ბელგიაში COVID-19-ით ინფიცირებულ, უსიმპტომო ექიმებს სამუშაოზე გამოცხადებას სთხოვენ

GETTY IMAGES

ბელგიის სიდიდით მესამე ქალაქ ლიეჟის ზოგიერთ საავადმყოფოში სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს, რომელთაც COVID-19 დაუდასტურდათ, მაგრამ სიმპტომები არ აქვთ, სამუშაოზე გასვლა სთხოვეს.

ლიეჟი ფრანგულენოვან ვალონიას რეგიონში უდიდესი ქალაქია და ინფიცირების მაჩვენებელი, ბელგიის მასშტაბით, აქ ყველაზე მაღალია. ლიეჟის საუნივერსიტეტო საავადმყოფოს წარმომადგენელის, ლუი მარეტის თანახმად, საავადმყოფოს სხვა არჩევანი არ ჰქონდა და იძულებული იყო, უსიმპტომო ექიმებისა და ექთნებისთვის სამუშაოზე გამოცხადება ეთხოვა.

"ეს არ არის პრობლემა, რადგან ისინი მუშაობენ კორონავირუსის განყოფილებებში პაციენტებთან, რომლებიც ასევე COVID-დადებითები არიან". – თქვა მარეტმა.

COVID-19-ით ინფიცირებული პერსონალი საავადმყოფოს თანამშრომლების 5-10%-ს წარმოადგენს. მედპერსონალს, რომლებსაც ავადმყოფობის სიმპტომები აქვთ, სთხოვენ, სახლში დარჩნენ. მარეტი აღნიშნავს, რომ საავადმყოფო არ აიძულებს უსიმპტომო თანამშრომლებს სამსახურში გამოცხადებას.

ლიეჟის კიდევ ერთმა საავადმყოფომ, CHC MontLégia-მ, დაადასტურა, რომ უსიმპტომო, ინფიცირებულ თანამშრომლებს სამუშაოზე გამოსვლა სთხოვეს. მუშაობა ნებაყოფლობითია და დაცულია მკაცრი სანიტარული ზომები, მათ შორის შეზღუდული კონტაქტი კოლეგებთან.

კერძო კლინიკების წარმომადგენელმა CNN-თან თქვა, რომ COVID-19-ით ინფიცირებული, უსიმპტომო პაციენტები ასევე, ძირითადად, კორონავირუსის განყოფილებებში მუშაობდნენ. 

ბელგიის ჯანდაცვის სამინისტროს სპიკერის თანახმად, უსიმპტომო ექიმებისა და ექთნების მუშაობდა დაშვებულია მკაცრი ზომების დაცვით და ამის მიზეზი სამუშაო ძალის ნაკლებობაა.

ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების ცნობით, ბელგიაში ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში საწოლების რაოდენობა შესაძლოა, უახლოეს ორ კვირაში ამოიწუროს. საავადმყოფოებში კი პერსონალის ნაკლებობა უკვე შეიმჩნევა. 

ბოლო კვირის განმავლობაში 11.5 მილიონიან ქვეყანაში დღეში ინფექციის საშუალოდ 13 000-ში შემთხვევა ვლინდება. ბელგიაში ეპიდმდგომარეობა ევროპის ქვეყნებს შორის ერთერთი ყველაზე მძიმეა.

ინტენსიურ თერაპიის განყოფილებებში უკვე 1000 საწოლია დაკავებული, კვირის ბოლომდე მოსალოდნელია ეს ციფრი 1250-მდე გაიზარდოს. საავადმყოფოებსა და ინტენსიურ განყოფილებებში მიღებული პაციენტების რაოდენობა ყოველ 8 დღეში ორმაგდება. კვირის ბოლომდე გახდება ცნობილი გამკაცრდება თუ არა ქვეყანაში პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვები.

შეზღუდვების ნაწილი გასულ კვირას უკვე გამკაცრდა. ბელგიაში შუაღამიდან დილის 5 საათამდე მოქმედებს კომენდანტის საათი, რესტორნები და კაფეები დახურულია, მოსახლეობის ნაწილი, ვისთვისაც ეს შესაძლებელია, დისტანციური მუშაობის რეჟიმზეა გადასული. სამოყვარულო სპორტული ღონისძიებები გაუქმებულია. პროფესიონალური სპორტული შეჯიბრებები კი მაყურებლების გარეშე უნდა ჩატარდეს.

პანდემიის დაწყებიდან ბელგიაში კორონავირუსის 347 289 შემთხვევა აღირიცხა, გარდაიცვალა 11 038 ადამიანი.

კომენტარები