საფრანგეთი

ეიფელის კოშკის მიმდებარედ პარკი ევაკუირებულია

საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში, ეიფელის კოშკის მიმდებარედ საზოგადოებრივი პარკის, მარსის ველის ევაკუაცია მოხდა, მას შემდეგ, რაც საბრძოლო მასალებით სავსე ჩანთა აღმოაჩინეს. ამის შესახებ ინფორმაციას პოლიცია ავრცელებს. 

პოლიციის სპიკერის თქმით, ევაკუაცია უკვე დასრულდა. 

მანამდე, პოლიციამ განაცხადა, რომ ტრიუმფალური თაღის მიმდებარე ტერიტორიია ევაკუირებულია მას შემდეგ, რაც ბომბის საფრთხის შესახებ გაიგეს. ტრიუმფალური თაღის მიმდებარედ პოლიცია სამძებრო სამუშაოებს აგრძელებს.

შეგახსენებთ, რომ 16 ოქტომბერს საფრანგეთში 47 წლის ისტორიის მასწავლებელს, სამუელ პატის, გამოხატვის თავისუფლების გაკვეთილზე მოსწავლეებისთვის მუჰამედის კარიკატურის ჩვენების გამო, წარმოშობით ჩეჩენმა, 18 წლის აბდულა ანზოროვმა, თავი მოჰკვეთა.

მასწავლებლის მიზანში ამოღება საფრანგეთის მრავალმა საჯარო პირმა შეაფასა, როგორც საფრანგეთის სახელმწიფოებრიობის არსზე, მის ღირებულებებზე, სეკულარიზმზე, რწმენის თავისუფლებასა და გამოხატვის თავისუფლებაზე თავდასხმა.

საფრანგეთის პრეზიდენტს სურს, დაიცვას სეკულარული ღირებულებები რადიკალური ისლამისგან. ეს საკითხი გამწვავდა მას შემდეგ, რაც პატის მუჰამედის კარიკატურების გაკვეთილზე ჩვენებისთვის თავი მოჰკვეთეს.

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, მაკრონი ანტიისლამურ განწყობაში დაადანაშაულა და თქვა, რომ მას მენტალური ჯანმრთელობის შემოწმება სჭირდებოდა. "ისლამზე თავდასხმისთვის" მაკრონი გააკრიტიკა პაკისტანის პრეზიდენტმაც. ბანგლადეშში, ერაყში, ლიბიასა და სირიაში კი საპროტესტო აქციები გაიმართა.

კომენტარები