ტერორისტული აქტი ზუგდიდში

თავდაცვა: ბადრი ესებუა სამხედრო სამსახურიდან 2019 წლის 4 ივლისს დავითხოვეთ

0 კომენტარი

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო დოკუმენტს ავრცელებს, რომ ბადრი ესებუა, რომელიც შსს-ს ინფორმაციით, ზუგდიდში საქართველოს ბანკს თავს დაესხა, მოქმედი სამხედრო მოსამსახურე არ არის და ის 2019 წლის 4 ივლისს დაითხოვეს.

ფოტო: თავდაცვის სამინისტრო

"ნაციონალური მოძრაობის პარტიული ტელევიზიის მთავარი არხის მიერ გრძელდება დეზინფორმაციული კამპანია თავდაცვის ძალების წინააღმდეგ, თითქოს ზუგდიდში, ერთ-ერთი ბანკის ფილიალზე თავდამსხმელი მოქმედი სამხედრო მოსამსახურეა. 

მიუხედავად იმისა, რომ საჯარო განმარტება გავაკეთეთ, რომ აღნიშნული პირი არ არის მოქმედი სამხედრო მოსამსახურე, აღნიშნული ტელევიზია და ზოგიერთი ანგაჟირებული პოლიტიკოსი უგულებელყოფს ამ ფაქტს და შეგნებულად ავრცელებს სრულად საპირისპირო ინფორმაციას. საზოგადოებისა და თავდაცვის ძალების საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, ვავრცელებთ ოფიციალურ დოკუმენტს, რომლითაც მტკიცდება, რომ თავდასხმაში ბრალდებული პირი, ბადრი ესებუა არ არის მოქმედი სამხედრო მოსამსახურე". – წერია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

მიუხედავად იმისა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბადრი ესებუა ზუგდიდში თავდასხმის ღამესვე იყო იდენტიფიცირებული, ის დაკავებული ამ დრომდე არ არის. მინისტრის მოადგილე, ვლადიმერ ბორცვაძე უარყოფს, რომ დამნაშავე დააკავეს და ის გაიქცა. 

25 ოქტომბერს შსს-მ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, მათ დამნაშავე იდენტიფიცირებული ჰყავდათ და მედიას მოუწოდებდნენ, გაგების შემთხვევაში, არ გაემხილათ მისი ვინაობა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 323-ე, 236-ე და 329-ე მუხლებით გრძელდება, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. 

შეიარაღებული ტერორისტი საქართველოს ბანკის ფილიალში 21 ოქტომბერს, დღისით შეიჭრა. მან ბანკის თანამშრომლები და ადგილზე მყოფი მოქალაქეები მძევლებად აიყვანა.

მოგვიანებით ერთერთი მძევალი, ირაკლი კვარაცხელია, დამნაშავის დავალებით, მედიას დაუკავშირდა. კვარაცხელიამ თქვა, რომ ოთახში, რომელშიც თავდამსხმელთან ერთად იმყოფებოდა, 19 მძევალი იყო. კვარაცხელია ასევე ჰყვებოდა, რომ თავდამსხმელი იყო "კბილებამდე შეიარაღებული" - მას ავტომატი, პისტოლეტი და ყუმბარა ჰქონდა, რომელსაც დამცველი მოხსნა და მუდმივად ხელში ეჭირა.

თავდამსხმელი ოითხოვდა, რომ სამართალდამცავებს მისთვის $500 000 გადაეცათ, ასევე, უზრუნველეყოთ მისი გადაადგილება ვერტმფრენით ან მანქანით, მძევლებთან ერთად.

დაახლოებით, 22:00 საათზე, თავდამსხმელმა საქართველოს ბანკის მიმდებარე ტერიტორია დატოვა სამ მძევალთან ერთად – მათ შორის ერთერთი იყო შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, ავთანდილ გალდავა. სხვა მძევლები გათავისუფლდნენ.

აქედან რამდენიმე საათის შემდეგ თავდამსხმელმა მასთან ერთად მყოფი სამი მძევალი გაათავისუფლა, თვითონ კი გაიქცა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ბიზნესმენების გატაცებისა და ფულის გამოძალვისთვის 4 ახალგაზრდა კაცი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები