კორონავირუსი რუსეთში

რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრომ ექიმებს COVID-19-ზე საჯაროდ აზრის გამოთქმა აუკრძალა

რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრომ ექიმებსა და სამედიცინო დაწესებულებებს გაუგზავნა მითითება, რომლის თანახმადაც ახალ კორონავირუსთან დაკავშირებული ნებისმიერი კომენტარი წინასწარ წერილობით ან სატელეფონო კონსულტაციით უნდა შეთანხმდეს ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურთან. ოფიციალური წერილი გამოცემა მედუზამ მოიპოვა და მისი შინაარსი ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურმა დაადასტურა.

მედუზასთვის მიცემული უწყების ოფიციალური კომენტარის თანახმად, გადაწყვეტილების მიზეზი საზოგადოების ვირუსთან დაკავშირებით ინფორმირებულობის ეფექტურობის გაზრდაა.

"ამჟამად ინფორმაციული არხები კორონავირუსთან დაკავშირებით გადატვირთულია, მათ შორის ნაკლებად საჭირო ფაქტებით, მოსაზრებებითა და მონათესავე სპეციალობების ექსპერტების პროგნოზებით. COVID-19-ის გავრცელებისა და ინფიცირების პროფილაქტიკური ზომების შესახებ მოსახლეობის ინფორმირებულობის ეფექტურობის გაზრდისთვის მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, შტატგარეშე სპეციალისტებისა და სამინისტროს ქვეუწყებების ყურადღება მიგვეპყრო მასობრივ საინფორმაციო საშუალებებთან კოორდინირებული მუშაობის აუცილებლობაზე". – ამბობენ რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროში.

ბოლო პერიოდში რუსეთის ფედერაციაში კორონავირუსთან დაკავშირებული ეპიდმდგომარეობა გართულდა. 26 ოქტომბერს კურგანის ოთხი საავადმყოფოს ექიმებმა რუსეთის პრეზიდენტს წერილი მისწერეს და სთხოვეს კურგანის ოქლში გაეგზავნა სამხედრო ექიმები რეგიონში შექმნილი მძიმე ეპიდმდგომარეობის გამო. წერილის შესახებ ცნობილი გახდა BBC-ის რუსული სამსახურის საშუალებით. მომდევნო დღეს ჯანდაცვის სამინისტრომ კურგანის ოლქში სპეციალისტების ჯგუფი გაგზავნა.

27 ოქტომბერს ომსკში სასწრაფო დახმარების რამდენიმე ბრიგადა ჯანდაცვის სამინისტროს რეგიონალურ შენობასთან გამოცხადდა, ვინაიდან საავადმყოფოებში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებისთვის ადგილი აღარ იყო. 

პანდემიის დაწყების შემდეგ რუსეთში კორონავირუსის სულ 1 563 976 შემთხვევა გამოვლინდა, ინფექციისგან გარდაიცვალა 26 935 ადამიანი.

კომენტარები