პარტიების ხედვები ძირითად საკითხებზე

0 კომენტარი

ტაბულა გთავაზობთ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციური პარტიების ხედვებს ძირითად სოციალურ-ეკონომიკურ, გარემოსდაცვით, საშინაო, საგარეო, ჯანდაცვისა და განათლების საკითხებზე. მასალა მომზადებულია საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს მიერ შექმნილ პლატფორმა chemikhma.ge-ზე დაყრდნობით. ორგანიზაციიის ცნობით, კითხვარი გაეგზავნა იმ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებსაც NDI-ის საზოგადოებრივი აზრის ბოლო კვლევებში 1%-იანი მხარდაჭერა მაინც ჰქონდათ, მათ შორის ქართულ ოცნებასა და პატრიოტთა ალიანსსაც, მაგრამ მათ ორგანიზაციისთვის კითხვარის პასუხები არ მიუწოდებიათ.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
ფოტო: ტაბულა

სოციალურ-ეკონომიკური საკითხები

  • ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მოსაზრებით, საპენსიო ასაკი არ უნდა გაიზარდოს. 
  • პარტიის აზრით, ქვეყანაში დამსაქმებელი კანონით ვალდებული არ უნდა იყოს, რომ თანამშრომელ კაცსა და ქალს გადაუხადოს მსგავსი ხელფასი, თუ ისინი ერთნაირ სამუშაოს ასრულებენ. პარტია პასუხს იმით ასაბუთებს, რომ სახელმწიფო არ უნდა ჩაერიოს კერძო კომპანიების სახელფასო პოლიტიკაში.
  • პარტიის პოზიციაა, რომ სახელმწიფო არ უნდა იყოს მსხვილი დამსაქმებელი, ანუ სამუშაო ადგილების ძირითადი წყარო ქვეყანაში. სახელმწიფომ მხოლოდ ხელი უნდა შეუწყოს ქვეყანაში ისეთი გარემოს არსებობას, რომელიც შექმნის სამუშაო ადგილებს კერძო სექტორში. ამასთანავე, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მიიჩნევს, რომ ქვეყანაში არ უნდა არსებობდეს უმუშევართა სახელმწიფო შემწეობაც. 
  • ნაციონალური მოძრაობის აზრით, ქვეყანაში არ უნდა არც არსებობდეს კანონით დადგენილი მინიმალური ხელფასი.
  • ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მხარს უჭერს სახელმწიფოს მიერ სოფლის მეურნეობის სექტორის სუბსიდირებას.
  • პარტია არ ემხრობა ევთანაზიის (განუკურნებელი სენით დაავადებული ადამიანის, რომლის გადარჩენის შანსი არ არსებობს, კანონიერი უფლება, სხვისი დახმარებით თავი მოიკლას) დაკანონებას და დასაშვებად მიიჩნევს აბორტის შესაძლებლობას, თუ ორსულობის ხანგრძლივობა არ აღემატება სამ თვეს.
  • ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აზრით, კანონმდებლობით, ფულზე აზარტული თამაშები არ უნდა აიკრძალოს. 
  • პარტია ეთანხმება ავტომობილების ტექნიკური დათვალიერების სავალდებულო პროცედურად არსებობას, მაგრამ პარტიის პოზიციის თანახმად, პროცედურაზე მხოლოდ მინიმალური მოთხოვნები უნდა დაწესდეს.

საშინაო საკითხები

  • ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ემხრობა საქართველოს პარლამენტში ქალთა სავალდებულო კვოტირების არსებობას. 
  • ენმ-ში მიაჩნიათ, რომ ქვეყანაში რელიგიური ორგანიზაციები სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა ფინანსდებოდნენ.
  • კითხვაზე, უნდა სარგებლობდეს თუ არა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია კონსტიტუციური შეთანხმებით მინიჭებული განსაკუთრებული სტატუსითა და შეღავათებით, პარტია პასუხობს, რომ “დიახ”.
  • ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მხარს არ უჭერს სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული საზოგადოებრივი მაუწყებლის არსებობას.
  • პარტიის აზრით, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს უნდა ჰქონდეთ საქართველოში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შეძენის უფლება, მაგრამ გარკვეული შეზღუდვებით.
  • ნაციონალური მოძრაობა არ ეთანხმება სავალდებულო სამხედრო სამსახურის არსებობას. პარტიის აზრით, ქვეყანაში მხოლოდ პროფესიული ჯარი უნდა არსებობდეს.

ჯანმრთელობის დაცვის საკითხები

  • ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში მიაჩნიათ, რომ ქვეყენაში სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა არ უნდა არსებობდეს. პარტია თვლის, რომ უნდა არსებობდეს მხოლოდ მიზნობრივი სახელმწიფო დაზღვევა მათთვის, ვისაც არ აქვს კერძო დაზღვევის შეძენის შესაძლებლობა.
  • მარიხუანას მოხმარების ლეგალიზებას ნაციონალური მოძრაობა არ ემხრობა, მაგრამ პარტიის აზრით, იგი დეკრიმინალიზებული უნდა იყოს და ადამიანებს მარიხუანას მოხმარების გამო ციხეში არ უნდა სვამდნენ.  

