ტურიზმი და კორონავირუსი

თურნავა: Wizzair-ი აცხადებს, რომ დიდი ალბათობით, გაზაფხულზე ქუთაისში ბაზას აღადგენს

0 კომენტარი

ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას შეფასებით, "საავაციო კომპანიები ოპტიმისტურად აფასებენ მომავალში საქართველოში ფრენის პერსპექტივებს, ტურიზმის აღდგენის პერსპექტივებს". მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ მან აღნიშნა, რომ ეს მოხდება ეტაპობრივად და არა მყისიერად.

"მაგრამ ეს აძლევს საშუალებას მაგალითად Wizzair-ს, რომელსაც ყველანაირად შევუწყვეთ ხელი, 2016 წელს შემოვიყვანეთ და მერე გავაფართოეთ მისი ფრენები, Wizzair-ი ვარაუდობს, რომ მომავალი წლის გაზაფხულზე კვლავ აღადგენს საქართველოში ბაზას.

ეს ნიშნავს იმას, როგორც ადრე მოგახსენებდით, რომ ეს იყო დროებითი გადაწყვეტილება, გამოწვეული Covid-პანდემიით, ბევრ ქვეყანაში მოუწიათ საავიაციო კომპანიებს და Wizzair-ს თავისი ბაზების შემცირება ან ფრენების შეწყვეტა, მაგრამ ახლა ხედავს რა პოზიტიურ ტრაექტორიას ჩვენი ეკონომიკის განვითარების, აცხადებს, რომ გაზაფხულზე დიდი ალბათობით, ბაზა აღდგება". - თქვა თურნავამ.

უნგრულმა ავიაკომპანია Wizzair-მა 1-ელ ივლისს დაადასტურა, რომ ქუთაისის აეროპორტში ბაზას განუსაზღვრელი დროით დახურავს. ავიაკომპანიამ საქართველოდან რეისების უმეტესობა (ბერლინი, პრაღა, ტალინი, მემინგენი, თესალონიკი, ბოლონია, რომი, მილანი, გდანსკი, კრაკოვი, კატოვიცე, პოზნანი, ვროცლავი, ვენა, ლარნაკა ) 2021 წლის აპრილ- მაისამდე გადადო. იქამდე კი, ქუთაისიდან არაერთი დაანონსებული თუ მოქმედი ფრენა (პარიზი, ბრიუსელი, ეინდჰოვენი, სტოკჰოლმი, კოპენჰაგენი, ბარი, ბაზელი, კიოლნი, ფრანკფურტი, ნიცა, ჰამბურგი, კარლსრუე/ბადენ-ბადენი, ჰერაკლიონი, ნეაპოლი, ნიურნბერგი, პიზა, ვენეცია, ტურკუ) საერთოდ გააუქმა. ავიაკომპანიამ გაზაფხულამდე მხოლოდ ვარშავის, დორტმუნდის, რიგის, ვილნიუსის, ათენის, ბუდაპეშტის და აბუ-დაბის მიმართულებები დატოვა, თუმცა ჯერჯერობით რეისები მხოლოდ რიგაში, ოქტომბრის თვეში შესრულდა. 

დაბალბიუჯეტიან კომპანიებს - Wizzair-ს და Ryanair-ს ხელისუფლება ფრენის ნებართვას 7 თვის განმავლობაში არ აძლევდა, რადგან ეკონომიკის მინისტრის თქმით, დაბალბიუჯეტიან კომპანიებს კვირაში ერთი და ორი ფრენა არ აწყობთ". ნათია თურნავა ამბობდა, რომ Wizzair-ს და Ryanair-ს ათზე მეტ მიმართულებაზე სურდათ ფრენა, რისთვისაც, მისი აზრით, საქართველო და მსოფლიო მზად არ იყო.

საქართველო დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიებისთვის ფრენის უფლების მისაცემად მზად მხოლოდ მას შემდეგ აღმოჩნდა, რაც ქვეყანაში ინფიცირების დღიურმა მაჩვენებელმა 1000-ს გადააჭარბა, ხოლო იმ ქვეყნების უმეტესობამ, სადაც საქართველოს მოქალაქეს უპირობოდ შეეძლო შესვლა, კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, "არააუცილებელი მიზნით" მოგზაურ საქართველოს მოქალაქეებს საზღვრები ჩაუკეტა. კერძოდ, გერმანია საქართველოს მოქალაქეს ტურისტულად აღარ უშვებს. ლატვია და ლიტვა - თვითიზოლაციას ითხოვს. პოლონეთში საქართველოდან რეგულარული ფრენები კი, ჯერჯერობით აკრძალულია.

Wizzair-ი ნოემბერში სამი ქალაქის - რიგის, ვილნიუსის და დორტმუნდის მიმართულებებით აპირებს რეისების შესრულებას. Ryanair-ს საქართველოს მთავრობამ მილანი-თბილისის საჰაერო ხაზზე მისცა ფრენის ნებართვა, თუმცა, ამ დრომდე უცნობია, გამოიყენებს თუ არა ირლანდიური ავიაკომპანია ამ უფლებას.

საქართველოს მთავრობამ ფრენების დამატების გარდა, სავალდებულო კარანტინის PCR ტესტის სანაცვლოდ მოხსნის გადაწყვეტილება მიიღო. მაშინ, როცა ქვეყანაში ინფიცირების ერთეული ახალი შემთხვევები იყო, საქართველოს ყველა მოქალაქეს 14-დღიანი კარანტინი უნდა გაევლო. ასევე, სავალდებულო კარანტინი ეხებოდა ყველას, გერმანიის, საფრანგეთის, ლიტვის, ლატვიის და ესტონეთის მოქალაქეების/მუდმივი რეზიდენტების გარდა. ამ უკანასკნელებს კი, კარანტინი მხოლოდ იმ შემთხვევაში არ მოუწევდათ, თუ ამ ხუთი ქვეყნიდან საქართველოში პირდაპირი რეისით შემოვიდოდნენ.

21 ნოემბრიდან, საქართველოს მოქალაქეები PCR ტესტის წარდგენის სანაცვლოდ 12-დღიან თვითიზოლაციაში უნდა გადავიდნენ. რაც შეეხება სხვა ქვეყნის მოქალაქეებს, მათთან მიმართებით საქართველოს მთავრობა "ორმხრივ რეჟიმში" მუშაობს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ყოფილი ცოლის ცემისთვის ბათუმში 29 წლის კაცი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები