მთიანი ყარაბაღის რეგიონში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დაპირისპირება გრძელდება. აზერბაიჯანის მთავრობის ცნობით, რეგიონთან ახლოს მდებარე ქალაქ ბარდის დაბომბვას 21 ადამიანი ემსხვერპლა. ყარაბაღის თვითგამოცხადებული მთავრობა კი ამბობს, რომ აზერბაიჯანი აგრძელებს სტეფანაკერტის და ქალაქ შუშის (შუშა) დაბომბვას. სომხეთის ინფორმაციითით, სტეფანაკერტში დაიბობმა საავადმყოფო. დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ ცნობები არ გავრცელებულა.
წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტში ამბობენ, რომ ფრონტის ხაზის ორივე მხარეს იბომბება მჭიდროდ დასახლებული ტერიტორია. მათი თქმით, დაიღუპა მოხალისე აზერბაიჯანის წითელი ნახევარმთვარის ორგანიზაციიდან და დაშავდა კიდევ ორი თანამშრომელი.
სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა, რომ აზერბაიჯანმა აიღო სტრატეგიული მნიშვნელობის ქალაქი გუბადლი, რომელიც ირანის საზღვართან მდებარეობს.
რუსული მედიის ინფორმაციით, სომხეთის სოფელ ტეღთან, რომელიც ყველაზე ახლო პუნქტია ლაჩინის დერეფანთან, რუსეთის მცირე სამხედრო პოსტი აღიმართა, რომელიც რამდენიმე კარვისგან შედგება.
პოსტის არსებობა ოფიციალურად არ დაუდასტურებიათ რუსეთს და სომხეთს.
ირანის საზღვართან მდებარე ტერიტორიების დაკავების შემდეგ აზერბაიჯანი თავდასხმას სწორედ ლაჩინის მიმართულებით აგრძელებს. ეს დერეფანი აკავშირებს სომხეთს მთიანი ყარაბაღის რეგიონთან. სომხეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ ამ მიმართულებით აზერბაიჯანის თავდასხმა მოიგერიეს.
27 სექტემბერს კონფლიქტის დაწყების შემდეგ სომხეთმა და აზერბაიჯანმა ცეცხლის შეწყვეტის სამ შეთანხმებას მიაღწიეს, თუმცა არ შეუსრულებიათ. ბოლო შეთანხმება აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ძალაში 26 ოქტომბერს, ვაშინგტონში გამართული შეხვედრების შემდეგ შევიდა. შეთანხმების ძალაში შესვლიდან მალევე, მხარეებმა ერთმანეთი შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულეს.
ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, 29 ოქტომბერს ჟენევაში უნდა გაგრძელდეს მოლაპარაკებები, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები.