არჩევნები 2020

გაიგე, რა შეთანხმებებს მიაღწია ოპოზიციამ წინასაარჩევნოდ

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღე რჩება. 31 ოქტომბერს არჩევნები შერეული სისტემით, 120/30-ზე პრინციპით ჩატარდება.

საერთო მაჟორიტარები თბილისში, ხმების დაცვა, სასამართლოს რეფორმა, რეფორმები ეკონომიკისა და განათლების სფეროებში, ქართული ოცნებისთვის კოალიციის არშექმნა - ეს ის საკითხებია, რაზეც ოპოზიცია წინასაარჩევნოდ შეთანხმდა. 

საერთო მაჟორიტარები თბილისში 

ხმების არგაყოფის მიზნით ოპოზიციამ თბილისში, 8 მაჟორიტარულ ოლქში საერთო კანდიდატები წარადგინა. შეთანხმება იმ ოლქებში მოხდა, სადაც ქართული ოცნების კანდიდატის დასამარცხებლად მათთვის საერთო კანდიადატის დაყენება მომგებიანი იყო. 

მაჟორიტარი დეპუტატების სია ასეთია: 

  • ვაკე - ელენე ხოშტარია (ევროპული საქართველო)
  • გლდანი - ნიკა მელია (ერთიანი ნაციონალური მოძრაობა)
  • დიდუბე-ჩუღურეთი - ზურაბ ჯაფარიძე (გირჩი)
  • ისანი  - გიორგი ვაშაძე (სტრატეგია აღმაშენებელი)
  • სამგორი - ლევან ხაბეიშვილი (ერთიანი ნაციონალური მოძრაობა)
  • საბურთალო - ირაკლი ოქრუაშვილი  (გამარჯვებული საქართველო)
  • მთაწმინდა და კრწანისი - შალვა შავგულიძე
  • ნაძალადევი - შალვა ნათელაშვილი (ლეიბორისტული პარტია

აღსანიშნავია, რომ შეთანხმებაში მონაწილეობის მიუხედავად, ძალა ერთობაშია - ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ ისნის მაჟორიტარულ ოლქში გიორგი ვაშაძეს კონკურენტად ხატია დეკანოიძე დაუყენა. პარტიაში გადაწყვეტილება იმით ახსნეს, რომ "კანდიდატის გარშემო პოლიტიკური რეალობა შეიცვალა". მათივე მტკიცებით, მას შემდეგ, რაც ვაშაძემ პოლიტიკური გაერთიანება ძალა ერთობაშია დატოვა და თაკო ჩარკვიანთან ერთად სტრატეგია აღმაშენებელი დააფუძნა, მისი შანსი, დაამარცხოს ბიძინა ივანიშვილი, შემცირდა. მიუხედავად იმისა, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ გიორგი ვაშაძეს კონკურენტი თავად დაუყენა, პარტია "ოპოზიციურ ერთობაში ბზარის გაჩენაში" მაინც ვაშაძეს ადანაშაულებს. 

ხმების დაცვა 

იმისთვის, რომ ქართული ოცნება დაამარცხონ, ოპოზიციური პარტიები 2020 წლის არჩევნებზე ერთმანეთის ხმებს დაიცავენ. სწორედ ხმების დაცვის მიზნით მოაწერა ოპოზიციამ მემორანდუმს ხელი და პირობა დადო, რომ "ოცნებას" არა მხოლოდ საკუთარი, არამედ სხვისი ხმების გაყალბების საშუალებასაც არ მისცემენ. 

"ივანიშვილის ხელშია მობილიზებული, როგორც ადმინისტრაციული, ისე ფინანსური რესურსის დიდი ნაწილი, სახელმწიფო ინსტიტუტები კი საზოგადოების ნაცვლად, მმართველი გუნდის ინტერესებს ემსახურება. სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი დემოკრატიული ოპოზიციის კოორდინირებული მუშაობა თითოეული ხმის დასაცავად და საარჩევნო მანიპულაციების გამოსარიცხად. ოპოზიციური პარტიები კოორდინირებულად ვიმუშავებთ ყველა ოლქში, მათ შორის იქაც, სადაც ერთმანეთს კონკურენტი კანდიდატები დავუყენეთ. პარტიების ამოცანა არა ცალკეული პოლიტიკური გემოვნების ამომრჩეველთა ხმების დაცვა, არამედ მთელი საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობისა და თითოეული მოქალაქის არჩევანის დაცვა იქნება. 