საგარეო პოლიტიკის საკითხები

  • ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ემხრობა საქართველოს გაწევრიანებას ევროკავშირსა და NATO-ში. პარტია წინააღმდეგია ქვეყნის რუსეთის მიერ შექმნილ ევრაზიულ კავშირში შეერთებისა და თვლის, რომ საქართველო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ საერთაშორისო სანქციებსაც უნდა შეუერთდეს.
  • პარტიის აზრით, ქვეყანაში კანონით უნდა იყოს შეზღუდული რუსეთის იმპერიალისტური იდეების აშკარა პროპაგანდა და ამასთანავე, პარტიაში მიაჩნიათ, რომ 2008 წლის აგვისტოს ომი საქართველოსთან სწორედ რუსეთმა დაიწყო.
  • ენმ ეთანხმება აზრს, რომ რუსეთის ფედერაცია საქართველოს ოკუპანტი და მტერია და მასთან ქვეყანას კეთილმეზობლური ურთიერთობა არ უნდა ჰქონდეს, სანამ საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაცია არ მოხდება.

განათლების საკითხები

  • ენმ ემხრობა საშუალო სკოლებში (10-12 კლასები) სექსუალური განათლების შესახებ საგნის არსებობას.
  • ამასთან, პარტიის აზრით, ქვეყანაში აკრძალული უნდა იყოს საჯარო სკოლებში რელიგიური ორგანიზაციების მიერ ჩატარებული რელიგიური რიტუალები.
  • პარტიაში თვლიან, რომ სახელმწიფომ  სრულად უნდა დაფაროს სკოლამდელი ასაკის ყველა ბავშვის განათლების ხარჯები.

ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის
ფოტო: ტაბულა

სოციალურ-ეკონომიკური საკითხები

  • ევროპული საქართველო არ ემხრობა არსებული საპენსიო ასაკის (ქალებისთვის – 60 წელი, კაცებისთვის – 65 წელი) გაზრდას, მაგრამ პარტიაში თვლიან, რომ იმ მოქალაქეებისათვის, რომელთაც პენსიის დაგროვება დღეიდან 20 წელზე მეტ ხანს უწევთ, შეიძლება გაიზარდოს საპენსიო ასაკი. პარტიის აზრით, ქვეყანაში ყველა დასაქმებულისთვის დაგროვებითი პენსიის სისტემაში მონაწილეობა სავალდებულო არ უნდა იყოს.
  • პარტიაში თვლიან, რომ ქვეყანაში სახელმწიფო არ უნდა იყოს მსხვილი დამსაქმებელი და მან მხოლოდ ხელი უნდა შეუწყოს ქვეყანაში ისეთი გარემოს არსებობას, რომელიც შექმნის სამუშაო ადგილებს კერძო სექტორში.
  • ევროპული საქართველოს აზრით, დამსაქმებელი კანონით ვალდებული არ უნდა იყოს, რომ თანამშრომელ კაცსა და ქალს მსგავსი ხელფასები გადაუხადოს იმ შემთხვევაში, როცა ისინი ერთნაირ სამუშაოს ასრულებენ. პარტიის არგუმენტი ამ პოზიციასთან მიმართებით არის, რომ არსებობს ბევრი სხვა კრიტერიუმი (განათლება, გამოცდილება, თანამდებობის სპეციფიკა და სხვა), რომლებიც უზრუნველყოფენ სამართლიან ანაზღაურებას და სახელმწიფო ამ საკითხის რეგულირებაში მხოლოდ მაშინ უნდა ერეოდეს, თუ დისკრიმინაცია სქესის ნიშნით ხდება.
  • ევროპულ საქართველოში მიაჩნიათ, რომ ქვეყანაში უმუშევართა სახელმწიფო შემწეობა არ უნდა არსებობდეს და ამგვარი დახმარება მხოლოდ მათ უნდა ეხებოდეთ, ვინც სიღარიბის ზღვარს ქვემოთ არის.
  • ევროპული საქართველოში ასევე ფიქრობენ, რომ ქვეყანაში კანონით დადგენილი მინიმალური ხელფასის ოდენობა არ უნდა არსებობდეს.
  • პარტია არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ სახელმწიფოს მიერ სოფლის მეურნეობა უნდა დასუბსიდირდეს.
  • პარტია განმარტავს, რომ სახელმწიფომ უნდა შექმნას პირობები ინფრასტრუქტურის, ირიგაციისა და საგარეო ბაზრების გახსნის თვალსაზრისით და ამით ხელი შეუწყოს  სოფლის მეურნეობის განვითარებას.
  • ევროპული საქართველო ქვეყანაში ევთანაზიის კანონიერ უფლებად ჩამოყალიბებას ეთანხმება, მაგრამ მხოლოდ მას შემდეგ, რაც სამედიცინო გამოკვლევით დადასტურდება, რომ ეს ადამიანი არ არის ფსიქიკურად დაავადებული.  ევროპული საქართველო ეთანხმება კანონმდებლობით აბორტის დაშვებას, თუ ორსულობის ხანგრძლივობა არ აღემატება სამ თვეს (პარტია განმარტავს, რომ აბორტისა და ევთანაზიის შესახებ პოზიცია არ არის ერთიანად ჩამოყალიბებული და შერჩეული პასუხები პარტიის გაცხადებული მსოფლმხედველობის გათვალისწინებით, პასუხების ავტორთა ვარაუდია).
  • ევროპულ საქართველოში თვლიან, რომ ქვეყანაში ფულზე აზარტული თამაშების კანონმდებლობით აკრძალვა საჭირო არ არის.
  • მათი აზრით, ქვეყანაში ავტომობილთა ტექნიკური დათვალიერება სავალდებულო უნდა იყოს, თუმცა მხოლოდ მინიმალური მოთხოვნები უნდა წესდებოდეს.

