არჩევნები 2020

მერაბიშვილი: ჩვენ, სამართალდამცველებს, არჩევნებზე სამი მტერი გვიპირისპირდება

0 კომენტარი
ფოტო: Reuters

შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, ვანო მერაბიშვილი წინასაარჩევნოდ სამართალდამცველებს მიმართავს. Facebook-ზე გავრცელებულ ვიდეო მიმართვაში ყოფილი პრემიერი საკუთარ თავს სამართალდამცველად მოიხსენიებს და ამბობს, რომ არჩევნებზე მათ სამი მტერი ეყოლებათ. 

"ყველა ჩვენგანის ცხოვრებაში არის დღეები, რომელიც წყვეტს ძალიან ბევრს, მომავალს, პერსპექტივას, საშუალებას, შანსს. ეს არჩევნები არის ძალიან პრინციპული, იმიტომ, რომ ამ დღეს ჩვენ, სამართალდამცველებს, გვიპირისპირდება ჩვენი სამი მთავარი მტერი: მოსყიდვა, კრიმინალი და რუსი აგენტები. 

ჩვენ ამ ერთ დღეს, ან დაგვამარცხებს ივანიშვილი ამ სამი ინსტრუმენტით, მოისყიდის ქართველ ამომრჩეველს, კრიმინალები დააშინებენ ხალხს და რუსი აგენტები განსაზღვრავენ პოლიტიკურ დღის წესრიგს, ან ჩვენ ყველა ერთად დავიცავთ ქართველი ხალხის ნებას და უზრუნველვყოფთ, რომ საქართველოში აღარ დადგეს საფრთხე არც მოსყიდვის, არც კრიმინალის და არც იმის, რომ რუსეთმა გადაწყვიტოს საქართველოს ბედი". – თქვა ვანო მერაბიშვილმა. 

თითქმის 7-წლიანი პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ ვანო მერაბიშვილს ამ დრომდე არ უთქვამს, არის თუ არა ოფიციალურად ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი. მეტიც, გასულ თვეში ენმ-ს ერთერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ თქვა, რომ ის საკუთარ თავს ვერ ხედავს პარტიაში, სადაც იქნება ვანო მერაბიშვილი. 

მელიას ამ ნათქვამს მოგვიანებით ენმ-ს პრემიერმინისტრობის კანდიდატი, მიხეილ სააკაშვილი გამოეხმაურა და თქვა, რომ სწორია ვანო მერაბიშვილის გადაწყვეტილება, არ იყოს პოლიტიკაში. 

მიუხედავად ამ განცხადებებისა, ვანო მერაბიშვილი სოციალურ ქსელში მუდმივად აქვეყნებს პოსტებს პარტიული სიახლეების შესახებ. ენმ-ს მაჟორიტარი დეპუტატობის ნაწილი სწორედ მის Facebook-გვერდზე დაანონსდა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

სტუმრების ცემისთვის ბარის დაცვის თანამშრომლების შემდეგ მენეჯერიც დააკავეს

კომენტარები