ქართული ოცნება

კობახიძე: ეკლესიასთან თანამშრომლობა ევალება ნებისმიერ პასუხისმგებლიან ხელისუფლებას

საქართველოს პარლამენტი

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის მტკიცებით, სახელმწიფოს და ეკლესიის ურთიერთობა თავიდან ბოლომდე იმ სულისკვეთებით წარიმართება, რაც კონსტიტუციური შეთანხმებაში არის ასახული. თუმცა, მისი თქმით, ეკლესიასთან თანამშრომლობა ნებისმიერ პასუხისმგებლიან ხელისუფლებას ევალება. რუსთავი ორის ჟურნალისტმა ირაკლი კობახიძეს არქიმანდრიტ კირიონის ჩვენების შესახებ დაუსვა კითხვა. დავითაგარეჯის მამათა მონასტრის წინამძღვარმა არაერთხელ ახსენა, რომ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის საქმე ირაკლი ღარიბაშვილის ჩარევის შემდეგ დაიძრა, ამიტომ, ჟურნალისტმა კობახიძეს ჰკითხა, ხშირად სთხოვს თუ არა ეკლესია ქართული ოცნების ხელისუფლებას საქმეების დაძვრას.

"ეკლესიის და სახელმწიფოს ურთიერთობა წარიმართება თავიდან ბოლომდე იმ სულისკვეთებით, რაც არის ასახული კონსტიტუციაში, კონსტიტუციურ შეთანხმებაში, რა თქმა უნდა, ვეფუძნებით სეკულარიზმის პრინციპს, აქედან გამომდინარე ეკლესია პირდაპირი ფორმით ვერავითარ შემთხვევაში ვერ ჩაერევა სახელმწიფოს საქმიანობაში და პირიქით, მაგრამ რაც შეეხება თანამშრომლობას, ეს არის ის, რაც ევალება ნებისმიერ პასუხისმგებლიან ხელისუფლებას" – თქვა კობახიძემ.

რუსთავი ორის ჟურნალისტმა ქართული ოცნების აღმასრულებელ მდივანს შეახსენა, რომ ხშირად ისმის მმართველი გუნდის მხარდამჭერი განცხადებები ამბიონიდან, რასაც ირაკლი კობახიძეც დაეთანხმა.

"კი, ასეთი რამე ხშირად გვახსოვს, ამასაც აქვს შეიძლება თავისი სხვადასხვა მიზეზი, მათ შორის, სუბიექტური მიზეზები, მაგრამ ურთიერთობის სამართლებრივი ასპექტი მთლიანად არის თავსებადი კონსტიტუციასთან, კონსტიტუციური შეთანხმების სულისკვეთებასთან, სეკულარიზმის პრინციპთან" – ამბობს კობახიძე.

კითხვაზე, ანუ ქართულ ოცნებას საარჩევნოდ არ სჭირდება ეკლესიის დახმარება? – მმართველი პარტიის აღმასრულებელი მდივანი პასუხობს – "ეკლესიის მხარდაჭერა სჭირდება თითოეულ ჩვენგანს,  ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ხალხს, თითოეულ მოქალაქეს და თითოეულ აქ მცხოვრებ ადამიანს".

კომენტარები