COVID 19

Covid 19-ის გადატანის შემდეგ ანტისხეულების დონე სწრაფად ქვეითდება

ახალი კვლევის თანახმად, კორონავირუსის გადატანის შემდეგ ორგანიზმში დამცავი ანტისხეულების დონე სწრაფად იკლებს. ლონდონის იმპერიული კოლეჯის გუნდმა აღმოაჩინა, რომ ადამიანების რაოდენობა, რომლებსაც ანტისხეულებზე დადებითი ტესტი აღმოაჩნდა, ივნისიდან სექტემბრამდე 26%-ით შემცირდა. კვლევის ავტორები ვარაუდობენ, რომ იმუნურობა თანდათანობით ქრება და არსებობს ვირუსით რამდენიმეჯერ ინფიცირების რისკი. 

"სეზონურ კორონავირუსებს, რომლებიც ყოველ ზამთარს ცირკულირებენ და გაციებას იწვევენ, ადამიანის რე-ინფიცირება 6-12 თვეში შეუძლიათ. ჩვენ ვეჭვობთ, რომ ორგანიზმი მსგავსად რეაგირებს ახალ კორონავირუსზეც". – ამბობს კვლევის ერთ-ერთი ავტორი. 

ანტისხეულების ტესტის კვლევა, REACT-2-ს ფარგლებში, ინგლისში 350 000-ზე მეტ ადამიანს ჩაუტარდა. ტესტირების პირველ ეტაპზე, ივნისის მიწურულს და ივლისის დასაწყისში ანტისხეულები 1000 ადამიანიდან 60-ს აღმოაჩნდა, ხოლო უფრო ახალ ტესტებში, სექტემბერში, მხოლოდ 44 ადამიანს 1000-დან.

"ეს გვაფიქრებინებს, რომ ანტისხეულების მქონე ადამიანების რაოდენობა შემცირდა მეოთხედზე მეტით ზაფხულსა და შემოდგომას შორის. პირველი ეტაპიდან მხოლოდ სამი თვე გავიდა და ანტისხეულებმა 26%-ით იკლო". – ამბობს კვლევის თანაავტორი, ჰელენ ვარდი.

კლება უფრო თვალსაჩინო იყო 65 წელს გადაცილებულებში, ახალგაზრდა ჯგუფებთან შედარებით და უსიმპტომო პაციენტებში, სრულად გამოვლენილ COVID-19 თან შედარებით. ჯანდაცვის სფეროში დასაქმებულებში ანტისხეულების რაოდენობა შედარებით მაღალი აღმოჩნდა, რაც ვირუსთან რეგულარული ექსპოზიციის შედეგი უნდა იყოს. 

ზუსტად რას ნიშნავს ანტისხეულების დაქვეითება, ჯერჯერობით, დაუზუსტებელია. არსებობს იმუნური სისტემის სხვა ნაწილები, მაგალითად, T უჯრედები, რომლებიც თამაშობენ გარკვეულ როლს ორგანიზმის ვირუსთან ბრძოლაში, ინფიცირებული მასპინძლის უჯრედების პირდაპირ მოკვლასა და სხვადასხვა იმუნური უჯრედების მოზიდვის მეშვეობით.

ამასთანავე, არ არის ცნობილი,  რა სიჩქარით გაიზრდება ანტისხეულების რაოდენობა, თუ ადამიანი ვირუსით მეორედ ინფიცირდება. შესაძლებელია, რომ უფრო მსუბუქად დაავადდეს ან დაცული დარჩეს იმუნური მეხსიერების მეშვეობით. ამრიგად, მიუხედავად იმისა, რომ ანტისხეულების ტესტი დადებითი აღარაა, პიროვნება მაინც შეიძლება, დაცული იყოს რეინფიცირებისგან. აღნიშნულმა კვლევამ მხოლოდ ანტისხეულების დონე გაზომა. ამ დრომდე ახალი კორონავირუსის რე-ინფექციის შემთხვევების მცირე რაოდენობაა დოკუმენტირებული.

აღსანიშნავია, რომ კვლევას ჯერ არ გაუვლია რეცენზირება(peer-review).

კომენტარები