საშინაო საკითხები

  • ევროპული საქართველო მხარს არ უჭერს საქართველოს პარლამენტში ქალთა სავალდებულო კვოტირების შემოღებას, თუმცა, ფიქრობენ, რომ შეიძლება ამ პოლიტიკის გამტარებელი პარტიები ფინანსურად წახალისდნენ.
  • პარტიის აზრით, რელიგიური ორგანიზაციები სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ უნდა ფინანსდებოდნენ. პარტია განმარტავს, რომ მოქალაქეებს უნდა ჰქონდეთ უფლება, საკუთარი შემოსავლიდან საგადასახადო შეღავათების ნაცვლად, მათთვის სასურველ რელიგიურ ან არაკომერციულ ორგანიზაციას გადაურიცხონ შემოწირულობა. პარტიაში ასევე თვლიან, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია კონსტიტუციური შეთანხმებით მინიჭებული განსაკუთრებული სტატუსითა და შეღავათებით არ უნდა სარგებლობდეს.
  • კითხვაზე, უნდა არსებობდეს თუ არა სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული საზოგადოებრივი მაუწყებელი, პარტია პასუხობს, რომ “არა”. 
  • ევროპულ საქართველოში თვლიან, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შეძენის უფლება უნდა ჰქონდეთ.
  • პარტია არ ემხრობა სავალდებულო სამხედრო სამსახურის არსებობას და თვლის, რომ ქვეყანას მხოლოდ პროფესიული ჯარი უნდა ჰყავდეს. პარტიაში განმარტავენ, რომ ამავე დროს უნდა არსებობდეს რეზერვისტების ნებაყოფლობითი პროგრამა, სამხედრო სამსახური სავალდებულო კი მხოლოდ საომარი მდგომარეობის დროს უნდა იყოს.
  • ევროპული საქართველო მიიჩნევს, რომ ქვეყანაში აკრძალული უნდა იყოს კომუნისტური ტოტალიტარული სიმბოლოების საჯარო დემონსტრირება/განთავსება, მაგრამ აკრძალვა მხოლოდ საჯარო დაწესებულებებსა და ქონებას უნდა შეეხებოდეს.

ჯანმრთელობის დაცვის საკითხები  

  • ევროპული საქართველოს აზრით, ქვეყანაში სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა არ უნდა არსებობდეს, უნდა არსებობდეს მხოლოდ მიზნობრივი სახელმწიფო დაზღვევა მათთვის, ვისაც არ აქვს კერძო დაზღვევის შეძენის შესაძლებლობა.
  • ევროპული საქართველო ემხრობა მარიხუანას მოხმარების ლეგალიზებას.

საგარეო პოლიტიკის საკითხები

  • ევროპულ საქართველოში ემხრობიან ქვეყნის NATO-სა და ევროკავშირში გაწევრიანებას და არ ეთანხმებიან საქართველოს რუსეთის მიერ შექმნილ ევრაზიულ კავშირში შესვლის იდეას.
  • პარტიის პოზიციაა, რომ ქვეყანა უნდა შეუერთდეს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ საერთაშორისო სანქციებს.
  • ევროპულ საქართველოში მიაჩნიათ, რომ რუსეთის  აშკარა იმპერიალისტური პროპაგანდა კანონით არ უნდა შეიზღუდოს, თუმცა, პარტიის აზრით, რუსეთის ფედერაცია საქართველოს ოკუპანტი და მტერია და მასთან არ უნდა გვქონდეს კეთილმეზობლური ურთიერთობა, სანამ ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაცია არ მოხდება.
  • პარტია იზიარებს მოსაზრებას, რომ 2008 წლის აგვისტოს ომი რუსეთმა დაიწყო.

განათლების საკითხები

  • ევროპული საქართველო მხარს უჭერს საშუალო სკოლებში სექსუალური განათლების შესახებ საგნის არსებობას, თუმცა მხოლოდ შესაბამისი ასაკიდან.
  • პარტიის აზრით, ქვეყანაში აკრძალული უნდა იყოს საჯარო სკოლებში რელიგიური ორგანიზაციების მიერ რელიგიური რიტუალების ჩატარება. პარტიის პოზიციაა, რომ ამგვარი ქმედებები მხოლოდ მშობლების თანხმობით უნდა დაიშვას, ისიც არასასწავლო საათებში.
  • ევროპული საქართველო არ ემხრობა სკოლამდელი ასაკის ყველა ბავშვის განათლების ხარჯების სახელმწიფოს მიერ დაფარვას. პარტიაში განმარტავენ, რომ ქვეყანაში სახელმწიფოს მხრიდან მხოლოდ სკოლამდელი ასაკის საჯარო დაწესებულებებში (საბავშვო ბაღებში) რეგისტრირებული ბავშვების განათლების ხარჯები უნდა დაიფაროს.  

