთვარეზე წყალი აღმოაჩინეს. მთვარეზე წყლის არსებობის პირველი მტკიცებულება 2008 წელს, ინდოეთის კოსმოსურმა ხომალდმა Chandrayan-1-მა დაადასტურა, მაგრამ მხოლოდ მიუღწეველ ადგილებში, მთვარის სამხრეთ პოლუსთან ახლოს მდებარე  მუდმივად ჩრდილში მოქცეულ დიდ კრატერებში. ასეთი კრატერები სახიფათოდ ცივია - ტემპერატურა 240 გრადუს ცელსიუსს აღწევს, რაც  მის გამოყენებას შეუძლებელს ხდის. "ისინი მზის სისტემის ყველაზე ცივი ადგილებია". – ამბობს პოლ ჰაინი, კოლორადოს უნივერსიტეტის პლანეტოლოგი და Nature-ში გამოქვეყნებული კვლევის მთავარი ავტორი. 

დღეს გამოქვეყნებული კვლევების თანახმად, ასტრონავტებს მომავალ ექსპედიციებში ექნებათ შესაძლებლობა მოიპოვონ წყალი მთვარის სხვა, ნაკლებად მომაკვდინებელ რეგიონებში. მთვარეზე წყლის მოპოვება მიმზიდველი იდეაა ნებისმიერისთვის, ვისაც მთვარეზე ბაზის ან დასახლების აგება სურს. გაწმენდის შემთხვევაში შესაძლებელი იქნება მისი გამოყენება სასმელ წყლად ან მცენარეების მოსარწყავად. ასევე, შესაძლებელია წყლის დაშლა შემადგენელ კომპონენტებად - წყალბადი და ჟანგბადი - და მისი გარდაქმნა რაკეტის საწვავად. მთვარეზე მარაგების გაგზავნას დიდი დრო, ენერგია და ფული სჭირდება, თუ ასტრონავტებს შეეძლებათ იმ მარაგების გამოყენება, რაც მთვარეზე დახვდებათ, ეს დიდ ენერგიას, დროს და რესურსს დაზოგავს. 

ბოლო ორი წლის განმავლობაში NASA პროგრამა Artemis-ის ფარგლებში ადამიანების მთვარეზე გაგზავნაზე ფოკუსირდებოდა, რისი საბოლოო მიზანიც თვითმყოფადობა იყო. ახალი დაკვირვებები ამ მიზნის მიღწევას შესაძლებელს ხდის. 

კომენტარები