ახალი კორონავირუსი საქართველოში

დავითაგარეჯის მამათა მონასტრის წინამძღვარს, არქიმანდრიტ კირიონს COVID 19 დაუდასტურდა

არქიმანდრიტი კირიონი

დავითაგარეჯის მამათა მონასტრის წინამძღვარს, არქიმანდრიტ კირიონს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაცია მამა კირიონმა კურიერთან სატელეფონო საუბრისას თავადვე დაადასტურა.

მისივე თქმით, ბოლო დღეების განმავლობაში ის ეკლესიაში არ ყოფილა და მრევლთან კონტაქტი არ ჰქონია.

"სიცხე არ მაქვს, არაფერი არ მაქვს, მარტო მეუბნებიან კოვიდი გაქვსო და რა ვიცი აბა, მჯერა... იზოლაციაში ვარ სახლში". – ამბობს არქიმანდრიტი კირიონი.

გუშინ, 26 ოქტომბერს, ცნობილი გახდა, რომ ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტ სტეფანე კალიჯიშვილს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა.

საქართველოში დღეს, 27 ოქტომბერს კორონავირუსით ინფიცირების 1 824 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გარდაიცვალა კიდევ 23 და გამოჯანმრთელდა 1 262 ადამიანი.

ქვეყანაში სულ კორონავირუსის 32 127 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 12 632 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 238 კი გარდაიცვალა. ქვეყანაში ინფიცირების 19 257 აქტიური შემთხვევაა. აქედან 2/3-ზე მეტი ბინაზე ან Covid-სასტუმროებში მკურნალობს.

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდაც. აჭარაში, თბილისში, მცხეთასა და იმერეთში რესტორნები და გასართობი დაწესებულებები მხოლოდ 22:00-მდე მუშაობენ. ასევე, მთავრობამ "მკაცრი რეკომენდაცია" გასცა საქართველოს სამ დიდ ქალაქში, თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში, გარე სივრცეებში პირბადის ტარებაზე.

 

კომენტარები