ტერორისტული აქტი ზუგდიდში

სამეგრელოში ტერორისტის ძებნის პარალელურად, გახარიამ და გომელაურმა პოლიციის შენობა გახსნეს

0 კომენტარი

საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ და შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა წალენჯიხის პოლიციის სამმართველოს ახალი შენობა გახსნეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

"მთავრობის მეთაურმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა ახალი შენობა დაათვალიერეს, რომელიც თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენდა და მოეწყო. შენობა 65 თანამშრომელზე არის გათვლილი და მასში, გამომძიებლებისა და დეტექტივების სამუშაო სივრცის გარდა, განთავსებულია დასაკითხი/ამოსაცნობი, საიარაღო და ნივთმტკიცების ოთახები". – აცხადებს შსს.

აღსანიშნავია, რომ სამეგრელოში უკვე მეექვსე დღეა, საქართველოს ბანკზე თავდასხმასა და ტერორიზმში ბრალდებულ ბადრი ესებუას ეძებენ. შს მინისტრის ვახტანგ გომელაურის თქმით, "ერთი კვირა კი არა, შეიძლება, ერთი თვე ვდიოთ, ან მეტი, ან ნაკლები, ეს პრობლემა არ არის არანაირი".

ზუგდიდში, საქართველოს ბანკის ფილიალში შეიარაღებული თავდამსხმელი 21 ოქტომბერს შეიჭრა და ბანკის თანამშრომლები და ადგილზე მყოფი მოქალაქეები მძევლებად აიყვანა. როგორც მძევლები ყვებიან, დამნაშავე "კბილებამდე შეიარაღებული" იყო – მას ავტომატი, პისტოლეტი და ხელყუმბარა ჰქონდა, რომელსაც დამცველი მოხსნა და მუდმივად ხელში ეკავა.

თავდამსხმელმა მოითხოვა, რომ სამართალდამცავებს მისთვის $500 000 მიეცათ და უზრუნველეყოთ მისი გადაადგილება ვერტმფრენით ან მანქანით მძევლებთან ერთად.

დაახლოებით 7 საათის შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ავთანდილ გალდავამ, თავდამსხმელს ბანკში ფული მიუტანა და მძევლებს ჩაენაცვლა. გალდავასთან და კიდევ ორ მძევალთან ერთად თავდამსხმელმა ბანკის შენობა პოლიციის მანქანით დატოვა.

აქედან რამდენიმე საათის შემდეგ თავდამსხმელმა მასთან ერთად მყოფი სამი მძევალი გაათავისუფლა, თვითონ კი გაიქცა და მიიმალა.

25 ოქტომბერს შსს-მ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, მათ დამნაშავე იდენტიფიცირებული ჰყავდათ და მედიას მოუწოდებდნენ, გაგების შემთხვევაში, არ გაემხილათ მისი ვინაობა. უწყებამ გამოძიება ყაჩაღობის, მძევლად აყვანისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით დაიწყო.

იმავე დღეს მთავარმა არხმა გაავრცელა ცნობა, რომ დამნაშავე ყოფილი სამხედრო, ბადრი ესებუაა. 26 ოქტომბერს შსს-მ ესებუას სახლი გაჩხრიკა, დაახლოებით, ერთ საათში კი საგანგებო ბრიფინგზე შს მინისტრის მოადგილემ დაადასტურა დამნაშავის ვინაობა. ვლადიმერ ბორცვაძის ცნობით, შეიცვალა მუხლებიც და თავდასხმა ტერაქტად გადაკვალიფიცირდა.

თავდაცვის სამინისტროში ტაბულას უთხრეს, რომ ბადრი ესებუა მოქმედი სამხედრო არაა. კითხვაზე, მსახურობდა თუ არა ის წარსულში საქართველოს არმიაში, უწყება არ გვპასუხობს. მთავარი არხის ცნობით კი, ესებუა ჯარში 2012-18 წლებში მსახურობდა.

ბადრი ესებუას ამ დრომდე ეძებენ. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ყოფილი ცოლის ცემისთვის ბათუმში 29 წლის კაცი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები