ტერორისტული აქტი ზუგდიდში

ბოკერია ესებუას საქმეზე: ვხედავ ქაოსს, უტიფარ სიცრუეს და არაპროფესიონალიზმს

ევროპული საქართველო

"ეს არის პოლიტიკური დაავადება, რომელიც მოდის ივანიშვილიდან და მეტასტაზებით გადადის სამთავრობო სტრუქტურებზე. შინაგან საქმეთა სამინისტრო, უბრალოდ, არის ის ადგილი, სადაც ეს ყველაზე უფრო მტკივნეულად ჩანს". – ასე აფასებს ფოთში, ხობსა და სენაკში ევროპული საქართველოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გიგა ბოკერია ქვეყანაში კრიმინალთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებას. 

ამის შესახებ გიგა ბოკერიამ ზუგდიდში საქართველოს ბანკზე თავდასხმის საქმის მიმოხილვისას ისაუბრა. 

როგორც დეპუტატი ამბობს, ეს მდგომარეობა წლებია გრძელდება, დაწყებული იმით, რომ ხელისუფლებას არ ადარდებს ჩვეულებრივი მოქალაქეების ბედი, გაგრძელებული ორგანიზებულ დანაშაულთან ღია შეკვრით, დანაშაულის სტატისტიკის დამალვით, პოლიციაში პოლიტიკური ნეპოტიზმით ხალხის დანიშვნითა და კორუმპირებული ხელმძღვანელი პირების დაბრუნებით. 

"ამ ყველაფერმა მოგვცა საერთო ჯამში ის შედეგი, რაც გვაქვს – უმძიმესი ვითარება". – თქვა გიგა ბოკერიამ მთავარი არხის ეთერში. 

ევროპული საქართველოს ლიდერის თქმით, ისეთი დანაშაულის ფონზე, რაც ზუგდიდში, საქართველოს ბანკში მოხდა, ხელისუფლებამ წარმატებად გამოაცხადა ის, რომ დამნაშავემ ფული წაიღო და მიიმალა. 

"ნებისმიერი მთავრობა, რომელიც ყაჩაღის დაკავებამდე წარმატებად გამოაცხადებს იმ ვითარებას, როცა მძევლების აყვანის შედეგად, ადამიანების სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდების შედეგად, კრიმინალმა მიაღწია წარმატებას, წამახალისებელ სიგნალს აძლევს დამნაშავეებს და ეს არის დიაგნოზი". – ამბობს გიგა ბოკერია. 

დეპუტატის შეფასებით, ქვეყანაში უმძიმესი მდგომარეობაა შექმნილი, რომელიც გარდამტეხ ცვლილებებს საჭიროებს და ეს მდგომარეობა უნდა შეიცვალოს არჩევნების შემდეგ.

"ვხედავ ქაოსს, უტიფარ სიცრუეს, არაპროფესიონალიზმს". – თქვა გიგა ბოკერიამ. 

21 ოქტომბერს ზუგდიდში, საქართველოს ბანკის ფილიალში შეიარაღებული თავდამსხმელი შეიჭრა და ბანკის თანამშრომლები და ადგილზე მყოფი მოქალაქეები მძევლებად აიყვანა. როგორც მძევლები ყვებიან, დამნაშავე "კბილებამდე შეიარაღებული" იყო – მას ავტომატი, პისტოლეტი და ხელყუმბარა ჰქონდა, რომელსაც დამცველი მოხსნა და მუდმივად ხელში ეკავა. 

თავდამსხმელმა მოითხოვა, რომ სამართალდამცავებს მისთვის $500 000 მიეცათ და უზრუნველეყოთ მისი გადაადგილება ვერტმფრენით ან მანქანით მძევლებთან ერთად. 

დაახლოებით 7 საათის შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ავთანდილ გალდავამ, თავდამსხმელს ბანკში ფული მიუტანა და მძევლებს ჩაენაცვლა. გალდავასთან და კიდევ ორ მძევალთან ერთად თავდამსხმელმა ბანკის შენობა პოლიციის მანქანით დატოვა

აქედან რამდენიმე საათის შემდეგ თავდამსხმელმა მასთან ერთად მყოფი სამი მძევალი გაათავისუფლა, თვითონ კი გაიქცა და მიიმალა. 

25 ოქტომბერს შსს-მ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, მათ დამნაშავე იდენტიფიცირებული ჰყავდათ და მედიას მოუწოდებდნენ, გაგების შემთხვევაში, არ გაემხილათ მისი ვინაობა. უწყებამ გამოძიება ყაჩაღობის, მძევლად აყვანისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით დაიწყო. 

იმავე დღეს მთავარმა არხმა გაავრცელა ცნობა, რომ დამნაშავე ყოფილი სამხედრო, ბადრი ესებუაა. 26 ოქტომბერს შსს-მ ესებუას სახლი გაჩხრიკა, დაახლოებით, ერთ საათში კი საგანგებო ბრიფინგზე შს მინისტრის მოადგილემ დაადასტურა დამნაშავის ვინაობა. ვლადიმერ ბორცვაძის ცნობით, შეიცვალა მუხლებიც და თავდასხმა ტერაქტად გადაკვალიფიცირდა. 

თავდაცვის სამინისტროში ტაბულას უთხრეს, ბადრი ესებუა მოქმედი სამხედრო არაა. კითხვაზე, მსახურობდა თუ არა ის წარსულში საქართველოს არმიაში, უწყება არ გვპასუხობს. მთავარი არხის ცნობით კი, ესებუა ჯარში 2012-18 წლებში მსახურობდა. 

ბადრი ესებუას ამ დრომდე ეძებენ. 

კომენტარები