კორონავირუსი საფრანგეთში

ემანუელ მაკრონმა საფრანგეთში მკაცრი, საყოველთაო კარანტინი გამოაცხადა

ემანუელ მაკრონი
AFP

პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა საფრანგეთში საყოველთაო კარანტინი გამოაცხადა, რომელიც ძალაში პარასკევიდან შევა და პირველ დეკემბრამდე გაგრძელდება.

ახალი რეგულაციების თანახმად, მოსახლეობას სახლიდან გასვლის უფლება მხოლოდ აუცილებელი პროდუქტების ყიდვისას, სამედიცინო დახმარების მიღებისას და ყოველდღიური ერთსაათიანი სავარჯიშო დროის გამოყენებისას ექნება.

კაფეები და რესტორნები დაიხურება. სუპერმარკეტები და აფთიაქები, რომლებიც აუცილებელ პროდუქციას ყიდიან – არა. სკოლები და ბაღები ჩვეულებრივ რეჟიმში გააგრძელებს ფუნქციონირებას. ადამიანებს, რომლებიც ვერ ახერხებენ დისტანციურად მუშაობას, სამსახურში სიარულის უფლება ექნებათ.

ყველა, ვინც სახლიდან გავა, გარეთ ყოფნის მიზეზის წერილობითი ახსნა-განმარტება დასჭირდება.

მაკრონმა აღნიშნა, რომ საკარანტინო ზომები შემსუბუქდება მას შემდეგ, რაც ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობა 5000-ს ჩამოსცდება. ამჟამად ახალი შემთხვევების რაოდენობა საშუალოდ 40 000-ია.

"თუ ორ კვირაში სიტუაცია კონტროლის ქვეშ იქნება, შევძლებ შევაფასოთ მდგომარეობა და გავხსნათ გარკვეული ბიზნესები, განსაკუთრებით შობის დღესასწაულისთვის. იმედი მაქვს, შობისა და ახალი წლის აღნიშვნას ოჯახებთან ერთად შევძლებთ". – თქვა მაკრონმა.

სამშაბათის მონაცემებით, 24 საათში ვირუსისგან 523 ადამიანი გარდაიცვალა, რაც აპრილის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. პანდემიის დაწყებიდან ქვეყანაში კორონავირუსის ინფექციისგან სულ 35 541 ადამიანი გარდაიცვალა.

კომენტარები