ქვეყნის შიგნით, საარჩევნო პროცესისადმი ფართო საზოგადოებრივი მხარდაჭერისა და ხმების დაცვის მიზნით კოორდინაციასთან ერთად, ოპოზიციური პარტიები ვთანხმდებით, რომ ერთობლივად, შეთანხმებულად ვიმუშავებთ, რათა დავიცვათ თითოეული პარტიისთვის მოქალაქის მიერ მიცემული ხმა. ასევე, ვიმუშავებთ საერთაშორისო დამკვირვებლებთან, რათა არჩევნების ლეგიტიმურობის გარშემო არ გაჩნდეს კითხვის ნიშნები". - წერია შეთანხმების ტექსტში. 

შეთანხმებას ხელი 30-მდე ოპოზიციურმა პარტიამ მოაწერა. დეკლარაცია ყველა პარტიისთვის ღია იყო, თუმცა თავიდანვე ცნობილი გახდა, რომ მასზე ხელის მოწერას ალეკო ელისაშვილისა და მარიამ ჯაშის პოლიტიკური გაერთიანებები არ აპირებდნენ. 

სასამართლოს რეფორმა 

ოპოზიციური პარტიები ასევე შეთანხმდნენ, რომ მას შემდეგ, რაც საპარლამენტო არჩევნებში ბიძინა ივანიშვილს დაამარცხებენ, სასამართლო სისტემის რეფორმისთვის კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგმება. რეფორმის მიზანია სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის მიღწევა და ნდობის სწრაფი აღდგენა. 

შეთანხმება კონკრეტულ ნაბიჯებს მოიცავს, რომლებიც ქართული ოცნების დამარცხების შემდეგ უნდა გადაიდგას. 

პირველი ნაბიჯი ნაფიცი მსაჯულების ინსტიტუტის შემოღებაა - რეფორმის დაწყებიდან პირველი წლის ბოლოს მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებზე, შემდეგი ოთხი წლის მანძილზე კი ყველა დანაშაულზე, რომელიც პატიმრობას ითვალისწინებს. 

ასევე, შეთანხმების მიხედვით, შემდეგი ნაბიჯი პირველ ინსტანციაში, რომელიც საქმეთა უმრავლესობას განიხილავს, 2021 წლის ბოლომდე მოსამართლის არჩევითობის შემოღებაა. სისხლის სამართლის საქმეებში ბრალდებულს, ნაფიც მსაჯულთან ერთად, სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებში კი მოსარჩელეს ექნება შესაძლებლობა, აირჩიოს მისი საქმის განმხილველი მოსამართლე იქნება დანიშნული თუ პირდაპირი წესით არჩეული. 

ასევე, შეთანხმებით, საკონსტიტუციო ცვლილებით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოქმედ შემადგენლობას უფლებამოსილება შეუწყდება, უზენაესი და საკონსტიტუციო სასამართლოები გაერთიანდება, საკონსტიტუციო ცვლილებების გზით 2017 წლიდან მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის ყველა აქტი გაუქმდება. უზენაეს და სააპელაციო ინსტანციებში მოსამართლეები აშშ-სა და გაერთიანებული სამეფოდან ხანგრძლივი ვადით დაინიშნებიან. ოპოზიციის შეთანხმების მიხედვით, ისინი ყველა შესაძლო კოლეგიის უმრავლესობას უნდა შეადგენდნენ. 

ასევე, სასამართლოს რეფორმაზე დადებული შეთანხმებით, სიტყვის თავისუფლებისა და სახელმწიფოსა და ბიზნესს ან მოქალაქეს შორის სამოქალაქო ან ადმინისტრაციულ დავებზე აშშ-ს უზენაესი სასამართლო გადაწყვეტილებები სამართლებრივ პრეცედენდენტებად იქნება აღიარებული. 

ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ შეთანხმება ფუნდამენტური მნიშვნელობისაა, რადგან ამ რეფორმით სასამართლო პოლიტიკური გავლენებისგან იქნება თავისუფალი, რაც მათივე სიტყვებით, ერთ-ერთი საფუძველია უკეთესი საქართველოს ასაშენებლად. 

რეფორმები ეკონომიკასა და განათლების სფეროებში 

ეკონომიკისა და განათლების სფეროებში რეფორმების გატარება ოპოზიციურ პარტიათა მიერ დადებული კიდევ ერთი შეთანხმებაა. პარტიები თანხმდებიან, რომ მას შემდეგ, რაც ხელისუფლებიდან ქართული ოცნება წავა, აღნიშნულ სფეროებში "ექსტრაორდინალური რეფორმები" გატარდება. 

