დავითგარეჯის საქმე

მელაშვილის ადვოკატი: პროკურატურას მნიშვნელოვანი მტკიცებულებების ასლები ჯერ არ გადმოუცია

ედუარდ მარიკაშვილი
Screenshot/Formula

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის ექსპერტთა კომისიის დაკავებული უფროსის, ივერი მელაშვილის ადვოკატი, ედუარდ მარიკაშვილი, ამბობს, რომ პროკურატურა საქმის მასალებზე წვდომას უზღუდავს და მნიშვნელოვანი მტკიცებულებების ასლები ამ დრომდე არ გადმოუცია.

"პირველ ეტაპზე, როდესაც გადმოგვცეს საქმის მასალები, დასკვნის ოქმი არის ასეთი, პროცესუალურად დგება ხოლმე ეს ოქმი, იქ დავაფიქსირეთ, რომ არ გადმოუციათ გარკვეული მასალის დედნების ასლები – ეს არის რუკები და მათ შორის, არის ძალიან მნიშვნელოვანი ის 1:200 000-იანი რუკები, რომლებზეც საუბრობს ბრალდების მხარე და რომელიც არის საკვანძო მტკიცებულება ამ საქმეში. შემდგომ, გვქონდა რამოდენიმე კომუნიკაცია, ორჯერ. პირველზე მივიღეთ პასუხი, რომ თითქოს პროკურატურას გადმოცემული აქვს კანონის სრული დაცვით მასალები და ამ მასალების ასლები, და მეორე კომუნიკაციაზე ჯერ პასუხი არ მიგვიღია. ვთვლით, რომ ამ შემთხვევაშიც, რა თქმა უნდა, ეს იქნება უარი. ასლები, რომლებიც არის, ასე ვთქვათ, მნიშვნელოვანი მტკიცებულებების ასლები, ჩვენთვის ამ დრომდე არ გადმოუცია პროკურატურას". – თქვა მარიკაშვილმა ტაბულასთან საუბრისას.

მისივე თქმით, მეორე მიმართვიდან უკვე რამდენიმე დღე გავიდა – "დაახლოებით, წინა ხუთშაბათს, თუ არ ვცდებით, მივმართეთ". 

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციის კომისიის ყოფილი უფროსი, ივერი მელაშვილი და წევრი ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, მათ ბრალად უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედება ედებათ. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ილიჩოვასა და მელაშვილს 10-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

პროკურატურის მტკიცებით, ბრალდებულებმა რუკის ალბომებიდან სახელმწიფო საზღვრის გავლებისას განზრახ გამოიყენეს ისეთი კარტოგრაფიული მასალა, რომელიც ისტორიულად და სამართლებრივად არ ემყარებოდა და არ ასახავდა საქართველოს სახელმწიფოს რეალურ პოზიციას მის კუთვნილ ტერიტორიებთან დაკავშირებით.

პროკურატურა დაკავებულებს ედავება "რელევანტური დოკუმენტაციის იგნორირებას". ლაპარაკია 1937-38 წლების ტოპოგრაფიულ რუკაზე, რომელსაც, პროკურატურის მიხედვით, ბრალდებულები კომისიის წევრებს უმალავდნენ, რათა ის არ გამოეყენებინათ საზღვრების დელიმიტაციის პროცესში.

დაკავებამდე ორი დღით ადრე ივერი მელაშვილი TV ფორმულას ეთერში განმარტავდა, რომ ამ რუკის აზერბაიჯანული მხარისთვის წარდგენა საქართველოს სახელმწიფოს უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენებს. ის ამბობდა, რომ რუკა, რომელზე დაყრდნობითაც საქართველოს პროკურატურამ საქმე ააგო, კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებს.

წაიკითხეთ ამავე თემაზე:

კომენტარები