ტერორისტული აქტი ზუგდიდში

შსს: ბადრი ესებუას გადაადგილების ამსახველი მასალა 6 ოქტომბერს არის გადაღებული

შსს

შინაგან საქმეთა სამინისტრო მედიის მიერ გავრცელებულ კადრებთან დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებს. კადრებში ასახულია, როგორ გადაადგილდება ქუჩაში ბადრი ესებუა, რომელიც, შსს-ს ცნობით, ზუგდიდში საქართველოს ბანკს დაესხა თავს. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კადრები არა თავდასხმის შემდეგ, არამედ 2020 წლის 6 ოქტომბერს არის გადაღებული.

"გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ მართებული ინფორმაცია მედიასაშუალებებში გავრცელებულ, ბადრი ესებუას გადაადგილების ამსახველ ფოტო- და ვიდეომასალასთან დაკავშირებით.

21 ოქტომბერს, ზუგდიდში, საქართველოს ბანკის ფილიალზე მომხდარ თავდასხმაში პოლიციის მიერ იდენტიფიცირებული პირის - ბადრი ესებუას გადაადგილების შესახებ რამდენიმე ტელევიზიის მიერ საზოგადოებისთვის მიზანმიმართულად მიწოდებულ იქნა არასწორი ინფორმაცია.

ფოტო- და ვიდეომასალა სხვადასხვა ობიექტზე განთავსებული ვიდეომონიტორინგის მოწყობილობების მიერ გადაღებულია მიმდინარე წლის 6 ოქტომბერს და არა 27 ოქტომბერს, ასევე, გასაჯაროებული მასალა გადაღებულია სამეგრელოს რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტში და არა ზუგდიდში, როგორც ეს მედიასაშუალებებმა გაავრცელეს.

თავდასხმაში იდენტიფიცირებული პირის - ბადრი ესებუას ზუგდიდის ქუჩებში თითქოს თავისუფლად გადაადგილება და ამ ინფორმაციის მიზანმიმართული გაყალბება ემსახურება საზოგადოების სიცრუეში შეყვანას და სამართალდამცველი უწყებების დისკრედიტაციას.

1988 წელს დაბადებული ბადრი ესებუას ადგილსამყოფელის დადგენისა და დაკავების მიზნით, პოლიცია სპეციალურ ოპერატიულ, საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებებს აქტიურ რეჟიმში განაგრძობს". - წერია განცახდებაში.

მიუხედავად იმისა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბადრი ესებუა ზუგდიდში თავდასხმის ღამესვე იყო იდენტიფიცირებული, ის დაკავებული ამ დრომდე არ არის. მინისტრის მოადგილე, ვლადიმერ ბორცვაძე უარყოფს, რომ დამნაშავე დააკავეს და ის გაიქცა.

25 ოქტომბერს შსს-მ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, მათ დამნაშავე იდენტიფიცირებული ჰყავდათ და მედიას მოუწოდებდნენ, გაგების შემთხვევაში, არ გაემხილათ მისი ვინაობა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 323-ე, 236-ე და 329-ე მუხლებით გრძელდება, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

შეიარაღებული ტერორისტი საქართველოს ბანკის ფილიალში 21 ოქტომბერს, დღისით შეიჭრა. მან ბანკის თანამშრომლები და ადგილზე მყოფი მოქალაქეები მძევლებად აიყვანა.

მოგვიანებით ერთერთი მძევალი, ირაკლი კვარაცხელია, დამნაშავის დავალებით, მედიას დაუკავშირდა. კვარაცხელიამ თქვა, რომ ოთახში, რომელშიც თავდამსხმელთან ერთად იმყოფებოდა, 19 მძევალი იყო. კვარაცხელია ასევე ჰყვებოდა, რომ თავდამსხმელი იყო "კბილებამდე შეიარაღებული" - მას ავტომატი, პისტოლეტი და ყუმბარა ჰქონდა, რომელსაც დამცველი მოხსნა და მუდმივად ხელში ეჭირა.

თავდამსხმელი ოითხოვდა, რომ სამართალდამცავებს მისთვის $500 000 გადაეცათ, ასევე, უზრუნველეყოთ მისი გადაადგილება ვერტმფრენით ან მანქანით, მძევლებთან ერთად.

დაახლოებით, 22:00 საათზე, თავდამსხმელმა საქართველოს ბანკის მიმდებარე ტერიტორია დატოვა სამ მძევალთან ერთად – მათ შორის ერთერთი იყო შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, ავთანდილ გალდავა. სხვა მძევლები გათავისუფლდნენ.

აქედან რამდენიმე საათის შემდეგ თავდამსხმელმა მასთან ერთად მყოფი სამი მძევალი გაათავისუფლა, თვითონ კი გაიქცა.

კომენტარები