ეკონომიკის სფეროში გასატარებელი რეფორმა მოქალაქეებისთვის კერძო საკუთრებაში სახელმწიფო ქონების დაბრუნებასა და მთავრობისა და ბიუროკრატიის შემცირებას გულისხმობს.

  • დაურეგისტრირებელი მიწის ნაკვეთები, რომელიც ადამიანების ფაქტობრივ მფლობელობაშია და არავინ ედავება, დარეგისტრირდება მფლობელის საკუთრებად;
  • დაურეგისტრირებელი მიწის ნაკვეთები, რომელიც ფაქტობრივად სასოფლო თემისა ან სოფლის მოსახლეობის საერთო მფლობელობაშია და ამ ნაკვეთების მიმართ არ არსებობს სხვა ადამიანების პრეტენზია, დარეგისტრირდება სოფლის/თემის საკუთრებად;
  • სახელმწიფო საკუთრება – საწარმოები, მიწა და წიაღისეული (გარდა განსაკუთრებული გამონაკლისი შემთხვევებისა), გადავა მოქალაქეების კერძო საკუთრებაში. ყველა მოქალაქეს ექნება ამ პროცესში მონაწილეობის თანაბარი უფლება. 
  • არაუგვიანეს 2024 წლის ბოლოს მთავრობის ზომა შემცირდება მთლიანი შიდა პროდუქტის 20%-მდე;
  • ხელისუფლებაში მოსვლის მომენტიდან 100 დღის ვადაში შემუშავდება ეროვნული ვალუტის გაუფასურების პრევენციის მექანიზმები;  

რაც შეეხება განათლების სფეროში გასატარებელ რეფორმებს, ოპოზიციის გადაწყვეტილებით, კერძო განათლება სახელმწიფო რეგულაციებისგან გათავისუფლდება და საჯარო სკოლები ფინანსურ და მმართველობით ავტონომიას მიიღებენ. 

დადებულ შეთანხმებას ხელი გირჩმა, ევროპულმა საქართველომ, ნაციონალურმა მოძრაობამ, სტრატეგია აღმაშენებელმა და ერთიანმა საქართველომ მოაწერეს. 

"ოცნებისთვის" კოალიციის არშექმნა 

2020 წლის არჩევნების შემდეგ ქართული ოცნებისთვის კოალიციის არშექმნასთან დაკავშირებით ოპოზიციას დოკუმენტზე ხელი არ მოუწერია, თუმცა ეს ის საკითხია, რომელზეც ვალდებულებას ოპოზიციურ პარტიათა ნაწილი იღებს. 

ევროპულმა საქართველომ ოპოზიციის წევრებს მრავალჯერ მოუწოდა, აიღონ ვალდებულება და არ შეუქმნან კოალიცია ქართულ ოცნებას. თავის მხრივ, პარტიის ლიდერებმა ამ საკითხზე ხელშეკრულებაც დადეს. 

ევროპული საქართველოს წევრები იღებენ ვალდებულებას, რომ კოალიციაში არ შევლენ ბიძინა ივანიშვილთან და ქართულ ოცნებასთან, ასევე, პარტიის გადაწყვეტილებით, საქართველოს პრემიერმინისტრის პოსტზე ექსპრეზიდენტისა და ძალა ერთობაშია - ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატს, მიხეილ სააკაშვილს მხარს არ დაუჭერენ. პარტიაში ამბობენ, რომ ერთპიროვნული მმართველობის დრო დასრულდა და მომავალი კოალიციურ მთავრობას ეკუთვნის. 

ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია ამბობს, რომ ივანიშვილსა და მის გარემოცვას სურთ, "შეინარჩუნონ ის ჭაობი, რომელიც კატასტროფას უქადის ქვეყნის მომავალს", მიხეილ სააკაშვილის სურვილი კი 2012 წლამდე წარსულში დაბრუნებაა. ამიტომ, ევროპული საქართველო ამომრჩეველს ივანიშვილთან კოალიციის არშექმნასა და სააკაშვილის კანდიდატისთვის მხარის არდაჭერას ჰპირდება. 

დოკუმენტისთვის ხელი არ მოუწერიათ, თუმცა ის, რომ ქართულ ოცნებას კოალიციას არ შეუქმნიან, განაცხადეს ნაციონალური მოძრაობის ლიდერებმა, გირჩის ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ, ლელოს წევრმა, ლევან კობერიძემ, მოქალაქეების ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა, ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა. პრორუსული პარტია პატრიოტთა ალიანსი კი ამბობს, რომ "ოცნებას" კოალიციას იმ შემთხვევაში შეუქმნიან, თუ ბიძინა ივანიშვილი გუნდს შეცვლის.

კომენტარები