არჩევნები 2020

მდინარაძე: ენმ-მ მერიაში შეიტანა წერილი, არჩევნების დღეს აქციის გამართვას გეგმავენ

პარლამენტი

ქართული ოცნების ლიდერი, მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ პარტიის ინფორმაციით, თბილისის მერიაში ერთიანი ნაციონალური მოძრაობისგან შევიდა წერილი, სადაც ოპოზიციური პარტია 31 ოქტომბერს, არჩევნების დღეს აქციის გამართვის უფლებას ითხოვს. 

მამუკა მდინარაძემ ამის შესახებ ბრიფინგზე ისაუბრა და თქვა, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები პარლამენტთან შეკრებას 12 საათიდან გეგმავენ. 

"ეს ნიშნავს, რომ ნაციონალური მოძრაობა არის სასოწარკვეთილების პიკში. მათ ზუსტად იციან, რომ დემოკრატიულ არჩევნებში რაიმე სახის წარმატების შანსი არ გააჩნიათ, შესაბამისად, მაშინ, როდესაც პოლიტიკური პარტიები, მათი აქტივისტები, მხარდამჭერები და მთელი მოსახლეობა ხმის მიცემის საარჩევნო პროცესში იქნება ჩართული, როგორც ჩანს, ხმების პარალელური დათვლის საბაბით, ნაციონალური მოძრაობა ფსონს სიტუაციის რადიკალიზებასა და არეულობაზე აკეთებს და სრული რესურსით ქვეყნის მთავარ გამზირზე იკრიბება". – თქვა მამუკა მდინარაძემ. 

ტაბულა დაუკავშირდა ერთიან ნაციონალურ მოძრაობას კითხვით, მართლაც აქვთ თუ არა დაგეგმილი 31 ოქტომბერს აქცია პარლამენტთან, რაზეც გვიპასუხეს, რომ ამ საკითხზე 17:00 საათზე ბრიფინგს გამართავს პარტიის ერთერთი სპიკერი, ზაალ უდუმაშვილი. 

კომენტარები