სტრატეგია აღმაშენებელი
ფოტო: ტაბულა

სოციალურ-ეკონომიკური საკითხები

  • სტრატეგია აღმაშენებლის გუნდის აზრით, ქვეყანაში კანონმდებლობით დადგენილი ამჟამინდელი საპენსიო ასაკი არ უნდა გაიზარდოს. პარტიაში თვლიან, რომ დაგროვებით საპენსიო სისტემაში მონაწილეობა ყველა დასაქმებულისთვის სავალდებულო არ უნდა იყოს.
  • სტრატეგია აღმაშენებლის პასუხი კითხვაზე, უნდა იყოს თუ არა დამსაქმებელი კანონით ვალდებული, რომ თანამშრომელ მამაკაცსა და ქალს გადაუხადოს მსგავსი ხელფასი, თუ ისინი ერთნაირ სამუშაოს ასრულებენ, პასუხი არის, რომ “არა”. პარტია თვლის, რომ არსებობს სხვა კრიტერიუმები, რომლებიც უფრო სამართლიანად უზრუნველყოფენ შესაბამისი ანაზღაურების გაცემას.
  • დასაქმებასთან მიმართებით, სტრატეგია აღმაშენებლის პოზიციაა, რომ სახელმწიფო მსხვილი დამსაქმებელი არ უნდა იყოს და ის მხოლოდ ხელშემწყობი ფაქტორი უნდა გახდეს სამუშაო ადგილების შექმნის პროცესში. ამასთან, პარტია არ ემხრობა დასაქმებულთათვის მინიმალური ხელფასის ოდენობის კანონმდებლობით დადგენას.
  • სტრატეგია აღმაშენებელს მიაჩნია, რომ სახელმწიფო არ უნდა ასუბსიდირებდეს სოფლის მეურნეობის სფეროს. პარტიაში განმარტავენ, რომ სახელმწიფომ მხოლოდ არამატერიალური/არაფულადი დახმარება შეიძლება გაწიოს ამ სექტორში.
  • პარტია არ ემხრობა საქართველოში ევთანაზიის უფლების დაკანონებას და დასაშვებად მიიჩნევს აბორტს, თუ ორსულობის ხანგრძლივობა არ აღემატება სამ თვეს.
  • სტრატეგია აღმაშენებელში არ მიაჩნიათ, რომ ფულზე აზარტული თამაშები უნდა აიკრძალოს და განმარტავენ, რომ საჭიროა არა სრულიად აკრძალვა, არამედ რეკლამის შეზღუდვა.
  • სტრატეგია აღმაშენებლის აზრით, ავტომობილების ტექნიკური დათვალიერება ქვეყანაში სავალდებულო უნდა იყოს.

საშინაო საკითხები

  • სტრატეგია აღმაშენებელი ემხრობა საქართველოს პარლამენტში ქალთა სავალდებულო კვოტირების არსებობას.
  • პარტიის აზრით, ქვეყანაში რელიგიური ორგანიზაციები სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა ფინანსდებოდნენ და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია განსაკუთრებული სტატუსითა და შეღავათებითაც უნდა სარგებლობდეს,
  • პარტიაში არ ემხრობიან სახელმწიფოს მიერ საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსებას.
  • მათი აზრით, უცხოელ მოქალაქეებს უნდა ჰქონდეთ საქართველოში სასოფლო-სამეურნეო მიწების შეძენის უფლება, თუმცა გარკვეული შეზღუდვებით.
  • პარტია არ ემხრობა სავალდებულო სამხედრო სამსახურის არსებობას და განმარტავს, რომ ქვეყანაში მხოლოდ პროფესიული ჯარი უნდა გვყავდეს.

ჯანმრთელობის დაცვის საკითხები

  • სტრატეგია აღმაშენებლის პასუხი კითხვაზე, უნდა არსებობდეს თუ არა სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, პასუხი არის, რომ “დიახ”.
  • პარტია არ ემხრობა მარიხუანას მოხმარების ლეგალიზებას, თუმცა, მათი აზრით, ის დეკრიმინალიზებული უნდა იყოს და ადამიანებს მოხმარების გამო ციხეში არ უნდა სვამდნენ.

საგარეო პოლიტიკის საკითხები

  • სტრატეგია აღმაშენებელი ემხრობა საქართველოს NATO-სა და ევროკავშირში გაწევრიანებას და ეწინააღმდეგება ქვეყნის რუსეთის მიერ შექმნილ ევრაზიის კავშირში გაერთიანებას. პარტიის პოზიციის მიხედვით, საქართველო უნდა შეუერთდეს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ საერთაშორისო სანქციებს და ქვეყანაში კანონით უნდა შეიზღუდოს რუსეთის იმპერიალისტური იდეების აშკარა პროპაგანდა.
  • პარტიას მიაჩნია, რომ 2008 წელს საქართველოსთან ომი რუსეთმა დაიწყო და ეთანხმება მოსაზრებას, რომ რუსეთის ფედერაცია არის საქართველოს ოკუპანტი და მტერი, მასთან არ უნდა გვქონდეს კეთილმეზობლური ურთიერთობა, სანამ არ მოხდება ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაცია.

განათლების საკითხები

  • სტრატეგია აღმაშენებელი ემხრობა საშუალო სკოლებში სექსუალური განათლების შესახებ საგნის არსებობას და მიაჩნია, რომ საჯარო სკოლებში აკრძალული უნდა იყოს რელიგიური ორგანიზაციების მიერ რელიგიური რიტუალების ჩატარება.
  • პარტიაში მიაჩნიათ, რომ სახელმწიფომ სრულად უნდა დაფაროს სკოლამდელი ასაკის ყველა ბავშვის განათლების ხარჯები.

