კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: ქვეყნის მასშტაბით სულ 1 678 სამედიცინო პერსონალია ინფიცირებული

იმედი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, სულ ქვეყნის მასშტაბით 1 678 ექიმია კორონავირუსით ინფიცირებული. 

"1 678 სამედიცინო პერსონალია ინფიცირებული, საერთო ინფიცირებულთა 5,2%. აქ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ჩვენი კოლეგები ინფიცირდებიან, არა მარტო სამუშაო პირობებში, არამედ ოჯახურ პირობებშიც, რადგან გვაქ ინტენსიური შიდა გავრცელება ქვეყანაში, მაგრამ რა თქმა უნდა, ინფექციის კონტროლს სამედიცინო დაწესებულებებში ყურადღება უფრო და უფრო უნდა ექცეოდეს, რათა დავიცვათ სამედიცინო პერსონალი". – ამბობს გამყრელიძე. 

საქართველოში დღეს, 27 ოქტომბერს კორონავირუსით ინფიცირების 1 824 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გარდაიცვალა კიდევ 23 და გამოჯანმრთელდა 1 262 ადამიანი.

ქვეყანაში სულ კორონავირუსის 32 127 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 12 632 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 238 კი გარდაიცვალა. ქვეყანაში ინფიცირების 19 257 აქტიური შემთხვევაა. აქედან 2/3-ზე მეტი ბინაზე ან Covid-სასტუმროებში მკურნალობს.

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდაც. აჭარაში, თბილისში, მცხეთასა და იმერეთში რესტორნები და გასართობი დაწესებულებები მხოლოდ 22:00-მდე მუშაობენ. ასევე, მთავრობამ "მკაცრი რეკომენდაცია" გასცა საქართველოს სამ დიდ ქალაქში, თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში, გარე სივრცეებში პირბადის ტარებაზე.

კომენტარები