ტერორისტული აქტი ზუგდიდში

თავდაცვა: ესებუა მოქმედი სამხედრო არაა, ვერ გეტყვით, იყო თუ არა

0 კომენტარი

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბადრი ესებუა, რომელიც შსს-მ 21 ოქტომბერს ზუგდიდში საქართველოს ბანკზე თავდამსხმელად დაასახელა, მოქმედი სამხედრო მოსამსახურე არ არის.

"ესებუა არ ირიცხება თავდაცვის ძალებში და არც მოქმედი სამხედრო მოსამსახურე არ არის". – უთხრეს ტაბულას თავდაცვის სამინისტროში.

უწყებაში ასევე ამბობენ, რომ ესებუასთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას ვერ გასცემენ და არც იმის თქმა შეუძლიათ, არის თუ არა ის ყოფილი სამხედრო. 

21 ოქტომბერს შინაგან საქმეთა საქმეთა სამინისტრომ ზუგდიდში საქართველოს ბანკში მომხდარი თავდასხმის საქმეზე მუხლები გადააკვალიფიცირა. ამ დროისთვის გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 323-ე, 236-ე და 329-ე მუხლებით გრძელდება, რაც ტერორისტულ აქტს, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდებასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. 

25 ოქტომბერს შსს-მ განაცხადა, რომ საქართველოს ბანკზე თავდამსხმელი იდენტიფიცირებული იყო. იმავე საღამოს მთავარმა არხმა გაავრცელა ცნობა, რომ იდენტიფიცირებული თავდამსხმელი ბადრი ესებუაა. 26 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე შს მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ბორცვაძემ ეს ინფორმაცია დაადასტურა. იქამდე ცოტა ხნით ადრე ესებუას სახლი სამართალდამცველებმა გაჩხრიკეს.

როგორც შსს-ს მაღალჩინოსანი ამბობს, სამართალდამცველებისთვის ამ დრომდე უცნობია, სად იმყოფება ბადრი ესებუა და მას კვლავ ეძებენ.

შეიარაღებული ტერორისტი საქართველოს ბანკის ფილიალში 21 ოქტომბერს, დღისით შეიჭრა. მან ბანკის თანამშრომლები და ადგილზე მყოფი მოქალაქეები მძევლებად აიყვანა. მძევლები ყვებიან, რომ დამნაშავე "კბილებამდე შეიარაღებული" იყო. მას ავტომატი, პისტოლეტი და ყუმბარა ჰქონდა, რომელსაც დამცველი მოხსნა და მუდმივად ხელში ეჭირა.

თავდამსხმელი მოითხოვდა, რომ სამართალდამცავებს მისთვის $500 000 გადაეცათ, ასევე, უზრუნველეყოთ მისი გადაადგილება ვერტმფრენით ან მანქანით, მძევლებთან ერთად.

დაახლოებით, 22:00 საათზე, თავდამსხმელმა საქართველოს ბანკის მიმდებარე ტერიტორია დატოვა სამ მძევალთან ერთად – მათ შორის ერთერთი იყო შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, ავთანდილ გალდავა, რომელიც მძევალს ჩაენაცვლა. სხვა მძევლები გათავისუფლდნენ.

აქედან რამდენიმე საათის შემდეგ, თავდამსხმელმა მასთან ერთად მყოფი სამი მძევალი გაათავისუფლა, თვითონ კი გაიქცა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: პატიმრობის მისჯის შემდეგ მსჯავრდებული ტყეში გაიქცა, 58 წლის კაცი უკვე დავაკავეთ

კომენტარები