საქართველოს ლეიბორისტული პარტია
ფოტო: ტაბულა

სოციალურ-ეკონომიკური საკითხები

  • ლეიბორისტული პარტიის აზრით, ქვეყანაში საპენსიო ასაკი არ უნდა გაიზარდოს, პირიქით, უნდა შემცირდეს. პარტიაში მიიჩნევენ, რომ სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემაში მონაწილეობა ყველა დასაქმებულისთვის სავალდებულო უნდა იყოს.
  • პარტიაში მიაჩნიათ, რომ ქვეყანაში დამსაქმებელი ვალდებული უნდა იყოს თანამშრომელ კაცსა და ქალს, თუ ისინი ერთნაირ სამუშაოს ასრულებენ, მსგავსი ხელფასი გადაუხადოს. უფრო მეტიც, პარტიის აზრით, კერძო კომპანიები ვალდებულნი უნდა იყვნენ, გაასაჯაროონ ინფორმაცია სახელფასო განაკვეთის კატეგორიების შესახებ.
  • ლეიბორისტული პარტიის აზრით, ქვეყანაში სახელმწიფო უნდა იყოს მსხვილი დამსაქმებელი, მაგრამ მხოლოდ ისეთ სფეროებში, სადაც კერძო სექტორი ნაკლებად არის წარმოდგენილი. ასევე, უნდა არსებობდეს სახელმწიფო შემწეობა უმუშევართათვის და კანონით დადგენილი უნდა იყოს მინიმალური ხელფასის ოდენობა.
  • ლეიბორისტული პარტია ემხრობა სახელმწიფოს მიერ სოფლის მეურნეობის სექტორის სუბსიდირებას, მხოლოდ წვრილი გლეხური მეურნეობებისთვის.
  • პარტიაში არ ეთანხმებიან საქართველოში ევთანაზიის უფლების დაკანონებას. ასევე, ეწინააღმდეგებიან აბორტის შესაძლებლობას, გარდა გაუპატიურებისა და დედის ან ბავშვის ჯანმრთელობისთვის საფრთხისშემცველი სიტუაციების არსებობის შემთხვევებისა.
  • ლეიბორისტულ პარტიაში მიაჩნიათ, რომ ქვეყანაში ფულზე აზარტული თამაშები უნდა აიკრძალოს. პარტია აზუსტებს, რომ სრულად აკრძალვა მხოლოდ ონლაინ აზარტულ თამაშებს უნდა შეეხოს, ხოლო ფიქსირებულ ადგილზე აზარტული თამაშები მხოლოდ სპეციალურ გეოგრაფიულ ზონებში შეიძლება იყოს დაშვებული.
  • ლეიბორისტული პარტია ეთანხმება, რომ ქვეყანაში ავტომობილთა ტექნიკური დათვალიერება სავალდებულო იყოს.

საშინაო საკითხები

  • ლეიბორისტული პარტია არ ემხრობა პარლამენტში ქალთა სავალდებულო კვოტირების შემოღებას და მიაჩნია, რომ ამ პოლიტიკის გამტარებელი პარტიები, შეიძლება, ფინანსურად წახალისდნენ.
  • პარტიაში ემხრობიან რელიგიური ორგანიზაციების სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებას, მაგრამ განმარტავენ, რომ ბიუჯეტიდან მხოლოდ ტრადიციული რელიგიური გაერთიანებები (მართლმადიდებელი, ისლამური, იუდეური, რომაულ-კათოლიკური და სომხური სამოციქულო აღმსარებლობის) უნდა ფინანსდებოდეს. ამასთან, ლეიბორისტები ეთანხმებიან მართლმადიდებელი ეკლესიისთვის მინიჭებული განსაკუთრებული სტატუსისა და შეღავათების არსებობას.
  • პარტია ეთანხმება სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული საზოგადოებრივი მაუწყებლის არსებობას, მაგრამ მიაჩნია, რომ დაფინანსების ოდენობა უნდა შემცირდეს. ასევე, უნდა მოხდეს მისი ძირეული რეფორმა დამოუკიდებლობის, პროდუქციის ხარისხის ზრდის, პოლიტიკური და საზოგადოებრივი ჯგუფების თანაბარი გაშუქების მიმართულებით და არამხოლოდ.
  • ლეიბორისტული პარტიის აზრით, საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეებს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შეძენის უფლება არ უნდა ჰქონდეთ.
  • პარტია ემხრობა ქვეყანაში სავალდებულო სამხედრო სამსახურის არსებობას, თუმცა განმარტავს, რომ არაუმეტეს 6 თვის ვადით (ორ ნაწილად გაყოფის უფლებით), სათანადო პირობებითა და რეალური სამხედრო მომზადების მიღების პერსპექტივით.

ჯანმრთელობის დაცვის საკითხი

  • ლეიბორისტულ პარტიაში მიაჩნიათ, რომ ქვეყანაში სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა უნდა არსებობდეს.
  • პარტია არ ემხრობა მარიხუანას მოხმარების ლეგალიზებას, მაგრამ ემხრობა მის დეკრიმინალიზებას.

საგარეო პოლიტიკის საკითხები

  • ლეიბორისტები ემხრობიან საქართველოს NATO-სა და ევროკავშირში გაწევრიანებას, ასევე, ეთანხმებიან აზრს საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებში შეერთების შესახებ და ეწინააღმდეგებიან რუსეთის მიერ ჩამოყალიბებულ ევრაზიულ კავშირში საქართველოს გაწევრიანებას.
  • პარტიაში მიაჩნიათ, რომ 2008 წელს საქართველოსთან ომი რუსეთმა დაიწყო და ეთანხმებიან მოსაზრებას, რომ რუსეთის ფედერაცია არის საქართველოს ოკუპანტი და მტერი, მასთან არ უნდა გვქონდეს კეთილმეზობლური ურთიერთობა, სანამ არ მოხდება ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაცია.
  • პარტიის აზრით, ქვეყანაში კანონით შეზღუდული უნდა იყოს რუსეთის იმპერიალისტური იდეების აშკარა პროპაგანდაც.

განათლების საკითხი

  • ლეიბორისტულ პარტიაში არ ემხრობიან საშუალო სკოლაში სექსუალური განათლების შესახებ საგნის არსებობას, მაგრამ პარტიაში განმარტავენ, რომ თემა, შესაძლოა, არსებობდეს მხოლოდ შეზღუდული და ადაპტირებული ფორმით, ბიოლოგიის კურსის ფარგლებში.
  • პარტია მიიჩნევს, რომ ქვეყანაში საჯარო სკოლებში რელიგიური ორგანიზაციების მიერ რიტუალების ჩატარება აკრძალული უნდა იყოს.
  • ლეიბორისტების აზრით, სახელმწიფო სკოლამდელი ასაკის ყველა ბავშვის განათლების ხარჯებს სრულად უნდა ფარავდეს. 

ლელო საქართველოსთვის
ფოტო: ტაბულა

სოციალურ-ეკონომიკური საკითხები

  • პარტია ლელო არ ემხრობა ქვეყანაში საპენსიო ასაკის გაზრდას და თვლის, რომ დაგროვებით საპენსიო სისტემაში მონაწილეობა ყველა დასაქმებულისთვის სავალდებულო უნდა იყოს.
  • დასაქმების თვალსაზრისით, პარტიის პოზიციაა, რომ ქვეყანაში სახელმწიფო მსხვილი დამსაქმებელი არ უნდა იყოს და ის მხოლოდ ხელს უნდა უწყობდეს ქვეყანაში ისეთი გარემოს ფორმირებას, რომელიც შექმნის სამუშაო ადგილებს კერძო სექტორში.
  • ლელოს მიაჩნია, რომ ქვეყანაში უმუშევართა სახელმწიფო შემწეობა არ უნდა არსებობდეს, მაგრამ უნდა იყოს კანონით დადგენილი მინიმალური ხელფასის ოდენობა.
  • პარტიის აზრით, სახელმწიფომ უნდა დაასუბსიდიროს სოფლის მეურნეობის სექტორი. 
  • ლელო წინააღმდეგია საქართველოში ევთანაზიის უფლების დაკანონების და დასაშვებად მიიჩნევს აბორტს იმ შემთხვევაში, თუ ორსულობის ხანგრძლივობა სამ თვეს არ აღემატება.
  • ლელოს აზრით, ქვეყანაში ფულზე აზარტული თამაშების აკრძალვა საჭირო არ არის.
  • ლელოს მიაჩნია, რომ ქვეყანაში ავტომობილების ტექნიკური დათვალიერება სავალდებულო უნდა იყოს.

საშინაო საკითხები

  • ლელო განმარტავს, რომ პარტია ემხრობა საქართველოს პარლამენტში ქალთა სავალდებულო კვოტირების არსებობას, მაგრამ დროებით.
  • პარტიის აზრით, საქართველოში რელიგიური ორგანიზაციებიდან სახელმწიფო ბიუჯეტით მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესია უნდა ფინანსდებოდეს და განმარტავენ, რომ პარტია მიზანშეწონილად მიიჩნევს დაფინანსების განსხვავებულ მოდელს.
  • რელიგიურ ასპექტში პარტიას ასევე მიაჩნია, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია კონსტიტუციური შეთანხმებით მინიჭებული განსაკუთრებული სტატუსითა და შეღავათებით უნდა სარგებლობდეს.
  • ლელო ემხრობა სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული საზოგადოებრივი მაუწყებლის არსებობასაც.
  • პარტიაში მიაჩნიათ, რომ საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეებს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შეძენის უფლება უნდა ჰქონდეთ, თუმცა გარკვეული შეზღუდვებით.
  • ლელო ემხრობა სავალდებულო სამხედრო სამსახურის არსებობას საქართველოში და მიაჩნიათ, რომ ის სავალდებულო უნდა იყოს, როგორც კაცებისთვის, ისე ქალებისთვის.

ჯანმრთელობის დაცვის საკითხები

  • ლელო ეთანხმება ქვეყანაში სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებული საყოველთაო ჯანდაცვის სისტემის არსებობას.
  • პარტიაში არ ემხრობიან მარიხუანას მოხმარების ლეგალიზებას, თუმცა მიაჩნიათ, რომ ის დეკრიმინალიზებული უნდა იყოს.

საგარეო პოლიტიკის საკითხები

  • ლელო ემხრობა საქართველოს NATO-სა და ევროკავშირში გაწევრიანებას და წინააღმდეგია ქვეყნის ევრაზიულ კავშირში გაწევრიანების. ასევე, პარტიაში მიაჩნიათ, რომ საქართველო უნდა შეუერთდეს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ საერთაშორისო სანქციებს, მაგრამ მათი აზრით, ქვეყანაში კანონით არ უნდა იყოს შეზღუდული რუსული იმპერიალისტური იდეების აშკარა პროპაგანდა.
  • პარტიაში მიაჩნიათ, რომ 2008 წელს საქართველოსთან ომი რუსეთმა დაიწყო და ეთანხმებიან მოსაზრებას, რომ რუსეთის ფედერაცია არის საქართველოს ოკუპანტი და მტერი, მასთან არ უნდა გვქონდეს კეთილმეზობლური ურთიერთობა, სანამ არ მოხდება ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაცია.

განათლების საკითხები

  • ლელო ემხრობა საშუალო სკოლებში სექსუალური განათლების შესახებ საგნის არსებობას, ამასთან, პარტიაში მიიჩნევენ, რომ საჯარო სკოლებში აკრძალული უნდა იყოს რელიგიური ორგანიზაციების მიერ რიტუალების ჩატარება.
  • პარტიის პასუხი კითხვაზე, სახელმწიფომ სრულად უნდა დააფინანსოს თუ არა სკოლამდელი ასაკის ყველა ბავშვის განათლების ხარჯები, პასუხი არის, რომ “არა”. ლელოს განმარტებით, სახელმწიფომ მხოლოდ სკოლამდელი ასაკის საჯარო დაწესებულებებში რეგისტრირებული ბავშვების განათლების ხარჯები უნდა დაფაროს. 

გირჩი
ფოტო: ტაბულა

სოციალურ-ეკონომიკური საკითხები

  • პარტია გირჩის აზრით, საქართველოში საპენსიო ასაკი მხოლოდ ქალებისთვის უნდა გაიზარდოს. პარტია განმარტავს, რომ ეს კითხვა რთული საპასუხოა, ვინაიდან, მათი აზრით, სახელმწიფო ასაკობრივი პენსია სრულად გასაუქმებელია და მთავრობა მხოლოდ იმათ შეიძლება ეხმარებოდეს, ვისაც ამის საჭიროება აქვს. პენსიის საკითხთან მიმართებით, გირჩის პოზიციაა, რომ ქვეყანაში დაგროვებით საპენსიო სისტემაში მონაწილეობა სავალდებულო არ უნდა იყოს.
  • დასაქმების თვალსაზრისით, გირჩში მიაჩნიათ, რომ ქვეყანაში დამსაქმებელი კანონით ვალდებული არ უნდა იყოს, რომ თანამშრომელ მამაკაცსა და ქალს, ერთნაირი სამუშაოს შესრულების დროს მსგავსი ხელფასები გადაუხადოს, რადგან სახელმწიფო კერძო კომპანიების სახელფასო პოლიტიკაში არ უნდა ერეოდეს.
  • პარტიის აზრით, ქვეყანაში სახელმწიფო მსხვილი დამსაქმებელი არ უნდა იყოს, არ უნდა არსებობდეს უმუშევართა სახელმწიფო შემწეობა და კანონით დადგენილი მინიმალური ხელფასის ოდენობა.
  • გირჩში არ ემხრობიან სახელმწიფოს მიერ სოფლის მეურნეობის სექტორის სუბსიდირებას.
  • პარტიის აზრით, თუ გამოკვლევებით დადასტურდება, რომ ადამიანი ფსიქიკურად დაავადებული არ არის, მას უნდა ჰქონდეს ევთანაზიის უფლება.
  • გირჩის წევრთა უმრავლესობას ასევე დაშვებულად მიაჩნია აბორტი და განმარტავენ, რომ აბორტი უნდა აიკრძალოს ორსულობის მხოლოდ იმ პერიოდიდან, როდესაც ნაყოფის ამოყვანა და ინკუბატორში გაზრდა ფიზიკურად შესაძლებელი ხდება.
  • გირჩის აზრით, საქართველოში ფულზე აზარტული თამაშები არ უნდა აიკრძალოს.
  • გირჩის პასუხი კითხვაზე, უნდა იყოს თუ არა სავალდებულო ავტომობილების ტექნიკური დათვალიერება, პასუხი არის, რომ “არა”.

საშინაო საკითხები

  • გირჩი არ ემხრობა საქართველოს პარლამენტში ქალთა სავალდებულო კვოტირების შემოღებას.
  • პარტიაში მიაჩნიათ, რომ ქვეყანაში რელიგიური ორგანიზაციები სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ უნდა ფინანსდებოდნენ. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია კი არ უნდა სარგებლობდეს განსაკუთრებული სტატუსითა და შეღავათებით.
  • გირჩი ეწინააღმდეგება სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული საზოგადოებრივი მაუწყებლის ფუნქციონირებას.
  • პარტია არ ემხრობა ქვეყანაში სავალდებულო სამხედრო სამსახურის არსებობას და განმარტავს, რომ საქართველოს მხოლოდ პროფესიული ჯარი უნდა ჰყავდეს.
  • გირჩში დასაშვებად მიიჩნევენ უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის საქართველოში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შეძენის უფლების დაშვებას.

ჯანმრთელობის დაცვის საკითხები

  • გირჩი არ ეთანხმება ქვეყანაში სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის არსებობას.
  • პარტია ემხრობა მარიხუანას მოხმარების ლეგალიზებას და მათი აზრით, მისი მოყვანა და ყიდვა-გაყიდვაც ლეგალური უნდა იყოს.

საგარეო პოლიტიკის საკითხები

  • გირჩი ემხრობა საქართველოს NATO-სა და ევროკავშირში გაწევრიანებას, ასევე ემხრობა აზრს საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული საერთაშორისო სანქციებში შეერთების შესახებ და ეწინააღმდეგება რუსეთის მიერ ჩამოყალიბებულ ევრაზიულ კავშირში საქართველოს გაწევრიანებას.
  • გირჩში მიაჩნიათ, რომ 2008 წელს საქართველოსთან ომი რუსეთმა დაიწყო. პარტია ასევე ეთანხმება მოსაზრებას, რომ რუსეთის ფედერაცია არის საქართველოს ოკუპანტი და მტერი, მასთან არ უნდა გვქონდეს კეთილმეზობლური ურთიერთობა, სანამ არ მოხდება ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაცია.
  • პარტია განმარტავს, რომ თუ კეთილმეზობლობაში იგულისხმება გახსნილი საზღვრები და თავისუფალი ვაჭრობა რუსეთთან, მაშინ ისინი ეთანხმებიან კეთილმეზობლური ურთიერთობის არსებობას, ხოლო თუ ამაში "პუტინთან ჩახუტება" იგულისხმება, მაშინ – არა.

განათლების საკითხები

  • გირჩში არ ემხრობიან საშუალო სკოლებში სექსუალური განათლების შესახებ საგნის არსებობას. პარტიაში განმარტავენ, რომ ეს საკითხი ისე უნდა გადაწყდეს, როგორც კონკრეტული სკოლა მშობლებთან შეთანხმებით გადაწყვეტს. გირჩში მიაჩნიათ, რომ არავის აქვს მორალური უფლება სკოლა/მშობელი/ბავშვი აიძულოს რაიმე ისწავლოს ან არ ისწავლოს. პარტია რეფორმას არ ემხრობა საჯარო სკოლების შემთხვევაში, კერძო სკოლების შემთხვევაში კი მიაჩნიათ, რომ მათ თავად უნდა გადაწყვიტონ, რას ასწავლიან მოსწავლეებს.
  • გირჩი ეთანხმება საჯარო სკოლებში რელიგიური ორგანიზაციების მიერ რიტუალების ჩატარების აკრძალვას.
  • პარტიაში მიაჩნიათ, რომ სახელმწიფომ სკოლამდელი ასაკის მხოლოდ იმ ბავშვთა განათლების ხარჯები უნდა დაფაროს, ვინც სოციალური მდგომარეობის გამო საჭიროებს დახმარებას.

ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები
ფოტო: ტაბულა

სოციალურ-ეკონომიკური საკითხები

  • პარტია მოქალაქეები არ ემხრობა ქვეყანაში საპენსიო ასაკის გაზრდასა და დაგროვებით საპენსიო სისტემაში ყველა დასაქმებულის სავალდებულოდ ჩართვას.
  • პარტია თვლის, რომ დამსაქმებელი ვალდებული უნდა იყოს თანამშრომელ კაცსა და ქალს, თუ ისინი ერთნაირ სამუშაოს ასრულებენ, მსგავსი ხელფასი გადაუხადოს.
  • მოქალაქეებს მიაჩნიათ, რომ სახელმწიფო არ უნდა იყოს მსხვილი დამსაქმებელი და მან მხოლოდ ხელი უნდა შეუწყოს კერძო სექტორში სამუშაო ადგილების შექმნას. პარტიაში ასევე ეთანხმებიან უმუშევართა სახელმწიფო შემწეობის არსებობას, მაგრამ არა მათთვის, ვისაც მუშაობა შეუძლია. ამასთან, მიიჩნევენ, რომ ქვეყანაში უნდა არსებობდეს დადგენილი მინიმალური ხელფასის ოდენობა.
  • პარტიის აზრით, სახელმწიფომ უნდა დაასუბსიდიროს სოფლის მეურნეობა. 
  • პარტია მოქალაქეებში ეწინააღმდეგებიან ევთანაზიის დაკანონებას და დაშვებულად მიაჩნიათ აბორტი, თუ ორსულობის ხანგრძლივობა არ აღემატება სამ თვეს.
  • მოქალაქეების პოზიციის მიხედვით, ქვეყანაში ფულზე აზარტული თამაშები არ უნდა აიკრძალოს.
  • პარტია ეთანხმება ქვეყანაში ავტომობილთა ტექნიკური დათვალიერების სავალდებულო პროცედურის არსებობას.

საშინაო პოლიტიკის საკითხები

  • მოქალაქეები არ ემხრობიან პარლამენტში ქალთა სავალდებულო კვოტირების შემოღებას და მიაჩნიათ, რომ ამ პოლიტიკის გამტარებელი პარტიები, შეიძლება, ფინანსურად წახალისდნენ.
  • რელიგიასთან მიმართებით, პარტიაში ფიქრობენ, რომ რელიგიური ორგანიზაციები სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ უნდა ფინანსდებოდნენ. ასევე, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას არ უნდა ჰქონდეს მინიჭებული განსაკუთრებული სტატუსი და შეღავათები.
  • ისინი არ ემხრობიან სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული საზოგადოებრივი მაუწყებლის არსებობას.
  • უცხო ქვეყნის მოქალაქეებს კი საქართველოში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შეძენის უფლება უნდა ჰქონდეთ, თუმცა გარკვეული შეზღუდვებით.
  • მოქალაქეების აზრით, ქვეყანაში სავალდებულო სამხედრო სამსახური არ უნდა არსებობდეს და მხოლოდ პროფესიული ჯარი უნდა გვყავდეს.

ჯანმრთელობის დაცვის საკითხები

  • პარტია მოქალაქეების აზრით, საქართველოში სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა არ უნდა არსებობდეს, უნდა არსებობდეს მხოლოდ მიზნობრივი სახელმწიფო დაზღვევა მათთვის, ვისაც არ აქვს კერძო დაზღვევის შეძენის შესაძლებლობა.
  • პარტიაში არ ემხრობიან მარიხუანას მოხმარების ლეგალიზებას, თუმცა ემხრობიან მის დეკრიმინალიზებას.

საგარეო პოლიტიკის საკითხები

  • პარტია მოქალაქეები ემხრობა საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებას, ასევე ემხრობა აზრს საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციებში შეერთების შესახებ და ეწინააღმდეგება რუსეთის მიერ ჩამოყალიბებულ ევრაზიულ კავშირში საქართველოს გაწევრიანებას.
  • პარტიაში მიაჩნიათ, რომ 2008 წელს საქართველოსთან ომი რუსეთმა დაიწყო და ეთანხმებიან მოსაზრებას, რომ რუსეთის ფედერაცია არის საქართველოს ოკუპანტი და მტერი, მასთან არ უნდა გვქონდეს კეთილმეზობლური ურთიერთობა, სანამ არ მოხდება ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაცია.
  • პარტიის აზრით, ქვეყანაში კანონით შეზღუდული უნდა იყოს რუსეთის იმპერიალისტური იდეების აშკარა პროპაგანდაც.

განათლების საკითხები

  • პარტია მოქალაქეებში მიაჩნიათ, რომ საშუალო სკოლებში სექსუალური განათლების შესახებ საგნები უნდა არსებობდეს.
  • მათი აზრით, საჯარო სკოლებში აკრძალული უნდა იყოს რელიგიური ორგანიზაციების მიერ რელიგიური რიტუალების ჩატარება.
  • მოქალაქეების ხედვის თანახმად, სახელმწიფომ სრულად უნდა დაფაროს სკოლამდელი ასაკის ყველა ბავშვის განათლების ხარჯები.                                                                     

შეგახსენებთ, საქართველოში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული წესით ჩატარდება და ის 31 ოქტომბერს გაიმართება.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: პატიმრობის მისჯის შემდეგ მსჯავრდებული ტყეში გაიქცა, 58 წლის კაცი უკვე დავაკავეთ

კომენტარები